ჩემპიონთა ლიგის ისტორიის მესამე კლუბი – “აიაქსის” მორიგი მიღწევა

0
37
ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში “აიაქსმა” სტუმრად 1:0 მოუგო “ტოტენჰემს”.
სეზონის აღმოჩენა-გუნდს, “აიაქსს” ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციამ ხელი შეუწყო, იმისათვის, რათა უკეთ მომზადებულიყო, პირველობის ტური საერთოდ გადადო, რამაც “ტოტენჰემის” მენეჯერი მაურისიო პოჩეტინიო გააბრაზა, რადგან მეტოქე თამაშს უფრო დასვენებული შეხვდა. “დეზებმა” პრემიერლიგის ბოლო 3 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგეს და ერთადერთი გოლი გაიტანეს.
უნდა აღინიშნოს, რომ მასპინძლებს წამყვანი თავდამსხმელები კეინი და სონი ვერ დაეხმარნენ.
პოჩეტინიომ ძირითად შემადგენლობაში “აიაქსის” 4 ყოფილი ფეხბურთელი დააყენა: დავინსონ სანჩესი, ტობი ალდერვეირელდი, იან ვერტონგენი და კრისტიან ერიკსენი.
მატჩი მშვიდად დაიწყო, გუნდები ფრთხილობდნენ და პირველივე სახიფათო იერიში სტუმრებმა გოლით დააგვირგვინეს – ვან დე ბეკმმა ზიეშის პასი მიიღო, ლორისთან პირისპირ გაიჭრა და დუელი მოუგო. ამას ცოტა ხანში ისევ ზიეშისა და ვან დე ბეკის სახიფათო შეტევა მოჰყვა, მაგრამ ამჯერად მეკარემ გადაარჩინა თავისი გუნდი.
31-ე წუთზე ვერტონგენი ალდერვეირელს შეეჯახა, სისხლი წამოუვიდა, სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ თამაშის გაგრძელება სცადა, ვერ შეძლო და სისოკომ შეცვალა.
ამსტერდამულმა გუნდმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგო, “ტოტენჰემს” კი 100%-იანი მომენტი თითქმის არ შეუქმნია.
“აიაქსმა” შესვენებამდე მოწინააღმდეგის ნახევარზე 113 ზუსტი გადაცემა გააკეთა, ხოლო “ტოტენჰემმა” 50.
მეორე ტაიმი “ტოტენჰემმა” აქტიურად დაიწყო, მაგრამ ხეირი ვერა ნახა რა, ამსტერდამულ გუნდს კი მეორეჯერ შეეძლო დაემწუხრებინა ლორისი – ნერესმა ბურთი ძელს გაარტყა.
ბოლოს გუნდები შესამჩნევად დაიღალნენ, ტემპი დაეცა და ტენ ჰაგის გუნდმა, რომელმაც სენსაციურად გამოაგდო “რეალი” და “იუვენტუსი”, ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ამსტერდამული კლუბი ტურნირის ისტორიაში გახდა მესამე კლუბი, რომელმაც პლეი-ოფის სამივე გასვლითი მატჩი მოიგო. “აიაქსმა” დღევანდელ მატჩამდე “რეალის” და “იუვენტუსის” დამარცხება შეძლო.
“აიქსის” გარდა, პლეი-ოფის სამივე გასვლითი მატჩი მოგება მხოლოდ მიუნხენის “ბაიერნმა” (2012/13) და მადრიდის “რეალმა” (2017/18) მოახერხეს.

ლონდონი. “ტოტენჰემ ჰოთსპური”. 60 243 მაყურებელი
ტოტენჰემი – აიაქსი 0:1
გოლი: ვან დე ბეკი (15)
ტოტენჰემი: ლორისი, სანჩესი, ალდერვეირელდი, როუზი (დევისი 79), ვერტონგენი (სისოკო 40), ლუკას მოურა, ერიკსენი, ალი, ვანიამა, ტრიპიერი (ფოიტი 79), ლორენტე.
აიაქსი: ონანა, დე ლიგტი, ტალიაფიკო, ველტმანი, ბლინდი, ვან დე ბეკი, ზიეში (ჰუნტელარი 86), ტადიჩი, შენე (მაზრაუი 65), ნერესი, დე იონგი.