ვლადიმირ ვაისი: “ყველამ ერთად ქართულ ფეხბურთს იმედი გავუჩინეთ”

0
13

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ევრო-2020-ის შესარჩევი ციკლის სტარზე შინ შვეიცარიასთან (0:2), ხოლო სტუმრად ირლანდიასთან (0:1) მარცხი მთლიანად საკუთარ თავზე აიღო და განმარტა, რომ გუნდი განვლილ შეხვედრებს სათანადოდ მომზადებული ვერ შეხვდა.

მან ამის შესახებ დღეს სასტუმრო „რუმსში“ მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა. მასთან ერთად, საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევნა კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი, ვიცეპრეზიდენტები ალექსანდრე იაშვილი და კახა ჭუმბურიძე იმყოფებოდნენ.

-თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრებში მოღვაწეობა წარმატებულად დაიწყო და 10-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. თუმცა, მოგვიანებით წარუმატებლობის შემდეგ აცხადებდა რომ იმ დონის ფეხბურთელები არ ჰყავდა, როგორიც მეტოქეებს. ეს ტენდენცია თქვენი მხრიდან შვეიცარიასთან და ირლანდიასთან წაგებული თამაშების შემდეგ შეიმჩნევა. თუ ასე ფიქრობთ, მაშინ, ფეხბურთის ფედერაციასთან მეორე ვადით კონტრაქტი რატომ გააფორმეთ?

– მე ვთქვი, რომ ის შემადგენლობა რომელიც გვყავდა, შვეიცარიისა და ირლანდიის დასამარცხებლად სათანადოდ მომზადებული არ იყო. ფეხბურთელები რომლებიც ამ ორი თამაშისთვის გამოვიძახე, იმ მდგომარეობაში არ იყვნენ, რომ შვეიცარიის დონის გუნდისთვის მოეგოთ. ფეხბურთელებზე ცუდი არასოდეს არაფერი მითქვამს.

ჩემს კონტრაქტს რაც შეეხება, ყველასთვის გასაგებად ვაცხადებ, რომ მას კბილებით არ ვეჭიდები. სამწელიწადნახევრის წინ, ლევან კობიაშვილს შევხვდი და პირველი კონტრაქტი გავაფორმე. მისი ამოწურვის შემდეგ, ლევანმა მითხრა, რომ შესარჩევ ციკლში თამაშის ვერმოგების მიუხედავად, გუნდს პროგრესი აქვს და გვინდა ერთა ლიგაში დაგვეხმაროო. მეორე კონტრაქტი ამიტომ გავაფორმე.  ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ არ გვყავდა შემადგენლობა რომლითაც შვეიცარიას ან ირლანიდას მოვუგებდით. ჩემს თავს არასოდეს ვაკადრებ ფეხბურთელებზე ცუდი ვთქვა. მაგალითად, ჯანომ კოშმარულად ითამაშა ან ვაკომ კოშმარულად ითამაშა. ზოგჯერ შესაძლოა ჩემს მიერ ემოციურად ნათქვამი ჟურნალისტები სხვაგვარად დაწერონ. ორი თამაში წავაგეთ, რაზეც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ, თუმცა, ცხოვრება გრძელდება.

თუ დავინახე, რომ ფედერაციის ხელმძღვანელები, ფეხბურთელები, გულშემატკივრები და ჟურნალისტები აღარ მენდობიან, იმ წამსვე ბილეთს ავიღებ და სახლში წავალ. საქართველოში ფულის გამო არ ჩამოვსულვარ, ეს ჩემი სიტყვაა თქვენთვის და ქართველი ხალხისთვის ნათქვამი. როგორც ვიცი, წინა მწვრთნელებთან შედარებით ყველაზე დაბალანაზღაურებადი კონტრაქტი მაქვს.

