გოგა ბითაძე – მერვე ადგილი სადრაფტო რეიტინგში

0
2

პოპულარულმა ვებგვერდმა Bleacher Report NBA-ს 2019 წლის დრაფტის წინ კალათბურთელთა რეიტინგი განაახლა და 19 წლის ქართველ ტალანტ გოგა ბითაძეს მერვე რეიტინგი მიუჩინა. ეს, უმაღლესი პოზიციაა, რაც კი ჩვენებურს წინასადრაფტო პერიოდში, რომელიმე გამოცემისგან მიუღია.
აი, რას წერს Bleacher Report გოგას შესახებ:
“ევროლიგის ამომავალ ვარსკვლავად აღიარებული გოგა ბითაძე ამჟამად სერბულ ლიგაში ბრწყინავს, სადაც “მეგა ბიმაქსში” დაბრუნების შემდეგ ჩატარებულ ხუთ მატჩში საშუალოდ 19.8 ქულა და 8.8 მოხსნა აქვს.
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მან 16-დან 7 სამქულიანი ჩააგდო და ამ მხრივ მაჩვენებელი 39.5%-მდე აიყვანა.
ბითაძე ფარქვეშიდან დამაჯერებლად უტევს და ტყორცნის არეალიც გააფართოვა, ამასთან, მიმდინარე სეზონში საშუალოდ 1.9 დაფარებას აგროვებს.
გოგა დაცვაში სწრაფად ვერ გადაადგილდება, თუმცა, ფარქვეშ თავს კარგად იცავს და შეტევაშიც პროგრესი აქვს, რაც 19 წლის კალათბურთელისთვის დიდი პლუსია”.
შეგახსენებთ, რომ NBA-ს მომავალი დრაფტი 20 ივნისს ნიუ იორკში, კერძოდ კი, ბრუკლინის “ბარკლაი სენთერში” გაიმართება და ბოლოდროინდელი ტენდენციიდან გამომომდინარე, ბითაძეს პირველ რაუნდში ანუ საუკეთესო 30 კალათბურთელს შორის არჩევა გარანტირებული აქვს.