”გენტის” პრეზიდენტი: ”ჩაკვეტაძე თვითნაბადი ოქროა და შემდეგ სეზონშიც ”გენტში” ითამაშებს”

0
18

”გენტის” პრეზიდენტის მიშელ ლუვაჟის განცხადებით გიორგი ჩაკვეტაძე ზაფხულში ბელგიურ კლუბს არ დატოვებს და შემდეგ სეზონს კვლავ ”გენტში” გაატარებს.

ლუვაჟი voetbalnieuws.be-ს ესაუბრა: ”ჩაკვეტაძე თვითანაბადი ოქროა. მას ტრავმა აქვს, რაც შესაძლოა არც თუ ისე ცუდია, რადგან შემდეგ სეზონშიც ”გენტში” ითამაშებს.”

გიორგი ჩაკვეტაძეს ტრავმა დაახლოებით სამი თვეა აწუხებს, რის გამოც უახლოეს ორ სანაკრებო შეხვედრას გამოტოვებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ”სპორტი იმედზე” სტუმრობისას გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა.

ალექსანდრე იაშვილი: ”გენტთან” კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად გვაქვს. დამკვიდრებული წესია, როცა ფეხბურთელს ტრავმა აქვს, კლუბმა ფედერაციას უნდა აცნობოს. მაგალითად, ლაშა დვალმა ტრავმა მიიღო და კლუბმა სამედიცინო დასკვნა გამოაგზავნა. სამწუხაროდ, ”გენტთან” ძალიან ხშირად გვიწევს შეხსენება, რომ გამოაგზავნონ სამედიცინო დასკვნა. ეს პრობლემა ბელგიურ კლუბთან გვაქვს და ჯერ ვერ მოგვარდა.ამასთან დაკავშირებით ”გენტის” ხელმძღვანელებთან საუბარი გვქონდა, რომ კომუნიკაცია გამოსწორებულიყო, თუმცა სამწუხაროდ ვითარება არ შეცვლილა.

გიორგის ტრავმა ძალიან სამწუხაროა, როგორც ეროვნული ნაკრებისთვის, ასევე კლუბისთვის. სამი თვეა ეს ყველაფერი იწელება. უნდა ჩამოყალიბდნენ საჭიროა თუ არა ოპერაცია”.

ბელგიის თასის ნახევარფინალში ასპარეზობის შემდეგ ჩაკვეტაძემ ”გენტის” შვიდი მატჩი გამოტოვა.