სკანდალი გერმანულ ფეხბურთში – საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა

0
4
გერმანიის საფეხბურთო კავშირის (DFB) პრეზიდენტმა რაინჰარდ გრინდელმა, რომელსაც კორუფციაში ადანაშაულებენ, თანამდებობა დატოვა.
მთავარი დარტყმა გრინდელს ჟურნალმა Der Spiegel-მა მიაყენა. 29 მარტს გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში Der Spiegel-მა დაწერა, რომ 2016 წლის ივლისიდან 2017 წლის ივლისამდე გრინდელმა, როგორც DFB-ს შვილობილი კომპანიის სადამკვირვებლო საბჭოს თავმჯდომარემ, მიიღო დამატებითი შემოსავალი (78 000 ევრო) და ის შემოსავლების დეკლარაციაში არ ასახა.
მეორე ბრალდება კი კიდევ უფრო სკანდალურია: გრინდელმა არ აცნობა DFB-ს ხელმძღვანელობას 6 000 ევროს ღირებულების საათის შესახებ, რომელიც მას 2017 წელს უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ბიზნესმენმა გრიგორი სურკისმა აჩუქა. გრინდელის განცხადებით, მან არ იცოდა საათის ღირებულება და ეს საჩუქარი პოლიტიკური ჟესტი არ ყოფილა.
აღსანიშნავია, რომ DFB-ს ხელმძღვანელობიდან არავინ სცადა გრინდელის დაცვა. ორგანიზაციას დროებითი ვიცე-პრეზიდენტები რაინერ კოხი და რაინჰარდ რაუბალი უხელმძღვანელებენ, ახალი პრეზიდენტის არჩევნები კი სექტემბერში გაიმართება.