შვიდკაცა – თავდაჯერებულად მაღალი მიზნებისთვის

0
7

დაახლოებით ორ თვეში, საქართველოს შვიდკაცა ნაკრები ევროპის გრან პრისა და 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირში ჩაერთვება.

მანამდე გუნდი მოსამზადებელ ეტაპს გადის, რომლის პირველი ნაწილი – 2-კვირიანი შეკრება სამხრეთ აფრიკაში გაიარა და ზიმბაბვეს ტურნირი მოიგო, რომლის ფინალში აფრიკის ჩემპიონი ზიმბაბვე დაამარცხა.

ბოლო წლებში ეს ჩვენი 7-კაცასთვის პირველი მოგებული ტურნირია, რაც მწვრთნელებს, მოთამაშეებს და გულშემატკივრებს სამომავლოდ წარმატების იმედს უსახავს. გუნდის მთავარი მწვრთნელი ზაზა ლეჟავა ფიქრობს, რომ წინსვლის ერთ-ერთი მიზეზი ის ცვლილებებია, რომელიც ბოლო დროს შვიდკაცას მიმართულებით განხორციელდა:

„შვიდკაცას განვითარების ინიციატივა პირადად გოჩა სვანიძესგან წამოვიდა. ყველას კარგად გვაქვს გათავისებული, რომ ეს ოლიმპიური სპორტის სახეობაა და საქართველოს გუნდური სახეობებიდან სწორედ აქ აქვს წარმატების ყველაზე მეტი შანსი. გარდა ამისა, ქართული რაგბი იმსახურებს, რომ მსოფლიოს მოწინავე 16 გუნდს შორის რეგულარულად თამაშობდეს“ – ამბობს გუნდის მთავარი მწვრთნელი ზაზა ლეჟავა.

შვიდკაცას განვითარების მიზნით, ბოლო წლებში გარკვეული ცვლილებები მოხდა, განსაკუთრებით ახალგაზრდულ და ბავშვთა რაგბში. გარდა ამისა, ჩამოყალიბდა ბირთვი და კავშირმა 9 მოთამაშესთან უკვე გააფორმა კონტრაქტი, რომლებიც წელს შვიდკაცას საერთაშორისო ტურნირებში რეგულარულად ითამაშებენ. ლეჟავა ფიქრობს, ასეთი მიდგომით მოთამაშეთა რესურსი საგრძნობლად გაიზრდება და ეს მორაგბეები 15-კაცა ნაკრებს გააძლიერებენ:

„18 და 20-წლამდელთა ნაკრებიდან რეგულარულად ვიღებთ შევსებას. ამით ეს მოთამაშეები რჩებიან სანაკრებო სივრცეში, თამაშობენ მაღალი დონის ტურნირებს და როდესაც საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელები საჭიროდ ჩათვლიან, ეროვნულ გუნდს შეავსებენ. შვიდკაცა საუკეთესო საშუალებაა ხაზის მოთამაშეების მოსამზადებლად, მანამდე კი ისინი 3-4 წელი შვიდკაცას ნაკრებს გააძლიერებენ“.

რაგბის კავშირის დამოკიდებულება მოსწონს შვიდკაცას კაპიტან რამაზ ხარაზიშვილსაც, რომელიც ფიქრობს, რომ ასეთი მიდგომით ხელშესახები შედეგი წელსვე დადგება:

„რაგბის კავშირი მაქსიმალურად გვიწყობს ხელს, რამდენიმე მოთამაშესთან პროფესიული კონტრაქტი გაფორმდა, ასეთი რამ პირველად მოხდა და ასეთი მიდგომისთვის მინდა კავშირს მადლობა გადავუხადო. თუ ასეთი ყურადღება მომავალშიც გაგრძელდება, არ იქნება ბევრი ცვლილებები და მოთამაშეებს დიდი ხნით მოგვეცემა ერთად თამაშის შესაძლებლობა, შედეგი აუცილებლად იქნება და ამას წელსვე დავინახავთ, რადგან შვიდკაცაში შეთამაშებული გუნდი უფრო აღწევს წარმატებას, ვიდრე სახელი და გვარი“.

