ჩემპიონს კვლავ “ლელო”-“აიას” დაპირისპირება გაარკვევს

0
22

ჭაბუკთა “ა” ლიგის სატიტულო შეხვედრაში, მიჯრით მეოთხედ მთავარი ფავორიტები, ‘ლელო’ და ‘აია’ შეიყრებიან. ბოლო ათწლეულის მანძილზე მეტოქეებმა ჩემპიონობა 4-4 ჯერ მოიპოვეს. ‘ლელომ’ ბოლო 2 პირველობა მოიგო და რეგულარული სეზონიც პირველ ადგილზე ჩაამთავრა, რამაც ოთარ ბარკალაიას შეგირდებს რიონისპირელებთან გადამწყვეტ შეხვედრაში მოედნის უპირატესობაც არგუნა.

1/2-ფინალში ხელმოცარულნი, ‘ხვამლი’ და ‘ხარები’ კი დედაქალაქში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ. მუხინალები, კლუბის ისტორიაში პირველ პოდიუმს ეშურებიან, ქვემოქართლელებს კი 2012 წლიდან მოყოლებული 2-2 ვერცხლი და ბრინჯაო აქვთ მოპოვებული.

ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში, ‘ლელომ’ მეოთხეადგილოსან რუსთავის ‘ხარებს’ დიდ დიღომში, კლუბის მთავარ არენაზე უმასპინძლა. შეხვედრის წინ გუნდებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ახლახანს ავტოკასტასტროფაში დაღუპული სულკურთხეული გიორგი რეხვიაშვილის ხსოვნას. ნიჭიერი მორაგბე და ღირსეული მამულიშვილი, ‘ლელოს’ სარაგბო სკოლის აღზრდილი და ოთარ ბარკალაიას ცოლისძმა გახლდათ. გასაგები მიზეზის გამო, ‘ლელოს’ ქვემოქართლელებთან მზადება თავიანთი დამრიგებლის გარეშე მოუხდათ, რაც ჩემპიონს თამაშის ხარისხზე უარყოფითად აისახა. ისიც აღსანიშნავია, რომ ჩემპიონს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის წინაშეკრებაზე 5 მორაგბე ჰყავს მივლინებული. მათი არყოფნა კი განსაკუთრებით პირველობის გადამწყვეტ ეტაპზე ‘ლელოსთვის’ სოლიდური დანაკლისი გამოდგა.

კოკისპირულმა წვიმამ მატჩს თავისი მსახვრელი ხელი დაატყო. ‘ლელოს’ არენის  ბუნებრივი საფარის ჩინებულ მდგომარეობაში ყოფნის მიუხედავად, მეტოქეებს სველი ოვალის დამორჩილება უჭირდათ, რასაც ბუნებრივია ორივე მხრიდან უამრავი თერნოვერიც მოჰყვა. ‘ხარები’ ფავორიტთან შეხვედრას კარგად მომზადებულნი შეხვდნენ. ქვემოქართლელთა დამრიგებელმა თემურ ლობჟანიძემ საწადელს მიაღწია და პლეი ოფისთვის გუნდი სპორტული ფორმის პიკს მიუახლოვა.

შეხვედრის პირველმა ნახევარმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და პირველი ქულები მასპინძლებმა ტაიმის მიწურულს აიღეს. რუსთაველთა შეცდომით კარგად ისარგებლა ‘ლელოს’ მარბიელმა გეგა ტაბატაძემ, ვინაც 40 მეტრი ეულად ირბინა და ‘ლელოც’ შესვენებაზე 5-ქულიანი უპირატესობით წავიდა. მატჩის მეორე ნახევარიც უშეღავათო ბრძოლით აღინიშნა. შეხვედრის ბოლო წუთებზე ჯერ ‘ხარების’ შუამარბმა გიორგი ელოშვილმა ჯარიმით ანგარიშის სხვაობა შეამცირა, თუმცა პრაქტიკულად მომდევნო შეტევაში უკვე „ცოფიანის’ ბიჭებმა იძალეს. არეულ, ღია თამაშში ჩათამაშებული ოვალი, ლელოდ მარქაფადან  შესულმა შუამარბმა საბა ჯოხაძემ აქცია და მატჩის საბოლოო ანგარიშიც 10:3  ‘ლელოს’ სასარგებლოდ დააფიქსირა.

ქუთაისში, ‘აიასა’ და ‘ხვამლის’ შეხვედრაც უშეღავათო ბრძოლით აღინიშნა. რიონისპირელებს, 20-წლამდელთა ნაკრებში დელეგირებული 5 მოთამაშე აკლდათ, მუხიანელებმა კი იმავე მიზეზით 3 მნიშვნელოვანი მორაგბე მოისაკლისეს, რაც დებიუტანტის კვალობაზე ჩინებულად მობურთავე რატი ურუშაძის გუნდისთვის უფრო სოლიდური დანაკლისი გამოდგა.

‘ხვამლის’ მგეზავ ნიკა ცინცაძის გატანილ ჯარიმას, მასპინძლებმა იმავე ამპლუის მორაგბე გიორგი თევდორაძის წყვილი ჯარიმა დაუპირისპირეს. ტაიმის ბოლო წუთზე კი ‘აიას’ დინამიური შეტევას, ხაზის გაშლა და მარბიელ გიგა კობახიძის ძალისმიერი ლელო მოჰყვა 11:3. მეორე ტაიმის დასაწყისში ცინცაძემ ჯარიმით ანგარიში 5-ქულამდე შეამცირა, თუმცა დარჩენილ დროში გაგა გურეშიძის შეგირდებმა ბურთზე კონტროლი გაამყარეს და დაცვაში საიმედო თამაშთან ერთად, მეტოქის პრაქტიკულად ყველა სერიოზული შეცდომით ისარგებლეს. თევდორაძემ პირად მონაგარს კიდევ 3 გატანილი ჯარიმაც დაურთო. მატჩის მიწურულს კი ღია თამაშში, რიონისპირელთა ჰუქერმა გიორგი ღლონტმა მოახერხა ლელოს გატანა და ‘აიამ’ მატჩი 24:6 მოიგო. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გიორგი კვაბზირიძის საუცხოო თამაში. ‘აიას’ შუამარბმა სწრაფი, გააზრებული და ეფექტური ქმედებებით საკუთარი გუნდის წარმატებაში ლომის წილიც დაიდო და ქომაგის საყოველთაო მოწონებაც დაიმსახურა.