შენგელიას 22 ქულა, MVP-ის ტიტული და გამარჯვება

0
25

თორნიკე შენგელია ძველებურ ფორმას დაუბრუნდა და გულშემატკივარს ჩვეულად შედეგიანი თამაში წარმოუდგინა. მისმა “ბასკონიამ” ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში “ფუენლაბრადას” სძლია და ამაში ლომის წილი ქართველი ფორვარდის გახლდათ. თორნიკე შენგელიამ MVP-ის ტიტული დაიმსახურა მატჩში, რომელშიც ბასკონიელებმა “ფუენაბრადა” 101:92 დაამარცხეს.
შენგელია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 26:54 წუთში 22 ქულა, 7 მოხსნა (ერთი შეტევაში), 3 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.
შენგელიამ 10-დან 7 ორქულიანი, სამქულიანი და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ხუთივე საჯარიმო ჩააგდო, არადა, ამ ბოლო პერიოდში, უკანასკნელ კომპონენტში, ქართველ ლეგიონერის ცუდი მაჩვენებლები ჰქონდა.
თორნიკემ ბურთი 2-ჯერ დაკარგა, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი, თამაშის წესები 5-ჯერ დაირღვა. შედეგად, ბასკონიელთა კაპიტნის სარგებლიანობის კოეფიციენტი 36-ს გაუტოლდა და ის 29-ე ტურის საუკეთესო კალთბურთელიც გახდებოდა, რომ არა ასკია ბუკერის დიდებული გარჯა.“მურსიას” ამერიკელმა ლიდერმა “მანრესასთან” საგარეო შეხვედრაში 9 სამქულიანი ჩააგდო, 40 ქულა მიითვალა, მისი სარგებლიანობის მაჩვენებელი კი 38 იყო.
“ბასკონიამ” 21 მოგება და 7 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილი შეინარჩუნა, ამასთან, ლიდერ “ბარსელონას” მხოლოდ 2 მოგებითღა ჩამორჩება, ხოლო “რეალს” – ერთით.