არსებობს ვითარება, როდესაც მწვრთნელის მიერ გასახდელში ნათქვამი, გასახდელში უნდა დარჩეს. გასახდელში რაც ხდება ყველაფერს ვერ იტყვი.  ოქრიაშვილი მზად არ იყო, მაგრამ მისი საფეხბურთო თვისებები ძალიან მომწონს და გამომდინარე იქიდან რასაც ვარჯიშებზე აკეთებდა, მაინც დავაყენე, მაგრამ თამაშმა აჩვენა, რომ შევცდი. სულ სხვაა ოქრიაშვილს ფეხბურთისადმი როგორი დამოკიდებულება აქვს და თავის საქმეს როგორ ეპყრობა.

-მოსკოვში იმყოფებოდით, სადაც რუსეთის პრემიერ ლიგის ცენტრალურ მატჩს დაესწარით მოსკოვის „ლოკომოტივსა“ და სანკტ-პეტერბურგის „ზენიტს“ შორის. 18 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელსაც „ლოკომოტივის“ სასტარტო შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა, თქვენზე როგორი შთაბეჭდილება დატოვა?

-„ლოკომოტივში“ კვერკველიაც თამაშობს და პირველ ყოვლისა, მას ვაკვირდებოდი. შვეიცარიასთან მატჩში მის სასტარტოში არდაყენების საკითხს კიდევ ერთხელ შევეხები, რადგან ამის გამო კითხვები გაჩნდა. შემადგენლობას მწვრთნელი არჩევს და მე კვერკველიასაც და გუნდსაც ავუხსენი ასე რატომ მოვიქეცი, გუნდმა კი ეს გაიგო. ის მეორე ტაიმში შემოვიდა და მეორე გოლის დროს პოზიციური შეცდომა დაუშვა. კვერკველია კლუბში საუცხოოდ თამაშობს და მანამდე ნაკრებშიც კარგად თამაშობდა. თუმცა, მის მიმართ პრეტენცია მქონდა, რაც ჩვენს შორის დარჩა.

კვარაცხელია ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელია. გამიკვირდა, რომ სიომინმა ასეთ თამაშში სასტარტოში დააყენა. მწვრთნელი მას ენდობა და პირველი ტაიმი ათამაშა. თუმცა, ძმები მირანჩუკები საკუთარ თავზე თამაშობდნენ და კვარაცხელიას თავის გამოჩენის ბევრი შანსი არ ჰქონია. ის მოედანზე არაფერს თმობდა და გაბედულად გამოიყურებოდა. მე კმაყოფილი ვარ და თუ ასე გააგრძელა პირველ ნაკრებშიც ვიხილავთ. კარგია, რომ სიომინი მას ასეთ ასაკში ენდობა და ამ დონის ჩემპიონატში ათამაშებს.

 -გიორგი არაბიძის შესახებ არაერთხელ აღნიშნეთ, რომ პირველ ნაკრებში მოსახვედრად უფრო მეტი უნდა მოინდომოს. მან ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ამხანაგურ მატჩებში კარგად ითამაშა და თუ აპირებთ ეროვნულ გუნდში მიიწვიოთ? ხშირად გაკრიტიკებენ, რომ საქართველოში დიდ დროს არ ატარებთ და ფეხბურთელებს ეროვნული ლიგიდან არ იძახებთ. მომავალში საქართველოს ჩემპიონატიდან თუ აპირებთ მოთამაშის გამოძახებას?

-არაბიძე მართლაც ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ეს არა მხოლოდ ახალგაზრდული ნაკრების, არამედ, ეროვნულის დონეზეც უნდა დაამტკიცოს. ის უკვე 20 წლისაა, მაგრამ საკლუბო დონეზე დიდი ფეხბურთი არ უთამაშია. მან თავისი ნიჭი მოედანზე უნდა აჩვენოს.

შესაძლოა ისე გამოჩნდეს, რომ ოქრიაშვილთან დაკავშირებით არასწორი გავაკეთე რომ მივიწვიე, რადგან უკლუბოდ იყო და ამ დროს არაბიძე გუნდშია, მაგრამ არ გამოვიძახე. არაბიძეს ვაკვირდებით და რა შეუძლია კარგად ვიცით. ისიც ვიცით თუ რაზე უნდა იმუშავოს. როდესაც ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი კლუბში არ თამაშობს, მას სხვა პრობლემა აქვს. ეს არა მხოლოდ ქართველი ფეხბურთელების პრობლემაა, ჩემს შვილსაც ჰქონია კლუბში პრობლემები.

