საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 21 მარტს „დინამო არენაზე“ ივარჯიშა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე, სავარჯიშო პროცესი ერთ საათს გაგრძელდა. ჩვენი გუნდი შვეიცარიასთან მატჩისთვის 25 ფეხბურთელით ემზადება. ეროვნულ გუნდში ამ დროისთვის გამოძახებული ყველა მოთამაშე ჯანმრთელადაა და წლის სადებიუტო მატჩის მოლოდინშია.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა ფეხბურთელმა გურამ კაშიამ მოახლოებულ მატჩზე და ახალი საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებაზე ისაუბრა: “ყველაზე მთავარი ისაა, რომ ნაკრებშიც და გულშემატკივრებშიც შევქმენით დადებითი განწყობა და ხალხს იმედი დავუბრუნეთ. მომავალ ორ თამაშში რთული მეტოქეები გვყავს, მაგრამ თავდაჯერებულები ვართ.
მატჩებისთვის მოსამზადებლად ძალიან მოკლე პერიოდი გვაქვს, მაგრამ ახლა კონკრეტულად შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ ვემზადებით. საკვალიფიკაციო ტურნირის კარგად დაწყება, ძალიან მნიშვნელოვანია და ფეხბურთელებს გვსურს, რომ მომავალ ორ თამაშში დადებითი შედეგი ვაჩვენოთ.
ვფიქრობ, რომ ჩვენს ჯგუფში ურთიერთშეხვედრებში ძალიან ბევრი ქულა დაიკარგება, ამიტომ აღნიშნული ორი თამაშის შედეგი ჯგუფში ჯერჯერობით არაფერს გადაწყვეტს. საკმაოდ რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა მწვრთნელი, ფეხბურთელები და ალბათ გულშემატკივარიც ისეთი თავდაჯერებული ვართ, რომ წარმატების მიღწევის შანსი გვაქვს.
თანამედროვე ფეხბურთში გულშემატკივარს უდიდესი როლი აქვს, ამიტომ თითოეულ ჩვენგანს დიდი იმედი გვაქვს, რომ 23 მარტს “დინამო არენა” კვლავ გაივსება. ეს ფაქტი მოთამაშეებს თავდაჯერებას და დამატებით ძალას გვაძლევს”.