მარსელო ბიელსასა და “ლიდსის” რაინდული საქციელი

0
25
ინგლისის ჩემპიონშიფის 45 ტურის შეხვედრაში ლიდსში, ადგილობრივი “ლიდს იუნაიტედი” ბირმინგემის “ასტონ ვილას” ეთამაშებოდა. ორივე კლუბი პრემიერლიგაში გადასვლისთვის იბრძვის. “ასტონ ვილას” ამ თამაშამდეც პლეი ოფში მოუწევდა ბრძოლა, ხოლო “ლიდსს” გამარჯვების შემთხვევაში მეორე ადგილზე გასვლისა და პრემიერლიგის საგზურის პირდაპირ მოპოვების შანსი რჩებოდა.
შეხვედრა მასპინძლების უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ელანდ როუდელები გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ. 73-ე წუთზე კი მოხდა ის, რის გამოც ეს მატჩში ისტორიაში შევა. მოედნის ცენტრში, ბრძოლაში წაიქცა “ასტონ ვილას” ფეხბურთელი. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა თამაში არ გააჩერა. შესაბამისად, “ლიდსის” ფეხბურთელებს ყველანაირი უფლება ჰქონდათ შეტევის გაგრძელებისა და გააგრძელეს კიდეც, რაც “ასტონ ვილას” კარში გატანილი გოლით დასრულდა. ამას ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი მოჰყვა, ასტონვილელი ელ ღაზი გააძევეს კიდეც. “ლიდს იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა მარსელო ბიელსამ მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება და “ასტონ ვილას” საპასუხო გოლის გატანის უფლება მისცა.
ამ მომენტს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინგლისში. უმრავლესობა თვლის, რომ “ლიდსს” “ასტონ ვილასათვის” გოლის გატანის უფლება არ უნდა მიეცა, რადგან ფეხბურთის წესები ყველამ იცის და მსაჯის სასტვენამდე არ უნდა გაჩერებულიყვნენ.
თვითონ არგენტინელმა სპეციალისტმა კი ეს განაცხადა DT Leeds-თან მატჩისშემდგომ ინტერვიუში:
“ჩვენ არ გვიჩუქებია, არამედ დავუბრუნეთ ის გოლი. ჩვენ დავინახეთ ფაქტები და მათი ინტერპრეტაციის შედეგად მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება. ინგლისური ფეხბურთი ცნობილია სპორტული ღირსებით და მე ამაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ”.
ამ შეხვედრის შემდეგ “ლიდს იუნაიტედი” ჩემპიონშიფის მე-3 პოზიციაზე დარჩა და “შეფილდ იუნაიტედს” 5 ქულით ჩამორჩა. უკვე გადაწყვეტილია, რომ შემდეგი წლიდან პრემიერლიგაში “ნორვიჩ სიტი” და “შეფილდ იუნაიტედი” ითამაშებენ. ხოლო “ლიდსი”, “ასტონ ვილა” და “ვესტ ბრომვიჩი” პლეი ოფში არიან. მეოთხე გუნდის ვინაობა “დერბი ქაუნთისა” და “მიდლსბროს” შორის გაირკვევა.