მეც მქონია ფეხბურთელებთან პრობლემები, მაგრამ არსებობს რაღაც, რის გამოც დათმობაზე არ წავალ. ბევრ ქართველ ფეხბურთელს აქვს კლუბში პრობლემა. იმავე ყაზაიშვილს ჰქონდა ჰოლანდიაში პრობლემა, შემდეგ „ლეგიაში“, ახლა ამერიკაშიც აღარ თამაშობს სასტარტო შემადგენლობაში.

საქართველოში არ ვცხოვრობ და ყველას ადგილზე ვერ ვუყურებ, მაგრამ ინტერნეტით მაქვს თამაშებისთვის ყურების საშუალება. დღეს ორ მატჩს დავესწრები, ასევე ხვალ ორ თამაშზე წავალ. „დინამოს“ ფეხბურთელს შულაიას დავაკვირდები, რომელსაც სისწრაფე აქვს და ბევრს გადაადგილდება. იმის გამო, რომ ნაკრებში ტრავმები ხშირადაა, ასეთ მოთამაშეებს ვაკვირდებით, რომ შემდეგ ისინი გამოვიძახოთ.

ალექსანდრე იაშვილი: „ვაისი საქართველოში ხშირად ჩამოდის და ეროვნული ლიგის თამაშებს ესწრება. იმავე კიტეიშვილი და გეგეჭკორი ნაკრებში ეროვნული ლიგიდან მიიწვია. ნაკრებში ბევრი ლეგიონერია და ცხადია სულ საქართველოში ვერ იქნება. ვინც დაიმსახურებს და ნაკრების მთავარი მწვრთნელი საჭიროდ მიიჩნევს, მას ნაკრებშიც გამოძახებს“.

-საქართველოს ეროვნულ ნაკრებში რამდენად ჯანსაღი სიტუაციაა?. შვეიცარიასთან თამაშის შემდეგ თქვით, რომ კვერკველიამ თავად იცის რატომ არ მოხვდა სასტარტოში. ჯანო ანანიძეს ვითომ ფეხი ტკიოდა და ირლანდიაში არ წამოვიდა, მაგრამ სამ დღეში კლუბში სრული დატვირთვით ივარჯიშა. ქეცბაია როდესაც მთავარი მწვრთნელი იყო, მასთან ბევრ ფეხბურთელს კონფლიქტი ჰქონდა და ნაკრებში ამა თუ იმ მიზეზით არ ჩამოდიოდნენ.

იაშვილი: „იმ სიტუაციას რაც ქეცბაიას დროს იყო, ახლანდელს რატომ ადარებთ? ჯანო ანანიძეზე რატომ ამბობთ, რომ ვითომ ფეხი ტკიოდა? ნაკრებში ძალიან ჯანსაღი სიტუაციაა. ყველა ფეხბურთელი მთავარ მწვრთნელს პატივს სცემს. სიტუაცია კარგი რომ არ ყოფილიყო, ერთა ლიგაში წარმატება არ გვექნებოდა. თამაშები წავაგეთ რაც ცუდია, მაგრამ სიტუაცია არ შეცვლილა.  კვერკველიას ამბავს რაც შეეხება, თუ საჭირო იქნება ხალხი გაიგებს. არაბიძეს არასწორედ მოიქცა და ამის შესახებ მას საკმაოდ დიდი ხანი ვესაუბრეთ“.

