ბითაძის 11 ქულა და 7 მოხსნა მოქმედ ჩემპიონთან

0
3

ევროლიგის 27-ე ტურში გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტი” სტამბოლში ტურნირის მოქმედ ჩემპიონსა და მიმდინარე სეზონის ლიდერ “ფენერბაჰჩეს” დაუპირისპირდა და მედგარი წინააღმდევობა გაუწია. საბოლოოდ პოდგორიცელები მაინც დამარცხდნენ (67:76), თუმცა მეტოქე საკმაოდ ანერვიულეს.

საინტერესოა, რომ შეხვედრის დასრულებამდე 06:24 წუთით ადრე, 19 წლის ქართველმა ცენტრმა პოდგორიცელები 66:64 დააწინაურა, დარჩენილ დროში კი სტუმრებმა მხოლოდ ერთი (!) ქულა ჩააგდეს და წაგებას ვერ გადაურჩნენ.
ბითაძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 17:42 წუთში 11 ქულა, 7 მოხსნა (5 შეტევაში), 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. გოგამ 6-დან 3 ორქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
ქართველი ლეგიონერისთვის ეს პირველი ევროლიგური შეხვედრა იყო, რომელშიც თუნდაც 1 დაფარება ვერ მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 15-ს გაუტოლდა.
ქულების მხრივ, სტუმართაგან, ბითაძეს მხოლოდ ამერიკელმა ეარლ კლარკმა (20) აჯობა, “ფენერბაჰჩეს” კი სერბმა ნიკოლა კალინიჩმა (14), ჩეხმა იან ვესელიმ (13), ბერძენმა კოსტას სლუკასმა (11) და თურქმა აჰმეტ დუვერიოღლუმ (11) ულიდერეს.

“ბუდუჩნოსტს” 27 ტურის შემდეგ 6 გამარჯვება აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 21 მარტს, შინ, სტამბოლის კიდევ ერთ წარმომადგენელ “ანადოლუ ეფესთან” ჩაატარებს.