“დინამომ” ჩემპიონი ლევან კუტალიას ჰეთ თრიქით დაამარცხა

0
6

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-5 ტურის ცენტრალურ მატჩში თბილისის ”დინამომ” ”დინამო არენაზე” ”საბურთალო” 4:2 დაამარცხა. ოთხმატჩიანი მოგებათა სერიის შემდეგ ”საბურთალო” კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველად დამარცხდა.

ანგარიში მეოთხე წუთზე ლადო დვალიშვილმა გახსნა, გამოცდილმა ფორვარდმა ყოფილ გუნდს ახლო მანძილიდან გაუტანა, თბილისის ”დინამოს” მცველები შეცდნენ.

მე-20 წუთზე აკაკი შულაიას ჩაწოდების შემდეგ ლევან კუტალიამ ზუსტი თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა, თუმცა 4 წუთში გუჯა რუხაიას საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა და კოხრეიძემ პენალტი ზუსტად დაარტყა, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მეორედ დაწინაურდა.

პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე ”საბურთალოს” მცველმა ლევან კაკუბავამ საკუთარ საჯარიმოში ივანისენია წააქცია, პენალტი კუტალიამ დაარტყა და გაიტანა – 2:2.

79-ე წუთზე მასპინძელთა ფეხბურთელის, აკაკი შულაიას ჩაწოდების შემდეგ ფრან კარბიას თავური დარტყმა ომარ მიგინეიშვილმა მოიგერია, თუმცა კუტალიამ ახლო მანძილიდან ცარიელ კარში გაიტანა და ჰეთ-თრიკი შეასრულა – 3:2.

ლევან კუტალია პირველი მოთამაშეა, რომელმაც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჰეთ თრიქი შეასრულა.

85-ე წუთზე სიმულაციის გამო მთავარმა მსაჯმა აკაკი შულაიას მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და ”საბურთალო” რიცხვობრივ უპირატესობაში აღმოჩნდა. მესამე დამატებულ წუთზე ლევან შენგელიას გადაცემის შემდეგ ფრან კარბიამ თავური დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:2.

ხუთი ტურის შემდეგ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ”საბურთალო” 12 ქულით ლიდერობს. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის უშუალო კონკურენტები ”ტორპედო,” ბათუმის ”დინამო” და თბილისის ”დინამო” არიან. სამივე გუნდმა ხუთი ტურის შემდეგ 9 ქულა დააგროვა.

თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენა”
დინამო (თბ) – საბურთალო 4:2
დინამო (თბ) (4-4-2): ხოსე პერალესი, გუჯა რუხაია, ვიქტორ მონხილი, აბდელ მეჯუბი, გიორგი ზარია (ფრან კარბია 72), აკაკი შულაია, გიორგი პაპავა, დმიტრო ივანისენია (ბაქარ ქარდავა 64), ლევან კუტალია (დავით კობოური 88), ნოდარ იაშვილი, ლევან შენგელია.
მთავარი მწვრთნელი: ფელის ვისენტე.
საბურთალო (4-3-3): ომარ მიგინეიშვილი, გაგი მარგველაშვილი, ლაშა შინდაგორიძე (ნიკოლოზ მალი 76), გიორგი კოხრეიძე, გრიგოლ ჩაბრაძე, ვლადიმერ დვალიშვილი (ოგნიენ როლოვიჩი 68), გიორგი დიასამიძე, გიორგი თევზაძე (ლუკა ლაკვეხელიანი 46), ლევან კაკუბავა, სანდრო ალთუნაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი.
გოლები: 0:1 დვალიშვილი (4), 1:1 კუტალია (20), 1:2 კოხრეიძე (24), 2:2 კუტალია (45+3), 3:2 კუტალია (79), 4:2 კარბია (90+3).
გაძევება: შულაია (85).