20 წლამდელ ბორჯღალოსანთა რაზმი არგენტინაში გასამართი ჩემპიონატისთვის

0
7

უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, 4-22 ივნისს არგენტინაში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის 28-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
უმცროსი ბორჯღალოსნები 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხედ ითამაშებენ. პირველ ორ წელს მათ თითო-თითო, მეოთხე თამაში მოიგეს (2016წელს იტალიასთან 18:17 და 2017 წელს არგენტინასთან 26:25), შარშან კი ზედიზედ სამ მეტოქეს სძლიეს (ირლანდიასთან 24:20, იაპონიასთან 24:22 და შოტლანდიასთან 39:31) და ჯამში სარეკორდო, მე-9 ადგილი დაიკავეს.

წელს არგენტინაში G ჯგუფში, ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკისა და შოტლანდიის ნაკრებებთან ვითამაშებთ, იქ დაკავებული ადგილის მიხედვით კი გაირკვევა, საბოლოოდ რომელი პოზიციისთვის გააგრძელებენ ბრძოლას უმცროსი ბორჯღალოსნები. პროგრამა მინიმუმი ახლაც 12 უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებაა, თუმცა ბიჭები შარშანდელი შედეგის გაუმჯობესებასაც ეცდებიან.

22 ადგილობრივი და 6 ლეგიონერი
მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელთა შემადგენლობაში 15 მორკინალი და 13 ხაზის მოთამაშეა. მათგან ექვსი, პირველხაზელი და ლეგიონერია. ქართული კლუბებიდან ამ ხაზში მხოლოდ ‘ჯიქის’ კვაჭი ლუკა ნიორაძე მოხვდა. საგულისხმოა, რომ რამდენიმე მოთამაშეს ფრანგულ კლუბებთან უკვე გაფორმებული აქვს კონტრაქტი და ისინი ახალ გუნდებს 20-წლამდელთა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შეუერთდებიან.

ყველაზე მეტი, 5 მოთამაშით ლელო სარასენსია წარმოდგენილი, 20-წლამდელებში 4 მორაგბე ყავს არმაზს, 3-3 ჯიქს და აიას, 2-2 არმიას და ხარებს, ხოლო თითო-თითო ხვამლს, ყოჩებს და აკადემიას. არგენტინაში წამსვლელ მორაგბეთაგან ორს, თედო აბჟანდაძეს და ვანო კარკაძეს, ზურგს ბორჯღალოსანთა რიგებში თამაშის გამოცდილება უმაგრებს. მნიშვნელოვანია, რომ აბჟანდაძისთვის ეს 20-წლამდელთა მესამე ჩემპიონატია.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე ამბობს, რომ გუნდი ყველა მატჩში ბოლომდე იბრძოლებს და შემადგენლობასთან დაკავშირებით ამბობს:
„სამწუხაროდ, რამდენიმე ბიჭი ტრავმის გამო მოვისაკლისეთ, გიორგი ახალაძე კი დისკვალიფიცირებულია. შემადგენლობაში არ გვყავს მაღალი, მხტომელი ბიჭები და დერეფანში ლიმიტირებულები ვიქნებით. სამაგიეროდ ძლიერები უნდა ვიყოთ კონტაქტის ზონაში, ღია თამაშში და არავისთვის ვიქნებით საჩუქარი. გულშემატკივარს ვპირდები, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრძოლა ყველა თამაშში ბოლო წუთამდე გაგრძელდება“.

უმცროსი ბორჯღალოსნები არგენტინაში 25 მაისს მიემგზავრებიან და პირველ მატჩს 4 ივნისს, საქართველოს დროით 20 საათზე ახალ ზელანდიასთან სანტაფეში გამართავენ. ამის შემდეგ ისინი როსარიოში გადაინაცვლებენ და ჩვენი დროით 17:30 საათზე, 8 და 12 ივნისს, შესაბამისად სამხრეთ აფრიკასა და შოტლანდიას შეხვდებიან. ნახევარფინალური თამაშები 17, ხოლო ფინალური 22 ივნისს ჩატარდება.

მსოფლიო ჩემპიონატზე უმცროსი ბორჯღალოსნების ყველა მატჩს საქართველოში ტელეკომპანია რაგბი თივი ანახებს.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მიემგზავრებიან
შერკინება:
ნიკა ღვალაძე (გრენობლი, 1), ლუკა ჭელიძე(ტულონი, 1), ვანო კარკაძე (ორიაკი, 2), ლუკა ნიორაძე (ჯიქი,2), გია ხარაიშვილი (რასინგ92, 1-3),ზაურ თევდორაშვილი (ანგულემი, 3), ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე, 3), ლუკა გელაშვილი (არმია, 4-5), ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი, 4-5), ტატო გვიმრაძე (ხვამლი, 4-5), პაატა ბურჭულაძე (ხარები, 6-7), ბექა ყორიაული (ლელო,6-7), კობა კოლოტაური (ლელო, 6-7), იოსებ გუშარაშვილი (ყოჩები, 6-7-8), იოანე იაშაღაშვილი (არმაზი, 6-7-8);
ხაზი
მიხეილ ალანია (არმაზი, 9), გიორგი მარგალიტაძე (ლელო, 9), თედო აბჟანდაძე (აია, (კაპ) 10), სანდრო მარგიანი (აკადემია,10), ლაშა ლომიძე (აია,12), ირაკლი სიმსივე (აია,12-13), გივი ცინცაძე (არმაზი,10-12), დემურ თაფლაძე (ლელო,13-14), ოთარ ლაშხი (ლელო,11-14), ზურა  ქავთარაძე (ხარები,11-14), კოტე მარჯანიშვილი (არმაზი,11-14), დაჩი პაპუნაშვილი (არმია,10-15), თემურ ჭიჭინაძე (ჯიქი,11-15).
მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე
მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი
მენეჯერი: ოთარ იაშვილი
ფიზ. მომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, ნიკოლოზ პინაიშვილი
ფიზიო: რომან სახოკია, ბენჟამინ მოადაბ, ირაკლი შაორშაძე
ექიმი: ოდისეი სადოევი
ვიდეო: ვლადიმერ კუპრეიშვილი
ჯიპიეს: შავლეგ მახარაშვილი