გოგა კვლავ საუკეთესოა – 25 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი 27 წუთში

0
18

სერბეთის ჩემპიონატის მესამე ტურში გოგა ბითაძის დიდებული თამაშით “მეგა ბიმაქსმა” სტუმრად “დინამიკი” 102:85 დაამარცხა. ქართველი ცენტრი შეუჩერებელი იყო. ბითაძემ ეფექტური ორმაგი დუბლი შეასრულა – 27 წუთში 25 ქულა და 11 მოხსნა. თუმცა ეს არ იკმარა: 4 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარებაც მიითვალა.

რაც ყველაზე სასიამოვნოა, გოგამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ შორი სროლები მის არსენალში ბასრი იარაღია: 4-დან 3 სამიანი ჩააგდო, რაც ცენტრისთვის მეტად ფასეული მაჩვენებელია. მარგი ქმედების კოეფიციენტით ქართველი საუკეთესო იყო – 33 და რა თქმა უნდა, მატჩის საუკეთესო კალათბურთელადაც დასახელდა.

რაც შეეხება “მეგა ბიმაქსს”, მან მატჩი თავიდანვე კარგად დაიწყო, პირველ მეოთხედში 29:25 დაწინაურდა, დიდ შესვენებამდე უპირატესობა 14-მდე გაზარდა, რის შემდეგაც მასპინძლებისთვის დაწევისა და გამარჯვების შანსი არ მიუცია.

გოგას შემდეგ ყველაზე მეტი ქულა მის თანაგუნდელ ოგნიენ ჩარაპიჩს ჰქონდა – 17.

“მეგას” 3 მოგება, ერთი წაგება აქვს და B ჯგუფში “პარტიზანის” შემდეგ მეორეა. ბითაძის გუნდი მომდევნო მატჩს “ტამიშთან” 12 მაისს გამართავს.