“ბარსამ” 11 წლის განმავლობაში ჩემპიონობა მერვედ იზეიმა

0
26

ესპანეთის ლა ლიგის დასრულებამდე სამი ტურით ადრე “ბარსელონამ” ჩემპიონობა ოფიციალურად გაიფორმა! ერნესტო ვალვერდეს გუნდმა “კამპ ნოუზე” “ლევანტეს” მესის გოლის წყალობით 1:0 სძლია და ისტორიაში 26-ე ლა ლიგა მოიგო.

“ბარსა” ესპანეთში დომინირებას განაგრძობს. კატალონელებმა ბოლო 11 წლის განმავლობაში ჩემპიონობა მერვედ იზეიმეს, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს.

უნდა აღინიშნოს, რომ გუნდში ერნესტო ვალვერდეს მოსვლის დღიდან “ბლაუგრანა” ლა ლიგას ძალიან მარტივად იგებს.

მიმდინარე სეზონში “ბარსელონა” სატურნირო ცხრილს სათავეში 34 ტურის განმავლობაში ედგა!

თუ გავითვალისწინებთ ვალვერდეს გასულ სეზონსაც, გუნდი ლა ლიგას სათავეში უკვე 70 კვირის განმავლობაში უდგას, რაც უდაოდ ფენომენალური შედეგია!

აღსანიშნავია ისიც, რომ წლევანდელი “ბარსა” მესიზე იმდენად არის დამოკიდებული როგორც არასდროს. შეიძლება ითქვას, ლეომ ტურნირი პირადად მოიგო და სიმბოლური იყო ის ფაქტი, რომ გუნდმა გოლის გატანა სწორედ მოედანზე მისი შესვლის შემდეგ შეძლო.

ამრიგად, “ბარსელონა” სეზონის დარჩენილ ნაწილში მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე იზრუნებს. ოთხშაბათს, 1–ელ მაისს “კამპ ნოუს” “ლივერპული” ესტუმრება.