ვაისი: „ჯანომ შვეიცარიასთან თამაში შემდეგ მითხრა, რომ მუხლი ტკიოდა და თავისი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სამ დღეში ორ მატჩს ვერ ჩაატარებდა. კარგია, რომ მითხრა, რადგან ირლანდიასთან მის დაყენებას ვაპირებდი. მე ავუხსენი, რომ ირლანდიაში თავიდანვე სათამაშოდ მზად თუ არ იყო, მაშინ სჯობდა კლუბში დაბრუნებულიყო და გამოჯანმრთელებულიყო. ჯანომ რაც ირლანდიაში ვერ გააკეთა, დარწმუნებული ვარ, ამას სხვა თამაშებში გააკეთებს. ის ფიზიკურად სუპერმომზადებული რომ იყოს, „კრილია სოვეტოვში“ არ იქნებოდა.

წაგების შემდეგ გასახდელში არავინ იცინის და ამბობს, რომ კარგად ითამაშა. კრიტიკა უნდა მიიღო. ქართულ გაზეთებში ან საიტებზე რაც იწერება შესაძლოა ვერ ვკითხულობ, მაგრამ ჩემამდე ეს ყველაფერი აღწევს. ჩვენ სამი წელიწადია ერთად ვმუშაობთ და ქართულ ფეხბურთს იმედი გავუჩინეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ იმ მდგომარეობაში არ ვიყავით, რომ ირლანდიასთან და შვეიცარიასთან მოგვეგო. შესაძლოა, მეც ტოპ-ფორმაში არ ვიყავი.

ასეთ მდგომარეობაში რომ ვყოფილიყავით, შესაძლოა ერთა ლიგის ჯგუფიც ვერ მოგვეგო. მაშინ, ჩაკვეტაძემ ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა და იმავე მერებაშვილმა ნაკრებში კარიერაში საუკეთესო მატჩები ჩაატარა.  ერთა ლიგის შემდეგ, ლევანს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ წაგებები იქნება. მე ქართველი ვარ, რადგან ამჟამად აქ ვმუშაობ. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ შვეიცარიას, რომელიც ფიფას რეიტინგში მეშვიდეა და დანიას, რომელიც – მეათეა.

ნეიმარი ან მბაპე პსჟ-ს როდესაც არ ჰყავს გუნდს პრობლემა ექმნება. რონალდუ წავიდა და მის გარეშე „რეალი“ წვალობს.  შეცდომები მეც დავუშვი. შვეიცარიასთან თამაში 3-ჯერ ვნახე და 9 საათის განმავლობაში ვარჩევდი. ჯაბა კანკავა ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ნაკრებში, შვილივითაა. შესაძლოა ტექნიკით მესი არაა, მაგრამ უდიდეს სამუშაოს ასრულებს. შვეიცარიასთან მატჩში ვეუბნებოდი, რომ ასეთი მაღალი პრესინგის თამაში საჭირო არ იყო. გოლი არაფრისგან მივიღეთ. ხშირად ჩვენს კარში გოლები არაფრისგან გადის და არა ვთქვათ რამე მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ.

მე არ მითქვამს, რომ ირლანდიასთან გაშვებული გოლი ლორიას ბრალია. ვთქვი, რომ მან კედელი ცუდად დააყენა. თორემ, ლორიამ შვეიცარიასთან და ირლანდიასთან ბოლო სამ წელიწადში თავისი საუკეთესო თამაში აჩვენა. მას კედელში კიდევ ერთი კაცი უნდა დაეყენებინა. თამაშამდე ფეხბურთელები გავაფრთხილე, რომ ბრეიდისა და ჰურეჰანს „ოქროს ფეხი“ აქვთ. თუ გაინტერესებთ გაჩვენებთ თითოეულ ფეხბურთელს ელექტრონული ფოსტით როგორ ვუგზავნით ყოველი მატჩის წინ დაწვრილებით მოსამზადებელ გეგმას.

-შვეიცარიასთან მატჩში ორი საკამათო ეპიზოდი იყო – პირველი როდესაც მეტოქემ ბურთი ხელით კარიდან გამოიტანა და მეორე როცა მსაჯმა ქვილითაიაზე უხეშობა დააფიქსირა, რის შემდეგ, სტუმრებმა შეტევა წამოიწყეს და გოლი გაიტანეს. თქვენი აზრით, რეფერის ვიდეო ასისტენტის სისტემა რომ ყოფილიყო, მსაჯი ამ ეპიზოდებს სხვაგვარად განსჯიდა?

