ეროვნული ნაკრები მატჩებისთვის 22 ფეხბურთელით ემზადება

0
11

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მზადების ფარლგებში კიდევ ორი ფეხბურთელი შეუერთდა. შვედური გეტებორგის ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ხარაიშვილმა, ნაკრებთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. ბათუმის დინამოს წევრი გიორგი ნავალოვსკი, საკლუბო მატჩის ,შემდეგ დღეიდან უკვე ეროვნულ ნაკრებთანაა, თუმცა ფეხბურთელს სავარჯიშო პროცესში მონაწილეობა არ მიუღია. ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე სოლომონ კვერკველია მატჩებისთვის კვლავ ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.ვლადიმირ ვაისის მიერ უახლოესი ორი მატჩისთვის გამოძახაბული კიდევ ოთხი ფეხბურთელი გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), გიორგი პაპუნაშვილი ( სარაგოსა, ესპანეთი) და ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია) ნაკრებს 4 ივნისს შეუერთდება.

ნიკა კვეკვესკირი: ამ შეხვედრებს მთელი გუნდი მოუთმენლად ველოდებით. გასულ ორ შეხვედრაში ნაჩვენებმა შედეგმა გარკვეული დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გააჩინა როგორც ფეხბურთელებში, ისე გულშემატკივრებში. ვფიქრობთ, რომ უფრო მეტი შეგვიძლია და გულშემატკივარი მეტს იმსახურებს, აქედან გამომდინარე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ თვალში რეაბილიტირება მოვახდინოთ.
სამწუხაროდ, უკვე ტრადიციად გვექცა, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო ნაკრების ლიდერები გუნდის დახმარებას ვერ ახერხებენ. გარკვეულწილად ეს დადებითი მომენტია, რადგან რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს შანსი მიეცემა, რომ ეროვნული ნაკრების სახელით ითამაშოს. ხვიჩა კვარაცხელიას სახით მიმდინარე შეკრებაზე დებიუტანტი გვყავს და მთელი გუნდის სახელით მას წარმატებას ვუსურვებ.
მომავალ შეხვედრებში ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ გუნდებს დავუპირისპირდებით. დანიის სახით ჩვენი მეტოქე ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტია, გიბრალტარი კი საპირისპირო. ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგე, რომელსაც თბილისში შევხვდებით პროგრესირებს და საკუთარი ფეხბურთის თამაშს ცდილობს. კარგია, რომ გიბრალტარი დაცვით ფეხბურთს არ თამაშობს, ეს ჩვენი ნაკრებისთვის ხელსაყრელი მდგომარეობაა, რადგან უპირატესობას გახსნილ და შემტევ თამაშს ვანიჭებთ. სამწუხაროდ, ასეთი ფეხბურთი გასულ ორ შეხვედრაში ვერ ვაჩვენეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ,მომავალ მატჩებში გულშემატკივარი განსხვავებულ საქართველოს ნაკრებს იხილავს.

გიორგი ხარაიშვილი: ჩემთვის ეროვნულ ნაკრებში გამოძახება ყოველთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. გუნდი მომავალი თამაშებისთვის კარგად ემზადება, თუმცა ჯერ სრული შემადგენლობით არ შევკრებილვართ. პირველი თამაშისთვის მოსამზადებლად ბევრი დრო არ დაგვრჩა, მაგრამ ჩემი აზრით, შევძლებთ, რომ მოახლოებულ შეხვედრებს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ.