მესის ღირსეული საქციელი

0
5

ლა ლიგის 27-ე ტურში, ნოუ კამპზე, “ბარსელონამ” “რაიო ვალეკანოს” უმასპინძლა და 3:1 მოუგო. შეხვედრის 51-ე წუთზე, კატალონიური კლუბი წინ ლიონელ მესიმ 11-მეტრიანი დარტყმის წყალობით გაიყვანა.

ერთ-ერთ ეპიზოდში, “ბარსელონას” ლიდერმა ღირსეული საქციელი გამოიჩინა და მსაჯს მიმართა, რომ მის წინააღმდეგ თამაშის წესები არ დარღვეულა. რეალურად, მესიმ ცრუმოძრაობის შემდეგ, ორი მცველის გარემოცვიდან თავი დაიღწია და საჯარიმოში შეიჭრა, თუმცა ჯერ წონასწორობა, შემდეგ კი ბურთი დაკარგა. მატჩის მთავარმა არბიტრმა მარიო მელერომ მიიჩნია, რომ არგენტინელი ვარსკვლავის მიმართ რაიო ვალეკანოს ფეხბურთელებმა იუხეშეს და დახმარებისთვის ვიდეო რეფერის მიმართა, თუმცა VAR-მა მესის სიტყვები დაადასტურა.

31 წლის ფეხბურთელს, მადრიდელებთან გატანილი ბურთის შემდეგ, ესპანეთის ჩემპიონატში 26 გოლი დაუგროვდა და ევროპის “ოქროს ბუცის” დავაში ერთპიროვნული ლიდერის სტატუსი გაიმყარა. “ბლაუგრანას” კაპიტნის ანგარიშზე 12 საგოლე გადაცემაცაა.