პირველები ზიმბაბვეში
ევროპის გრან პრისა და ოლიმპიადის შესარჩევი ეტაპისთვის მზადება უკვე დაწყებულია და გუნდმა წელს პირველი მოსამზადებელი ტურნირი ითამაშა, სადაც აფრიკის ჩემპიონ ზიმბაბვეს ნაკრებს ფინალში, ხოლო მესამე გუნდ ზამბიას ნახევარფინალში მოუგო და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

მთავარი მწვრთნელი შედეგთან ერთად გუნდის თამაშის ხარისხით და მოთამაშეთა მზადყოფნითაც კმაყოფილი დარჩა: „პირველ დღეს სუსტ მეტოქეებს ვეთამაშეთ, რა დროსაც სათამაშო სქემის შენარჩუნება რთულია, თუმცა ბიჭებმა ეს მოახერხეს და თამაშის ხარისხი თითქმის იდეალური იყო. მეორე დღეს უფრო რთული თამაშები გვქონდა და მეტოქეებს მოგების ჟინით ვაჯობეთ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან დიდი ხანია არაფერი მოგვიგია და საჭირო იყო საკუთარი თავის რწმენა დაგვებრუნებინა. აღსანიშნავია ისიც, რომ ფიზიკურად კარგად ვიყავით მომზადებული, რაც სამხრეთ აფრიკაში გატარებული ნაყოფიერი შეკრების შედეგია. ეს სამხრეთ აფრიკის მეორე ნაკრებთან მატჩშიც გამოჩნდა, რომელსაც სამხრეთ აფრიკის შეკრების მესამე დღეს ვესპარინგეთ და სამი ტაიმიდან ორი მოვუგეთ. რაც მთავარია, ამ ორმა კვირამ გუნდი შეკრა და ეს 7-კაცაში ფაქტობრივად გადამწყვეტია“.

აფრიკულ შეკრებას დადებათად აფასებს ხარაზიშვილიც, რომელიც მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს: „სამხრეთ აფრიკაში ნაყოფიერი შეკრება გვქონდა, ვეთამაშეთ ამ ქვეყნის მეორე ნაკრებს, საიდანაც პირველ გუნდში მოთამაშეები ხშირად ხვდებიან და ბევრი რამ ვისწავლეთ. ისეთი ახალი ნიუანსები გავიგეთ, რომლებსაც ევროპაში ვერასდროს ვისწავლიდით. მერე ვითამაშეთ ზიმბაბვეს ტურნირი და მისი გამარჯვებულები გავხდით. დიდი ხანია 7-კაცას არაფერი მოგვიგია და ეს წარმატება სწორედ ამით იყო მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი ქვეყნის ნაკრებები არ მონაწილეობდნენ, შვიდკაცას ტურნირის მოგება ყოველთვის დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული და ამ წარმატებით ყველანი გახარებულები ვართ“.

„ზიმბაბვეს და ზამბიის ნაკრებები კარგ სიჩქარეებზე თამაშობენ. ზიმბაბვე ჰონკონგის ტურნირისთვის ემზადება, სადაც მსოფლიო სერიის საგზური თამაშდება და ფინალში ის დავამარცხეთ. ჩვენთვის ეს პირველი მოსამზადებელი ტურნირი იყო და დასაწყისისთვის კმაყოფილები ვართ, მაგრამ ამით არ დავკმაყოფილდებით, ბევრს ვიშრომებთ და ვეცდებით ევროპაშიც მივაღწიოთ წარმატებას, რათა შემდგომში ოლიმპიადის საგზურისთვის ვიბრძოლოთ. იმედს ეს ორკვირიანი შეკრება მაძლევს, სადაც კარგი სელექციით ვიყავით წასული და ახალგაზრდებმაც ძალიან კარგად ითამაშეს. დარწმუნებული ვარ, წელს ბევრად უკეთესი შედეგები გვექნება, ვიდრე აქამდე გვქონდა“.

დებიუტი 18 წლის ასაკში
ზიმბაბვეს ტურნირზე შვიდკაცას ნაკრებში 18 წლის იაგო ხაბულიანის დებიუტი შედგა, რომელსაც ასაკი სულაც არ ეტყობოდა და უფროსების მხარდამხარ ღირსეული თამაში აჩვენა. ზაზა ლეჟავა იმედოვნებს, რომ ის ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირში თავის სიტყვას იტყვის: „იაგო ხაბულიანი შარშან, 18-წლამდელთა შვიდკაცა ნაკრებში ვნახეთ. ის გამორჩეულად სწრაფი მოთამაშეა, არ ერიდება და თითქმის ყოველთვის იგებს ორთაბრძოლებს, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ერთადერთი, მას გამოცდილება აკლია, თუმცა მისი იმედი მაქვს და მჯერა, ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირში თავის სიტყვას იტყვის“.