-მიჩვეულები ვართ, რომ მსაჯები ჩვენს წინააღმდეგ უსტვენენ. იმავე მოლდოვასთან პენალტი არ დაგვიდეს. თუმცა, როგორც მწვრთნელმა რომ ვიწუწუნო, აზრი არ აქვს. პირველ ეპიზოდში მსაჯი 20 მეტრით შორს იდგა, ხოლო მეორე შემთხვევაში ქვილითაიაზე სასაცილო ჯარიმა დააფიქსირა. თუმცა, გოლი ამის გამო არ გაგვიშვია. VAR-ი რომ ყოფილიყო პირველ შემთხვევაში შვეიცარიელი ფეხბურთელი უნდა გაძევებინათ და პენალტი დაენიშნათ.

-გიორგი ჩაკვეტაძეზე არაერთგვაროვანი ინფორმაცია ვრცელდება. ზოგი იმასაც ამბობს, რომ საოპერაციაო. ამჟამად, ის რა მდგომარეობაშია? თორნიკე ოქრიაშვილი „ანორთოსისს“ შეუთანხმდა, რომელსაც ზაფხულში შეუერთდება. მას ნაკრებში ისევ თუ გამოიძახებთ?

იაშვილი: „ჩაკვეტაძეს დღეს ვესაუბრე და მუხლი აღარ აწუხებს. მისი თქმით, თუ წინა მატჩში 20 წუთი ათამაშეს, ახლა უფრო მეტ დროს მისცემენ. თავს კარგად გრძნობს“.

ვაისი: „გიორგიმ უკვე ითამაშა. 100 პროცენტით მზად არაა, რადგან მუხლზე სახვევი უკეთია. ვიცი, რომ ოქრიაშვილმა კონტრაქტი კვიპროსულ კლუბთან უნდა გააფორმოს, მაგრამ ახალ კლუბში ვარჯიშს ახლა შეუდგება თუ ზაფხულიდან ვერ გეტყვით. თუ არ ივარჯიშებს და ითამაშებს, ნაკრებში მისი გამოძახება გაგვიჭირდება“.

-რაც ერთა ლიგაში ყაზახეთთან გამოგვდიოდა, შვეიცარიასთან და ირლანდიასთან არ გამოგვივიდა. ფეხბურთელებს ფიზიკური პრობლემების გარდა, ასეთი დონის გუნდებთან თამაშის დროს ფსიქოლოგიური პრობლემებიც ხომ არ აქვთ?

-ფეხბურთელებს არ ვაწყენინებ, მაგრამ შეადარეთ სად თამაშობენ მეტოქეები და სად ჩვენ. მათი ფეხბურთელები პრემიერ ლიგაში არიან, ხოლო ჩვენი – ყაზახეთში. სულელი უნდა ვიყო, რომ ჩემს ფეხბურთელებს ვუთხრა მეტოქეები თქვენზე ძლიერები არიანო. ჯაბა ყაზახეთში არ უნდა თამაშობდეს, რადგან ის გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთელია, მაგრამ სხვა არჩევანი არ ჰქონდა. 33 წლის ასაკში გდავიდა ყაზახეთში, სადაც ფინანსურად კარგი მდგომარეობაა და ჩემპიონატიც საქართველოზე მაღალი დონისაა.  არც მე მაქვს იმის განცდა, რომ შვეიცარიის ან ირლანდიის ნაკრებების მწვრთნელებზე უფრო მაღალი დონის ვარ. ასე რომ იყოს, მაშინ იქ ვიმუშავებდი. მოურინიო ან გვარდიოლა არ ვარ, ვაისი ვარ.

