“ანორთოსისმა” თემურ ქეცბაია წარადგინა

0
7

კვიპროსის ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ თემურ ქეცბაია მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად წარადგინა.
ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია ქალაქ ლარნაკაში სასტუმრო „რედისონში” გაიმართა, სადაც ასევე 2019-2020 წლების სეზონში „ანორთოსისის” მატჩებზე დასასწრები აბონემენტებიც დარიგდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსთავკაცი ფამაგუსტელებს ათწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდება. მან კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე გააფორმა.
51 წლის ქეცბაია „ანორთოსისში“ 2004-2009 წლებში მუშაობდა – ჯერ მოთამაშე-მწვრთნელი იყო, ხოლო შემდეგ –  მთავარი მწვრთნელი. ის პირველი მწვრთნელი აღმოჩნდა, რომელმაც კვიპროსული გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. ასევე, მან ფამაგუსეტელებს ორჯერ კვიპროსის ჩემპიონატი მოაგებინა, ხოლო თითოჯერ ქვეყნის თასი და სუპერთასი.
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი საკლუბო დონეზე ასევე ბერძნულ „ოლიმპიაკოსსა“ და აეკს, კვიპროსის აპოელს და რუსეთის პირველი დივიზიონოს „ორენბურგს“ ავარჯიშებდა.
2017 წელს „ორენბურგიდან“ დათხოვნის შემდეგ, ქეცბაიას არსად უმუშავია.