თავად ხაბულიანს უფროსების მხარდამხარ თამაშმა მოტივაცია კიდევ უფრო აუმაღლა:

„შვიდკაცა მიყვარს, რადგან ლამაზი, ინტელექტუალური თამაშია. ძალიან გამიხარდა, როდესაც 18 წლის ასაკში შვიდკაცას ნაკრებში დამიძახეს. მთელი შეკრების განმავლობაში ყველა მხარში მედგა და მამხნევებდა. სამხრეთ აფრიკაში ბევრი ახალი რამ ვისწავლეთ და ისე შევიკარით, რომ ზიმბაბვეს ტურნირზე ერთმანეთისთვის და ყველა ერთად საქართველოსთვის ვიბრძოდით. ჩემთვის ბედნიერება იყო ამ მორაგბეების მხარდამხარ თამაში და ტურნირის მოგებამ უდიდესი სიხარული მოგვიტანა. ახლა ჩვენ კიდევ უფრო მეტად მოტივირებულები ვართ და ვეცდებით კიდევ უფრო ბევრს მივაღწიოთ“.

ორი მოსამზადებელი ტურნირი
ზიმბაბვედან დაბრუნების შემდეგ, მორაგბეები კლუბებს დაუბრუნდნენ. დინამიკის შესანარჩუნებლად, ისინი შვიდკაცაში ჯერ კვირაში ერთხელ ივარჯიშებენ, მერე კვირაში 2-ჯერ, ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კი, „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეკრებაზე შევლენ და კვირაში 5 დღეს ერთად გაატარებენ.

ევროპის გრან პრის პირველ, მოსკოვის ეტაპამდე, რომელიც ივნისის ბოლოს გაიმართება, გუნდს ორი მოსამზადებელი ტურნირი ელის – 25-26 მაისს საფრანგეთში, ტურში, ხოლო 7-8 ივნისს რომში.

მოსკოვის გრან პრის ეტაპზე პირველ 9 ადგილზე გასული გუნდი, ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ეტაპის ევროპის ზონაში გადის. მათ დაემატება „ალაფის“ ორი მოწინავე და „კონფერენც დივიზიონის“ გამარჯვებული და ეს 12 გუნდი ივლისში, საფრანგეთში, ოლიმპიადის საგზურისთვის იბრძოლებს.

ზაზა ლეჟავა ამბობს, რომ მიზნის მიღწევა ძალიან რთული იქნება, თუმცა დარწმუნებულია, რომ შედეგი წინა წლებთან შედარებით უკეთესი იქნება:

„ზიმბაბვეს ტურნირის მოგება ავტომატურად სხვა ტურნირების მოგებას არ ნიშნავს. წელს ოლიმპიადის შესარჩევი ეტაპია და ყველა გუნდი განსაკუთრებულად ემზადება. თუმცა ჩვენ თავდაჯერებულები ვართ. ბიჭებმა იგრძნეს, რომ შვიდკაცაში ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეიძლება, მთავარია ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იყო მზად და თუ ჩვენს სათამაშო გეგმას 80%-ით მაინც შევასრულებთ, მოგების შანსი ყველასთან გვექნება“.

ოპტიმისტური განწყობა აქვს გუნდის კაპიტანსაც: „ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. პირველ გრან პრიმდე ორი მაღალი დონის მოსამზადებელი ტურნირი გვაქვს, შევთამაშდებით და მოსკოვში კარგ ფორმაში უნდა ვიყოთ. უკვე დროა ჩვენი ძალა ვაჩვენოთ და გრან პრის პირველ ეტაპზე არა მხოლოდ 9 გუნდში მოსახვედრად, არამედ საპრიზო ადგილების დასაკავებლად ვიბრძოლებთ“.

ევროპის გრან პრის პირველ, მოსკოვის ეტაპზე, 22-23 ივნისს ჩვენი გუნდი „გ“ ჯგუფში, ინგლისის, რუსეთისა და ესპანეთის ნაკრებებთან ითამაშებს. „ა“ ჯგუფში ირლანდია, საფრანგეთი, იტალია და რუმინეთი, ხოლო „ბ“ ჯგუფში გერმანია, პორტუგალია, უელსი და პოლონეთი მოხვდნენ.