ლევან კობიაშვილი: “ამ ადამიანების ფეხბურთი დასრულებულია”

0
10

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის განცხადებით, ჩაწყობილ თამაშებში მონაწილე ნებისმიერი ფეხბურთელი უმკაცრესად დაისჯება და ყველაფერს გააკეთებს, რათა ისინი მოედანს არასოდეს დაუბრუნდნენ.

ლევან კობიაშვილი: “სამწუხაროდ მიწევს ისეთ მტკივნეულ თემებზე საუბარი, რომლებიც ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის მიუღებელია. ფეხბურთის ფედერაცია და უამრავი სხვა ადამიანი არ შევეგუებით საქციელს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ. საქციელს, რომელიც არა მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებებს აზიანებს და არამედ, აზიანებს ქართულ ფეხბურთს და ჩვენს ქვეყანას.

ჩემი მოსვლის პირველი დღიდან ვებრძვით ასე ფაქტებს და მომავალშიც გავაგრძელებთ ამ ბრძოლას. არცერთ ადამიანს არ შერჩება – ვინც თავის თავს აძლევს უფლებას, ამხელა ზიანი მიაყენოს არა მხოლოდ თავის თავს და კლუბს, არამედ, ქართულ ფეხბურთს, ყველა ადამიანს ვინც მუშაობს ქართული ფეხბურთისა და ჩვენი ქვეყნისთვის. უამრავი ადამიანია, რომლებიც ყოველდღიურად შრომობენ, რათა ქართული ფეხბურთისთვის რაიმე პოზიტიური გააკეთოს.
ჩემთვის მიუღებელმა ამ ფეხბურთელებმა ყველაფერს ხაზი გადაუსვეს, ყველაფერს ფასი ეკარგება მათი ამ საშინელი ქმედებით. მიუხედავად იმისა, პროცესი როგორ გაგრძელდება, ნამდვილად არ ვაპირებ გავაკეთო კომენტარი, რომ დაველოდებით გამოძიებას. ჩემთვის გამოძიება დაწყებულია და დასრულებულია. ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს ამ საკითხზე და მიიღებს უმკაცრეს გადაწყვეტილებას როგორც ფეხბურთელების, ასევე, არ გამოვრიცხავ კლუბების მიმართ.
რატომ კლუბები? ეს მარტო ფეხბურთის ფედერაციის და ჩემი პრობლემა არაა, ყველა უნდა ვიყოთ გაერთიანებული, მათ შორის კლუბებიც და მათი ხელმძღვანელებიც. ეს საკითხი რაზეც ახლაა საუბარი, მანამდეც იყო. გუშინ რომ დაიწყეს ზოგიერთმა სააგენტოებმა ძველი თამაშების კადრების მოძიება, ზუსტად მაშინ შევხდით კლუბის ხელმძღვანელებს და იმ კითხვის ნიშნების შესახებ რაც გაგვაჩნდა „ვიტ ჯორჯიას“ „რუსთავთან“ 2:3 წაგების შემდეგ, „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელების ქმედების მიმართ ვისაუბრეთ. მეორე გუნდის ქმედებასთან კითხვის ნიშნები არ მაქვს.
არცერთი თამაში გამოგვიტოვებია ფედერაციის ხელმძღვანელებს დ უამრავ სხვა ადამიანებს დაწყებული ეროვნული ლიგიდან დამთავრებული ქვედა ლიგებით. თუმცა, ჩვენ გჭირდება მხარდაჭერა, რომ ასეთი სიბინძურე და საშინელება რაც ვიხილეთ, აღარ განმეორდეს. ვაფრთხილებ ყველას მსგავსი რამ არავინ გაბედოს. ჩვენთვის ამ ადამიანების ფეხბურთი დასრულებულია.

