გიორგი ჩაკვეტაძისთვის სეზონი დასრულებულია

0
17

საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი გიორგი ჩაკვეტაძე უახლოეს სამ თვეში მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს. ბრიუსელის ”ანდერლეხტთან” შეხვედრის შემდეგ 19 წლის ტალანტს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ ფეხბურთელს ოპერაცია ჩაუტარდება.

გასულ ტურში ”ანდერლეხტთან” შეხვედრაში ჩაკვეტაძემ ადრიენ ტრებელთან ორთაბრძოლისას ფეხი იტკინა, რის გამოც მოედანი 59-ე წუთზე დატოვა. სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ფეხბურთელი ოპერაციას საჭიროებს. მოთამაშეს ოპერაცია ბელგიაში ჩაუტარდება.

მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარში ქართველმა ფეხბურთელმა ”გენტის” 9 მატჩი გამოტოვა, თუმცა გუნდს ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა პირველ მაისს ელის, როცა ბელგიის თასის ფინალში ”გენტი” ”მეხელენს” შეხვდება.

გასულ კვირაში გიორგი ჩაკვეტაძემ ფინალური შეხვედრის შესახებ ისაუბრა, თუმცა ტრავმის გამო ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

გიორგი ჩაკვეტაძე: ”ჩვენ ”ანდერლეხტთან” მატჩისთვის მაქსიმალურად კონცენტრირებულნი ვართ. წარუმატებელი მატჩების შემდეგ გვსურს ფლეი-ოფში პირველი ქულები მოვიპოვოთ.

რეაბილიტაციის დროს თასის ფინალი მნიშვნელოვანი მოტივაცია იყო. გამარჯვების შემთხვევაში პროფესიულ კარიერაში პირველ ტიტულს მოვიპოვებ. საოცრად მოტივირებული ვარ. დამესიზმრა, რომ ფინალში გოლი გავიტანე.”

ბელგიის თასის გათამაშების მიმდინარე სეზონში ჩაკვეტაძემ 4 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი შეაგდო და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა, თუმცა ფინალში ასპარეზობას ვერ შეძლებს, რაც ძალიან დასანანია.