ვატო არველაძე: “იმედი მაქვს ფეხბურთში ბევრს მივაღწევ”

0
26

პოლონური ”კორონას” ქართველ ფორვარდთან, ვატო არველაძესთან przegladsportowy.pl-მ ინტერვიუ ჩაწერა. საქართველოს ეროვნული ნაკრების დებიუტანტი საინტერესო თემებზე საუბრობს.

ვატო არველაძე უყურებს ფოტოს, რომელზეც მისი მამა რევაზ არველაძე და მისი ბიძები, შოთა და არჩილ არველაძეები არიან. ”კორონას” შემტევი რიტორიკულ კითხვას სვამს: ”როდესაც ოჯახში ასეთი ადამიანები გყავს, როგორ შეიძლება  ვერ გახდე ფეხბურთელი”?

ვატო ჰამბურგში დაიბადა, სადაც მისი მამა თამაშობდა. რევაზ არველაძე გერმანიის რანგით მესამე ლიგის კლუბ ”ჰომბურგში” ასპარეზობდა.

ვატო არველაძე:”შოთას ბიჭი ფეხბურთს კარგად თამაშობდა, მას თამაშის კარგი უნარები ჰქონდა, თუმცა აქცენტი სწავლაზე გააკეთა. მან ინგლისში პოლიტიკის მეცნიერება ისწავლა და ამჟამად შოტლანდიაში მუშაობს.

რაც შეეხება ჩემს ძმას, მას ფეხბურთის თამაში ძალიან უყვარდა, თუმცა არ ჰქონდა ნიჭი. ამგვარად მხოლოდ მე დავრჩი, ვინც ფეხბურთელის კარიერა აირჩია. დღეს მთელი ოჯახი მე მიყურებს, იმედი მაქვს ფეხბურთში ბევრს მივაღწევ. მე არ ვარ წნეხის ქვეშ, ოჯახის წევრები მეხმარებიან, მათ შორის დედა, რომელიც სპორტსმენი არაა, დიზაინერია, მაგრამ მას უყვარს ფეხბურთი და სურს წარმატებებს მივაღწიო.

როცა საშუალება აქვს, შოთა ჩემს თამაშებს უყურებს და შემდეგ უამრავ რჩევას მაძლევს” – ამბობს ფეხბურთელი, რომელიც გასულ ზაფხულში თბილისის ”ლოკომოტივიდან” ”კორონაში” გადავიდა.

ვატო არველაძისთვის ”კორონა” პირველი უცხოური კლუბი არაა. 16 წლის ასაკში თურქულ ”ქასიმფაშაში” გადავიდა, სადაც ასაკობრივ გუნდში თამაშობდა, პირველ გუნდს შოთა არველაძე წვრთნიდა და ვატოს მისი ხელმძღვანელობით ვარჯიში ხშირად უწევდა.

ვატო არველაძე: ”საქართველოში 15 და 16 წლის ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია, თუმცა კლუბებს სათანადო ფინანსური პირობები არ აქვთ, ასევე არაა სავარჯიშო პირობები და ყველა, ვინც უცხოეთში თამაშის შანს იღებს, ქვეყანას ტოვებს.

”ქასიმფაშაში” დიდებული ფეხბურთელები თამაშობდნენ. მათ შორის იყო რაიან ბაბელი, თუმცა ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება რაიან დონკმა მოახდინა. ამჟამად დონკი ”გალათასარაის” ფეხბურთელია.

17 წლის ვიყავი და კლუბის დატოვება გადავწყვიტე, რადგან პირველ გუნდში თამაშს მხოლოდ მაშინ შევძლებდი, როცა სრულწლოვანი გავხდებოდი. საქართველოს პასპორტი მაქვს და პირველ გუნდში მხოლოდ ვარჯიშის უფლება მქონდა. საბოლოოდ სამშობლოში დაბრუნება გადავწყვიტე”.

ვატო არველაძე მის აგენტ მინო რაიოლაზე საუბრობს, რომელსაც შოთა არველაძის დახმარებით დაუკავშირდა: ”რაიოლამ ყველაფერი იცის ფეხბურთის შესახებ.ის პოგბასა და ლუკაკუს კარიერაზე ზრუნავს. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო აგენტია. დარწმუნებული ვარ თუ დიდებულ ფორმაში შევალ, რაიოლა დამეხმარება კარიერულ წინსვლაში და ოჯახი ჩემით იმაყებს”.

შეგახსენებთ, ვატო არველაძემ პოლონეთის ჩემპიონატის გასულ 4 ტურში 4 გოლი შეაგდო და  პენალტი გამოიმუშავა, რასაც ეროვნულ ნაკრებში მიწვევა მოჰყვა.