“რეალი” ბეილის გაყიდვას გეგმავს – “სამეფო კლუბი” 113 მილიონს ითხოვს

0
4

ზინედინ ზიდანის „რეალი“ გარეტ ბეილის გასხვისებას აპირებს. გავლენიანი ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით „სამეფო კლუბის“ წარმომადგენლები უელსელი ფეხბურთელის აგენტებს შეხვდნენ და სამომავლო გეგმების შესახებ გაესაუბრნენ.

„ლოს-ბლანკოსის“ რიგებში გატარებული 6 სეზონის შემდეგ ბეილს „სანტიაგო ბერნაბეუს“ დატოვება ზაფხულში მოუწევს. გარეტის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს „ნისლიან ალბიონზე“ იჩენენ და სავარაუდოდ 29 წლის შემტევი კარიერას პრემიერ ლიგაში მოასპარეზე კლუბში გააგრძელებს.

AS-მა ის თანხაც დაასახელა, რომლის სანაცვლოდაც მადრიდელები ბეილის დათმობაზე თანხმობას განაცხადებენ. „რეალი“ მზადაა უელსელს 113 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეელიოს.

ბეილის გადაბირების ფუფუნება ბევრ გუნდს ნამდვილად არ აქვს. გასათვალისწინებელია გარეტის ხელფასიც. 29 წლის სუპერვარსკლავი ანაზღაურების სახით 25 მილიონ ფუნტს იღებს (გადასახადები არ იგულისხმება). გამომდინარე აქედან „რეალი“ მზადაა გაცვლის ვარიანტიც განიხილოს. მადრიდელთა მთავარი სამიზნე პოლ პოგბა, ედენ აზარი და კრისტიან ერიქსენი არიან.

ბეილმა „ლოს ბლანკოსის“ მაისურით 227 შეხვედრა ჩაატარა და 102 გოლი შეაგდო. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ყოფნისას მან ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა, კოპა დელ რეი, ესპანეთის სუპერთასი, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი და უეფას სუპერ თასი მოიგო, თუმცა ამ დროის განმავლობაში ტრავმა 22-ჯერ მიიღო.