მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მომდევნო ორი გათამაშება ყატარში ჩატარდება

0
5

ფიფამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მომდევნო ორ ფინალურ ეტაპს ყატარი უმასპინძლებს. ეს ქვეყანა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ემზადება და ამასთან დაკავშირებით სამუშაოები არაერთი კუთხით მიმდინარეობს. ფიფამ ყატარელთაგან პირობა მიიღო, რომ ზამთრამდე ყველაფერი იმ ეტაპამდე მივა, რაც საკლუბო ჩემპიონატის ჩასატარებლად აუცილებელი იქნება.

საგულისხმოა ისიც, რომ ყატარი, ახლომდებარე ქვეყნებმა პრაქტიკულად ეკონომიკურ ბლოკადაში მოაქციეს და მასთან პოლიტიკური, სავაჭრო და სატრანსპორტო კავშირი გაწყვიტეს. საუდის არაბეთი, ბაჰრეინი და არაბთა გაერთიანებული საემიროები ყატარს ტერორიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ.

აღნიშნულ საკითხზე ყატარული მხარე კომენტარს არ აკეთებს და მსოფლიო ჩემპიონატისა და ამიერიდან უკვე საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის გეგმის მიხედვით ემზადება.

ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი წლეულს 11-დან 22 დეკემბრამდე გაგრძელდება. ტურნირზე მონაწილეობას შვიდი გუნდი მიიღებს, რომელთაგანაც 5 უკვე ცნობილია – „ლივერპული“, მექსიკური „მონტერეი“, ტუნისული „ესპერანსი“, ყატარული „ალ სადი“ და კალედონიური „ჰიენგენ სპორტი“.