“რეალი” სალაჰის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებას დაიწყებს

0
13

მადრიდის “რეალი” ზაფხულში რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერის გაჩარხვას გეგმავს. Canal+-ის ინფორმაციით ზინედინ ზიდანმა კლუბის ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ შეტევის გაძლიერება სურს და აზარის გარდა კიდევ ერთი სუპერვარსკლავითაა დაინტერესებული.

როგორც ირკვევა საქმე მოჰამედ სალაჰს ეხება. ფრანგი სპეციალისტი ეგვიპტელის თამაშით მოხიბლულია და დარწმუნებულია, რომ მისი ტრანსფერი “სამეფო კლუბს” წარმატების მიღწევაში დაეხმარება. “ზიზუს” სჯერა, რომ სალაჰი “ლოს ბლანკოსს” სისწრაფეს შემატებს და მისი წყალობით გუნდის თამაშში მეტი დინამიკა იქნება.

მოჰამედის “რეალში” გადასვლის შესახებ ადრეც იწერებოდა, თუმცა ფაქტია “ლივერპული” 26 წლის ფეხბურთელს უბრძოლველად არ შეელევა. სალაჰი “მერსისაიდელთა” ერთ-ერთი ლიდერია და “წითლების” დასაყოლიებლად მადრიდელებს დიდი ძალისხმევის გაღება მოუწევთ.

Canal+-ის ცნობით თუ “სანტიაგო ბერნაბეუს” ბინადრებს “ლივერპულთან” მოლაპარაკებისას ხელი მოეცარათ, სხვა შემტევის გაფორმებას შეეცდებიან. ერთ-ერთ ვარიანტად “ლილის” ამომავალი ვარსკლავი, ნიკოლას პეპე განიხილება.