რაც ერთა ლიგის დონეზე საკმარისი იყო, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საკმარისი არაა.  ჩვენ ნებისმიერ მეტოქესთან სათამაშოდ ვემზადებით. ერთა ლიგაში ანდორასთან მატჩის გარდა, ყველა შეხვედრაში ყველაფერი გამოგვდიოდა. განვლილ ორ მატჩში რაც შეგვეძლო გავაკეთეთ, მაგრამ რადგან წავაგეთ ე.ი შეცდომები დავუშვით. როდესაც მეტოქეს ხარისხით ჩამორჩები, ისღა დაგრჩენია ხელი ჩამოართვა. კარგი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ ბოლომდე დახარჯვაა საჭირო. ალბათ, ასე არ გავაკეთეთ. მოვემზადებით გიბრალტართან და დანიასთან მატჩებისთვის. უნდა ვაჩვენოთ, რომ სხვა დონეზე თამაშიც შეგვიძლია.

ჩვენ ბელარუსთან მატჩისთვის ვემზადებით, სადაც სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იქნება. ადვილი შეხვედრა არ გველოდება, რადგან ბელარუსის ნაკრები ბატეს ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და 2-3 კარგი ლეგიონერი ჰყავთ. ბელარუსებიც ჩვენთან თამაშისთვის ემზადებიან. მათ ამისთვის ორი თვე ექნებათ. ჩვენ ამხანაგურ მატჩებს ჩილესთან და ხორვატიასთან ჩავატარებთ.

-შვეიცარიასთან მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობაში ორი ნომინალური მარცხენა მცველი იყო – ლევან ხარაბაძე და გიორგი ნავალოვსკი. თუმცა, პირველ მატჩი ტაბიძემ დაიწყო და შემდეგ მარცხენა ფრთაზე კაშია გადავიდა, ხოლო მეორე შეხვედრაში მარცხენა მცველად ხოჭოლავამ ითამაშა. მსგავსი როტაცია მომდევნო მატჩებშიც თუ იქნება? ასევე, საინტერესოა ნაკრების ძირითად ცენტრალურ ფორვარდად ვის მიიჩნევთ?

-ნავალოვსკის ტრავმის შემდეგ 6 კვირა არ უვარჯიშია და დიდი მონდომების მიუხედავად, ფიზიკურად მოუმზადებელი იყო. თუმცა, მაინც გამოვიძახე, რადგან ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა და ნაკრებთან ერთად უნდა ყოფილიყო. ტაბიძე დავაყენე მიუხედავად იმისა, რომ ხარაბაძე გვყავდა, რომელმაც შვეიცარიაში თავისი კარიერა მშვენივრად დაიწყო. ტაბიძემ კარგად ითამაშა, მაგრამ ტვინის შერყევა მიიღო და მისი შეცვლა მოგვიწია. ნავალოვსკის არყოფნის შემთხვევაში, მარცხენა მცველის პოზიციაზე ტაბიძის, ხარაბაძის, ასევე დვალის გამოყენება შეგვიძლია, რომელსაც ყაზახეთთან და ლატვიასთან ცუდად არ უთამაშია.

ცენტრფორვარდს რაც შეეხება, ჩვენი შეტევა ყველაზე კარგად განვლილ შესარჩევ ციკლში უელსთან და ირლანდიასთან გამოიყურებოდა, როდესაც ლევან მჭედლიძე გვყავდა. თუმცა, ის ამ სამი წლის განმავლობაში ძალიან ხშირად ტრავმირებულია. ქვილითაია საუკეთესო ფორმაში არ იყო, მაგრამ თამაშის დიდი სურვილი ჰქონდა და ვენდე. მისით კმაყოფილი ვარ, მით უმეტეს იმ მძიმე ტრავმის შემდეგ, გამოჯანმრთელება მალე მოახერხა. კლუბში მწვრთნელი არ ენდობა რაც თავად მითხრა. ამ სეზონის შემდეგ „გენტში“ დარჩება თუ გაანათხოვრებენ არ ვიცი.

