ვარჯიშზე სერხიო რამოსმა და მარსელომ იჩხუბეს

0
3

მადრიდის “რეალში” ატმოსფერო დამძიმებულია – გუნდმა მიმდინარე სეზონში უკვე დაასრულა ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლა, დამარცხდა “ბარსელონასთან” ესპანეთის თასის ნახევარფინალში, ლა ლიგაში გამარჯვების შანსი კი, პრაქტიკულად, აღარ აქვს. ნერვების მოთოკვა აშკარად უჭირს რეალის კაპიტან სერხიო რამოსს, რომელიც ცოტა ხნის წინ გასახდელში კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს დაუპირისპირდა, ამჯერად კი –  თანაგუნდელ მარსელოს.

როგორც Marca იუწყება, შაბათს გამართულ ვარჯიშზე რეალის მცველებს კონფლიქტი მოუვიდათ. როგორც ირკვევა, ერთმანეთში თამაშის დროს რამოსი და მარსელო სხვადასხვა გუნდებში აღმოჩნდნენ, კაპიტანი კი ბრაზილიელის ქცევამ გააღიზიანა, რომელმაც თავისი გუნდის წარმატება მეტისმეტად ემოციურად გამოხატა.

ფეხბურთელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე წუთს გაგრძელდა, შემდეგ კი კონფლიქტში სხვა ფეხბურთელებიც ჩაერივნენ და საბოლოოდ ყველაფერი მცველების შერიგებით დასრულდა.