“ტიტები” საქართველოს თასის მფლობელია!

0
26

საკალათბურთო კლუბი “ტიტები” საქართველოს თასის მფლობელია. სუპერლიგის დებიუტანტმა გუნდმა, რომელიც ასევე პირველად მონაწილეობდა თასის გათამაშებაში, მნიშვნელოვანი ტიტული მოიგო. ტურნირში, რომელშიც სუპერლიგისა და “ა” ლიგის თექვსმეტივე წევრი მონაწილეობდა, ლაშა გამყრელიძის გუნდმა ყველას აჯობა და არსებობის ხანმოკლე ისტორიაში უმაღლესი რანგის ტიტულს შესწვდა.

ფინალურ მატჩში “ტიტებმა” სუპერლიგის შარშანდელი ბრინჯაოს პრიზიორი და ახლანდელი რეგულარულის მეორეადგილოსანი “მგზავრები” დაამარცხა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილ “მგზავრებს” ლეგიონერი ჯეიკობ არმსტრონგი აკლდა, თუმცა არც “ტიტები” ყოფილა ოპტიმალური შემადგენლობით. ძირითადმა ცენტრმა გიორგი შარაბიძემ ტრავმის გამო სეზონი ნაადრევად დაასრულა, ვის არყოფნაშიც ჩინებულად ირჯება სათადარიგო მეფარე გუჯა ბირკაია, რომელმაც წინა მატჩების მსგავსად ამჯერადაც კარგად ითამაშა და გუნდის ლიდერ ილია ლონდარიძეს სამწამიანში დიდი დახმარება გაუწია.

ლონდარიძე საბოლოოდ ფინალური მატჩისა და მთლიანად, თასის გათამაშების საუკეთესო მოთამაშე გახდა. მან დიდებულად ითამაშა, თუმცა “ტიტების” გამარჯვება გუნდური გარჯის შედეგია. უპირველეს ყოვლისა, “ტიტების” კალათბურთელებმა შესანიშნავად ითამაშეს დაცვაში, რის ხარჯზეც მოახერხეს სუპერლიგის ყველაზე სწრაფი და ზუსი შეტევის მქონე გუნდის შეჩერება. თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ, გამყრელიძის გუნდი სოლიდურ უპირატესობას დაეუფლა. დაცვის ხარჯზე “მგზავრების” მექულეები – ადრიან ბოუი, რეზო ჩაჩანიძე და სხვანი შეზღუდულები იყვნენ, ხოლო შეტევაში “ტიტებმა” სანაქებო მიზანი გამოავლინა. ლუკ მეიერმა და თეიმურაზ ბაბუნაშვილმა შორეული სროლებით, ხოლო ილია ლონდარიძემ და კაშიმ რენსომმა ზუსტი გარღვევებით იმდენი ბურთი ჩაუგდეს “მგზავრებს”, რომ ანგარიშში სხვაობამ 20 ქულას გადააჭარბა.

მესამე პერიოდი “ტიტების” სრული დომინირებით წარიმართა, რომელიც გამყრელიძის გუნდმა 29:15 მოიგო და ბოლო ათწუთულის წინ 19 ქულით დაწინაურდა. “მგზავრებს” თამაშის გადარჩენის რეალური შესაძლებლობა თუ ჰქონდათ, მალევე უნდა შეემცირებინათ ჩამორჩენა, მაგრამ ამის გაკეთება დაუგვიანდათ. უფრო ზუსტად, ისევ “ტიტების” სანაქებო თამაშმა არ მისცა “მგზავრების” კალათბურთელებს გაქანების საშუალება და როცა შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთზე ნაკლები რჩბოდა და სხვაობა ისევ 20 ქულა იყო, მატჩის ბედი გადაწყდა. “ტიტების” მოთამაშეები დაარხეინდნენ, რითაც “მგზავრებმა” ისარგებლეს და დარჩენილ დროში მხოლოდ ჩამორჩენის 11 ქულამდე შემცირება შეძლეს – 96:85 და “ტიტები” საქართველოს თასის მფლობელი გახდა.

გამარჯვებულებს 26 ქულითა და 11 მოხსნით ილია ლონდარიძემ ულიდერა. 25 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი მიითვალა კაშიმ რენსომმა. ლუკ მეიერმა გამარჯვებულებს 19 ქულა შესძინა. 8-8 ქულით დაასრულეს შეხვედრა ბესიკ ლეჟავამ და ჟოელ ალმეიდამ. “მგზავრებში” 33 ქულით და 10 მოხსნით საუკეთესო იყო კახა ჯინჭარაძე. 26 ქულა და 8 პასი ადრიან ბოუიმ მიითვალა.

მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი. თასის მფლობელები მედლებით კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა და  გენერალურმა მდივანმა გიორგი ქართველიშვილმა დააჯილდოვეს. თასის გათამაშების საუკეთესო მოთამაშე ილია ლონდარიძეს შესაბამისი პრიზი გადაეცა. საქართველოს თასი “ტიტების” კაპიტან ილია ლონდარიძეს პაატა გურასპაულმა ჩააბარა, რის შემდეგაც გამარჯვებულებმა კლუბის არსებობის ისტორიაში პირველი ტიტულის მოგება ზეიმით აღნიშნეს.

მგზავრები – ტიტები
სტატისტიკა: 85:96