„ანორთოსისიდან“ მიქელთაძის გამოძახება მსურდა, მაგრამ მას პრობლემები შეექმნა და დუბლშემადგენლობაში გადაიყვანეს.  შანსი მივეცი არველაძეს, რომელსაც საუცხოოდ არ უთამაშია, მაგრამ ღირსეულად გამოიყურებოდა. ირლანდიასთან მატჩი ორი ფორვარდით დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ მეტოქეს მოედნის ცენტრში უპირატესობა ჰქონდა და ამიტომ, 4-3-3-ზე გადავეწყვეთ. არველაძეს კიდევ გამოვიძახებ. საერთოდ, თავდამსხმელი ბურთს მხოლოდ ფეხში არ უნდა ითხოვდეს, როგორც ეს საქართველოში უყვართ. ის მცველებს უკან და ფლანგებზეც უნდა იხსნებოდეს.

-განვლილ ორ მატჩში არსებული პრობლემები თუ დაინახეთ და რა გამოსავალს ხედავთ?

-პრობლემა მარტივია – მას სათამაშო პრაქტიკის არქონა ჰქვია. ჩვენ არ გვყავს 50 ფეხბურთელი და ვეყრდნობით მათ ვინც გვყავს. თუმცა, მთავარია ისინი ჯანმრთელები და კონცენტრირებულნი იყვნენ. როდესაც ასეთ მდგომარეობაში არ არიან, მაშინ ვინმეს დამარცხება რთულია. განვლილ ორ მატჩში ცუდ მდგომარეობაში ვიყავით და დამნაშავე მე ვარ.

მადლობა მობრძანებისა და შეხვედრისთვის. სჯობს კითხვები თამაშის მერე დამისვათ ხოლმე და ის დაწეროთ, რაც ვთქვი.

ლევან კობიაშვილი: „მნიშვნელოვანი შეხვედრაა და მომავალშიც ასე უნდა გაგრძელდეს. რა კითხვებიც არსებობს მწვრთნელმა პასუხი უნდა გასცეს, რათა გულშემატკივრებმა ყველაფერი იცონდნენ. კრიტიკა უნდა იყოს და ეს მეც მადგებოდა ფეხბურთელობის დროს.

ზოგადად ფეხბურთისადმი დამოკიდებულება იცვლება და სამწუხაროდ, უშუალოდ მატჩების განხილვის ნაცვლად, კითხვები ისმევა თუ რომელიმე ფეხბურთელი რატომ წავიდა ან რატომ არ იყო.

სამწუხაროა, რომ დავმარცხდით და თვითკრიტიკულები ვართ. ვლადიმირს არ უთქვამს, რომ ფეხბურთელები არ გვყავს. მისი სიტყვების არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა. განვლილ მატჩებში ჩვენი მთავარი პრობლემა ის იყო, რომ სისწრაფეები გვაკლდა. ამის გარეშე ასეთ დონეზე მოგება რთულია. გასულ წელს რა სისწრაფეებიც იყო და ფლანგებზე ინდივიდუალური მოქმედებები, ამ თამაშებში არ გვქონდა. სამწუხაროდ, მზად არ ვიყავით. შვეიცარიაზე უფრო დიდი გუნდებისთვის მოგვიგია და უფრო სუსტებთან წაგვიგია. რაღაც საკითხებმა არ გაამართლა. რაღაცაში მწვრთნელის შეცდომაც იყო, რის შესახებ ვლადიმირმა ღიად ისაუბრა.

მედიასთან შეხვედრა მისი სურვილი იყო. კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მთავარ მწვრთნელს და მის შტაბს. მომავალ მატჩებს უკეთესად მომზადებული შევხდებით და უკეთესად ვითამაშებთ. ჩვენ ერთი კონკრეტული მიზანი გვაქვს. როგორც წარმატება გვიხარია, ისე კრიტიკასაც ვიღებთ. უბრალოდ, ჩემი თხოვნაა, რომ მწვრთნელის სიტყვების არასწორი ინტერპრეტირება არ მოხდეს, რათა ამან პროცესი არ დააზიანოს”