ბრძოლაში მარცხი რეკორდსმენ-ფავორიტთან

0
4

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ მატჩში, ტურნირის რეკორდსმენ და ფავორიტ ახალ ზელანდიას დიდი ბრძოლა გაუმართა, თუმცა მატჩი 13:45 დათმო.

ტურნირის დაარსების დღიდან, ანუ 2008 წლიდან დღემდე თასი ყველაზე მეტჯერ  ‘ჯუნიორ ოლ ბლექსმა’ შემართა – 6-ჯერ უახლოეს მდევარ ინგლისს სამით უსწრებს. ახალი ზელანდიის 20-წლამდელთა ნაკრებს პირველად 2016 წელს, სადებიუტო მატჩში შევხვდით და მაშინ მეტოქემ 55:0 იმარჯვა, ამჯერად კი სხვაობა თითქმის განახევრდა.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც გუნდმა სრული შემადგენლობით ითამაშა და დიდი ხნის განმავლობაში მრისხანე მეტოქეს მცირედით ჩამორჩებოდა, მაგრამ ეს სხვაობა დასკვნით წუთებში, კონტრშეტევებისას გაიზარდა.

საქართველოს ნაკრებმა თამაში თამამად დაიწყო, მეტოქე ზედიზედ ორჯერ დააჯარიმა და მე-7 წუთზე თედო აბჟანდაძემ ანგარიში გახსნა. მალე მეტოქე მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დარჩა, მაგრამ ჩვენივე შეცდომებით ისარგებლა და 12:3 დაწინაურდა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა წნეხი გაზარდეს და 12-ფაზიანი შეტევის შემდეგ ახალი ზელანდია ლელოს ძლივს გადაურჩა, თუმცა მალევე აბჟანდაძემ ჯარიმა 3 ქულად აქცია.

36-ე წუთზე ახალმა ზელანდიამ მესამე ლელო გაიტანა. უმცროს ბორჯღალოსნებს პასუხის გაცემის დიდი შანსი ჰქონდა, თემურ ჭიჭინაძემ ხაზი გაჭრა და ფრთაზე დემე თაფლაძე გაიქცა, მაგრამ ის ბოლო მომენტში აუტში გადაიყვანეს.

მეორე ტაიმი საქართველომ მოტივირებულმა დაიწყო, ჯარიმები კარში აღარ დაარტყა, 43-ე წუთზე დერეფნიდან კარგი მოლი დააყენა, რომელსაც სამკაციანი ჯგუფი მოწყდა და ვახტანგ ჯინჭარაძემ ლელო დაამიწა, აბჟანდაძემ კი გარდასახა – 19:13.

უმცროს ბორჯღალოსნებს შეტევაში მცდელობა არ დაუკლია, თუმცა უმეტესად კონტრშეტევებზე ლელოები თავად გაუშვა და ახალმა ზელანდიამ 45:13 იმარჯვა. ილია მაისურაძის შეგირდები მომდევნო შეხვედრას 8 ივნისს სამხრეთ აფრიკასთან გამართავენ, რომელმაც პირველ ტურში შოტლანდია 43:19 დაამარცხა.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი
G ჯგუფი
4 ივნისი. ტური
სამხრეთ აფრიკა – შოტლანდია 43:19
ახალი ზელანდია – საქართველო 45:13
საქართველო: 15. თემურ ჭიჭინაძე, 14. ზურა ქავთარაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. გივი ცინცაძე, 11. კოტე მარჯანიშვილი, 10. თედო აბჟანდაძე (კაპ.), 9. მიხეილ ალანია;
1. ნიკა ღვალაძე, 2. ლუკა ნიორაძე, 3. ლუკა აზარიაშვილი, 4. ვახტანგ ჯინჭარაძე, 5. ლუკა გელაშვილი, 6. იოსებ გუშარაშვილი, 7. კობა კოლოტაური, 8. ბექა ყორიაული.
მარქაფა: 16. ვანო კარკაძე, 17. ზაურ თევდორაშვილი, 18. გია ხარაიშვილი, 19. იოანე იაშაღაშვილი, 20. ტატო გვიმრაძე, 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. სანდრო მარგიანი, 23. ლაშა ლომიძე, 24. ირაკლი სიმსივე, 25. ოთარ ლაშხი, 26. პაატა ბურჭულაძე, 27. დაჩი პაპუნაშვილი, 28. ლუკა ჭელიძე.

1 ლელო: ჯინჭარაძე
1 გარდასახვა: აბჟანდაძე
2 ჯარიმა: აბჟანდაძე
მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე
მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი

8 ივნისი
სამხრეთ აფრიკა – საქართველო (17:30)
ახალი ზელანდია – შოტლანდია (22:30)
12 ივნისი
საქართველო – შოტლანდია (17:30)
სამხრეთ აფრიკა – ახალი ზელანდია (22:30)