“საბურთალო” – სავარაუდო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგაზე

0
26

18 ივნისს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის პირველი ეტაპების წილისყრა გაიმართება. ევროპა ლიგაზე (სადაც “ჩიხურა”, “დინამო თბილისი” და “ტორპედო” ითამაშებენ) პოტენციურ მეტოქეებზე წერას ჯერ აზრი არ აქვს, რადგან უმეტესობა ჩემპიონატებისა არ დასრულებულა. აი, ჩემპიონთა ლიგაზე კი სხვაა: ჩემპიონი ბევრგან გაირკვა.

საბურთალო პირველი ეტაპის მატჩებს 9 ან 10 და 16 ან 17 ივლისს გამართავს. თუ გავიდა, მეორე ეტაპის შეხვედრები 23 ან 24 ივლისსა და 30–31 ივლისს ელის. ხოლო “საბურთალო” პირველივე ეტაპზე რომც გავარდეს, ევროპა ლიგაზე გადავა. როგორც შარშან “ტორპედო”.

პირველ ეტაპზე 17 წყვილი იქნება და ბუნებრივია, საბურთალო განუთესავთა შორის მოხვდება. კლუბი არასოდეს ყოფილა ევროტურნირებზე, წლეულს პრემიერა ელის. პირველ ეტაპზე სწორედ კლუბის რეიტინგის მიხედვით დგინდება 17 განთესილი და ამდენივე განუთესავი.

სავარაუდო მეტოქეებში, ანუ განთესილთა შორის, აუცილებლად იქნება ეს 6 კლუბი: ბელარუსის ბატე, ყაზახეთის “ასტანა”, ისრაელის “მაკაბი” თელ–ავივი, მოლდოვური “შერიფი”, ნორვეგიის “რუსენბორგი” და ფინეთის ჰიკი.  გააჩნია, სხვა ქვეყნებში რა რეიტინგის მქონე გუნდები გახდებიან ჩემპიონები. შესაძლოა, განთესილებში მოხვდნენ ასევე ირლანდიის “დანდალკი”, უელსის “ნიუ საინტსი”, ან სლოვაკეთის” სლოვანი”.

ჩემპიონი გასარკვევია ბევრ შედარებით ძლიერ ლიგაში: კვიპროსზე აპოელი ან “აპოლონი”, რუმინეთში “კლუჟი” ან “სტიაუა”, პოლონეთში “ლეგია” ან “ლეხია” გდანსკი, აზერბაიჯანში “ნეფთჩი” ან “ყარაბახი”, ბულგარეთში “ლუდოგორეცი” (მცირე შანსი აქვს ცსკა სოფიას), სერბული “ცრვენა ზვეზდა” (თეორიული შანსი აქვს “რადნიჩკის”), შოტლანდიიდან თითქმის გადაწყვეტილია “სელტიკი”, სლოვენიიდან თითქმის გადაწყვეტილია “მარიბორი”, ლუქსემბურგიდან თითქმის გადაწყვეტილია “დუდელანჟი” და კიდევ, მაკედონიიდან “შკენდია”. 10 ქვეყანა ჩამოვთვალეთ და ამ ათივეს პირველადგილოსანს კარგი რეიტინგი აქვს. ეგაა, პოლონეთში “ლეხია” გდანსკის აქვს ჩემპიონობის კარგი შანსი, ეს კლუბი კი დაბალრეიტინგიანია და თუ ის გახდა ჩემპიონი, “საბურთალოსავით” განუთესავებში იქნება.

ისე კი, სიას რომ გადავხედოთ, საბურთალოსთვის შედარებით (ხაზს ვუსვამთ, შედარებით) ხელსაყრელი მეტოქეები იქნებიან “დანდალკი”, ან “ნიუ საინტსი”, ან თუნდაც “შკენდია”.