შესაძლოა არ მაქვს ამის თქმის უფლება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ მიუხედავად იმისა რა გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი, რომ მათ ფეხბურთი ვერ ითამაშონ. ჩემი მხრიდან რის შესაძლებლობაც მექნება ყველაფერს გავაკეთებ სადისციპლინოსთან ერთად. მინდა ხაზი გავუსვა იმ გამოხმაურებებს, როდესაც საუბრობენ ამ კლუბში ფინანსური პრობლემების შესახებ. ეს ტყუილია.

სამწუხაროდ, ზოგიერთი სააგენტო ცდილობს მომხდარი ფაქტი გადაფარონ იმით, რომ ამ კლუბში ფეხბურთელების მიმართ დავალიანება იყო. გეტყვით, რომ კლუბს ბოლო ორი კვირის ხელფასი არ ჰქონდა გაცემული. ორი კვირის კი არა, ორი წლის და საერთოდ რომ ჰქონდეს არანაირი ხელფასი, ამ ფეხბურთელებმა რაც ჩაიდინეს, არანაირი გამართლება არ აქვს. მოვუწოდებ ყველას, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს, რომ მნიშვნელოვანია ისეთი „მესიჯები“ გავაშუქოთ, რომლებიც ამ ადამიანებს ქმედებას ხელს კი არ უწყობს, არამედ, მათ წინააღმდეგაა.

ჩემი მოსვლის პირველი დღიდან გთხოვთ, რომ ერთმანეთს გვერდით დავუდგეთ და ან ყველაფერს ვებრძოლოთ. რას ვეუბნებით ადამიანებს, რომლებიც დღე და ღამე მუშაობენ, რომ ფეხბურთში რაღაც პოზიტივი შექმნან. რას ვეუბნებით ბავშვებს, რომლებიც საქართველოში ათიათასობით არიან და ოცნებობენ ფეხბურთელები გახდნენ. ეს ადამიანები ყველაფერს ხაზს უსვამენ.

არ გაბედოს არავინ ამ ფეხბურთელების დაცვა. ყველას დავუპირისპირდები, ვინც უნდა იყოს. ეს ადამიანები იმის ღირსი არიან, რასაც მიიღებენ. ფეხბურთის ფედერაციას ექნება პასუხი როგორც ჰქონდა პირველი დღიდან. ჩვენ არაერთხელ გასულ წელსაც კლუბებისა და ფეხბურთელების მიმართ გამოგვიტანია გადაწყვეტილება.

სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომლებიც ხელს ჩვენკენ იშვერდნენ, რომ საკმარისი მტკიცებულება არ გვქონდა. ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობაა, რომ ის ფეხბურთელები რომელთა მიმართ გადაწყვეტილება გვქონდა გამოტანილი, კლუბებს აჰყავდათ და ათამაშებდნენ. მათ შორის ამ კლუბთანაც გვაქვს კითხვები. მათთან პირადად მქონდა კომუნიკაცია კონკრეტული ერთი ფეხბურთელის მიმართ და გითხარით კიდეც, რომელი თამაშის შემდეგ.

მესმის კომენტარები, რომ თურმე პრობლემები აქვთ ფეხბურთელებს და თურმე ხელფასს არ იღებენ. ეს ფეხბურთელები იცით სად თამაშობდნენ წლების განმავლობაში? მცხეთაში, ბეტონის მოედანზე. დღეს თამაშობენ კარგ მოედანზე. 1000 მაყურებლის წინაშე არ უთამაშიათ…

ეს არაა დასასრული. გარწმუნებთ, ძალიან მალე სადისციპლინო კომიტეტზე, სხვა ფეხბურთელების და არ გამოვრიცხავ სხვა კლუბების სახელები აღმოჩნდეს, ხაზს ვუსვამ, ჩვენი მოკვლევით. მინდა ასევე ყველა გავაფრთხილო – არ გაბედონ მსგავსი რამ. ილოცონ, რომ იქ თავიანთი გვარები არ აღმოაჩინონ”.