გოგა ბითაძე: “ბუდუჩნოსტში” ადრიატიკის ლიგის მოსაგებად გადავედი”

0
5

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პოდგორიცას „ბუდუჩნოსტის“ 19 წლის ცენტრალურ თავდამსხმელ გოგა ბითაძეს მიაჩნია, რომ მიმდინარე სეზონში მიდი უდიდესი პროგრესი თავდაუზოგავი შრომის შედეგია. მან ამის შესახებ ადრიატიკის ლიგის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში განაცხადა.

-გილოცავთ ადრიატიკის ლიგის საუკეთესო მოთამაშედ და საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელად დასახელებას, ასევე რეგულარული სეზონის სიმბოლურ ხუთეულში მოხვედრას. სეზონის დაწყებამდე ასეთ წარმატებას ელოდით?

-ზაფხულში ძალიან ბევრი ვიმუშავე, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, რომ ამ ჯილდოების მიღებას არ ველოდი. უბრალოდ ვცდილობდი როგორც შემეძლო ისე მეთამაშა და ყოველ მატჩში 100 პროცენტით დავხარჯულიყავი. ჯილდოების მოგებამ ძალიან გამახარა.

 -ადრიატიკის ლიგაში მეორე სეზონს ატარებთ და მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში საკუთარი პოტენციალი დაამტკიცეთ, ამჯერად ლიგა თქვენი დომინირებით განაცვიფრეთ. ასეთი დაუჯერებელი პროგრესისა და საუცხოოდ თამაშის საიდუმლო რაა?

-მჯერა რომ ყველაფერი მძიმე შრომის შედეგია. თამაშზე კონცენტრაცია, ყოველ დღე კალათბურთზე ფიქრი, პოზიტივის შენარჩუნება და გულმოდგინედ ვარჯიში აუცილებელია. თითოეულ ვარჯიშზე 100 პროცენტით დახარჯვაა საჭირო. ცხადია, უნდა ვთქვა, რომ საუცხოო მწვრთნელებთან და თანაგუნდელებთან ვმუშაობ, რომლებიც ძალიან მეხმარებიან.

 -ადრიატიკის ლიგაში სეზონი „მეგა ბემაქსში“ დაიწყეთ, რომელიც ახალგაზრდა მოთამაშეების განვითარებითაა ცნობილი, ხოლო შემდეგ ლიგის ჩემპიონ „ბუდუჩნოსტში“ გადახვედით, სადაც ყოველ მატჩში მხოლოდ წარმატებას და მაღალ ხარისხს ელოდებიან. თქვენს განვითარებაში ორივე კლუბმა რა წვლილი შეიტანა?

-„მეგა ბემაქსი“ დამეხმარა როგორც კალათბურთელი და პიროვნება გავზრდილიყავი. მათ ხელი ჩემი თვისებების გამოლენაში შემიწყვეს და დამეხმარნენ მერწმუნა, რომ კალათბურთის თამაში შემიძლია. „მეგა ბემაქსის“ მწვრთნელები, თანაგუნდელები და კლუბის ყველა წევრი ძალიან დამეხმარა.

„ბუდუჩნოსტში“ ასევე ძალან დამეხმარნენ და საუცხოო გამოცდილება მივიღე კლუბში, რომელშიც ყველა მატჩში ნებისმიერ მეტოქესთან მხოლოდ გამარჯვებას ელოდებიან. გარდა ამისა, ევროლიგაში ძალიან მაღალი დონის კალათბურთელების წინააღმდეგ თამაშის გამოცდილებაც შევიძინე. ამიტომ, ორივე კლუბის მადლიერი ვარ.

-„ბუდუჩნოსტში“ თანაგუნდელებმა როგორ მიგიღეს? მთავარ მწვრთნელ ჟასმინ რეპეშასთან როგორ ურთიერთობა გაქვთ, დეიან მილოევიჩისგან რით განსხვავდება?

-საუცხოო თანაგუნდელები მყავს და ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. რეპეშას დიდი ხანი არაა რაც ვიცნობ, მაგრამ ძალიან დიდი პატივს ვცემ და ვაფასებ იმას რასაც აკეთებს. სიტყვებით ვერ აღვწერ ისეთი მადლიერი ვარ დეიან მილოევოჩის, რომელმაც ჩემს პროგრესს ხელი ძალიან შეუწყო. მიმაჩნია, რომ რასაც დღეს ვთამაშობ, 90 პროცენტი მისი დამსახურებაა.

 -მიმდინარე სეზონში „ბუდუჩნოსტისგან“ რას ელოდებით?

-„ბუდუჩნოსტში“ იმიტომ გადავედი, რომ ადრიატიკის ლიგა მოვიგო. ამას ხშირად ვიმეორება, მაგრამ ეს მართლაც ჩემი მთავარია მიზანია, რომელზეც მუდმივად ვფიქრობ.