გოგა ბითაძის 24 ქულა და MVP-ის ტიტული

0
5

გოგა ბითაძემ ადრიატიკის ლიგის რეგულარული ჩემპიონატი მაჟორულ ნოტზე დახურა. ბოლო ტურის მატჩში 19 წლის ქართველის “ბუდუჩნოსტმა” პოდგორიცეში ხორვატულ “ცობონას” უმასპინძლა და ბითაძის ლიდერობით 91:82 დაამარცხაა. ქართველი ცენტრი მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა და MVP-ის ტიტულიც დაიმსახურა.

ბითაძე მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 26:56 წუთში 9-დან 7 ორქულიანი, ერთი სამქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. გოგამ 24 ქულა, 4 მოხსნა, თითო პასი-დაფარებაც მოაგროვა, პასივში კი – 4 პერსონალური ჯარიმა ჰქონდა.

გოგას წინააღმდეგ თამაშის წესები 6-ჯერ დაირღვა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 28-ს გაუტოლდა და ის მთლიანად ტურშიც მხოლოდ “იგოკეას” წევრ დანილო ანჯუშიჩს (30) ჩამორჩა. ცნობისთვის, ბითაძე ადრიატიკის წინა ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

“ბუდუჩნოსტმა” რეგულარული ჩემპიონატი 16 მოგებითა და 6 მარცხით დაასრულა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი დაიკავა. პოდგორიცელები ადრიატიკის ლიგის ნახევარფინალში ზაგრებულ “ცედევიტას” ეთამაშებიან, ფინალის მეორე საგზურისთვის კი სერბული გრანდები “ცრვენა ზვეზდა” და “პარტიზანი” იბრძოლებენ. პლეი ოფი ორ მოგებამდეა და ის 23 მარტიდან დაიწყება.