„რუსეთთან ერთგვარი ფინალი იქნება, თუმცა ჯერ გერმანია გვყავს დასამარცხებელი“

0
2

ბრიუსელში ბელგიის 46:6 დამარცხების შემდეგ, ბორჯღალოსნები „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე წლის მეოთხე მატჩისთვის ემზადებიან, რომელსაც ქუთაისში, 10 მარტს 16 საათზე გერმანიასთან გამართავენ.
მატჩზე დასასწრები ბილეთები, რომელთა ფასი 10 ლარია, “აია არენას” სალაროებში (11-იდან 19 საათამდე) და ონლაინ შემდეგ მისამართზე იყიდება – www.TKT.GE/Rugby.

მეოთხედ ქუთაისში
ბორჯღალოსნებს აქამდე ქუთაისში სამჯერ უთამაშიათ და სამი გამარჯვება აქვთ. ნაკრებმა არსებობის ისტორიაში თავისი პირველი მატჩი 1989 წელს სწორედ ამ ქალაქში გამართა და ზიმბაბვეს 16:3 მოუგო; 2005 წელს გუნდმა ერთა თასზე (ახლანდელი რაგბი ევროპა) ჩეხეთს უმასპინძლა და 75:10 გამარჯვებით, თასი შემართა; შარშან კი რაგბი ევროპის პირველ შეხვედრაში ბელგია „აია არენაზე“ მიიღო და 47:0 დაამარცხა.
გერმანიის ნაკრები ქუთაისში პირველად გვეწვევა, აქამდე კი ამ გუნდს 7-ჯერ შევხვდით და ყველა ჯერზე დავამარცხეთ – სამჯერ სტუმრად, ორჯერ „ბორის პაიჭაძეზე“, თითოჯერ კი „ავჭალასა“ და რუსთავში.
ყველაზე დიდი სხვაობა 2010 წელს „ბორის პაიჭაძეზე“ დაფიქსირდა – 77:3, შარშან კი მეტოქეს ოფენბახში 64:0 ვაჯობეთ. გერმანიასთან 7 მატჩში გატანილი გვაქვს 55 ლელო და მივიღეთ 3,ხოლო ქულათა სხვაობა 366:32-ზეა.

ლაღი თამაშით გამარჯვებისთვის
ბორჯღალოსნებმა გულშემატკივრებისა და ქომაგებისთვის დღეს „შევარდენზე“ ღია ვარჯიში გამართეს, რომელიც 2 საათი გაგრძელდა, მისი დასრულების შემდეგ კი, მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა მომავალ მატჩზე ისაუბრეს.

პირველი სიტყვა ლევან მაისაშვილმა აიღო:
„ბელგიასთან თამაშის წინ, ინგლისში შრომატევადი და ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. ახლა გერმანიასთან სათამაშოდ ვემზადებით, რომელიც, სავარაუდოდ, ბელგიაზე უფრო ძლიერი ნაკრებია, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ჩვენ მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები გავაანალიზეთ, თუმცა უფრო მეტად ჩვენი თამაში გვაინტერესებს, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. მნიშვნელოვანია, რომ ორივე კომპონენტში ვდომინირებდეთ“.

მორაგბეებმა მომავალი თამაშისთვის მზადებაზე და მატჩების ქუთაისში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს:

გიორგი (კოკი) თხილაიშვილი: „მეტოქე ძლიერთა კატეგორიას არ განეკუთვნება, თუმცა ჩვენი სურვილია, რომ სწორი თამაში ვაჩვენოთ, მწვრთნელთა მონახაზში ჩავჯდეთ და მაყურებელი ვასიამოვნოთ. ძალიან კარგია, რომ ეს შეხვედრა ქუთაისში იმართება და იქაურ გულშემატკივარს გავახარებთ. მათგან დიდ მხარდაჭერას ველოდებით და კარგი იქნება, თუ ქუთაისში ხშირად ვითამაშებთ. საკადრო პრობლემები არ გვაქვს, თუმცა ვფიქრობ, შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება“.

დავით კაჭარავა: „გერმანიასთან ბევრჯერ გვითამაშია და მისგან რაიმე სიურპრიზებს არ ველოდებით. რა თქმა უნდა ფავორიტი საქართველოა და ჩვენი მიზანი გამარჯვებაა. გარდა ამისა, მსოფლიო თასამდე სულ რამდენიმე თამაში დაგვრჩა და ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი მომდევნო შეხვედრისთვის გავაუმჯობესოთ ხარისხი, დავხვეწოთ ყველა დეტალი და მსოფლიო თასს ფორმის პიკში შევხვდეთ“.
„ძალიან კარგია გერმანიას ქუთაისში რომ ვმასპინძლობთ, რადგან რეგიონებში ადგილობრივი მაყურებელი მოდის, რომელთაც დედაქალაქში ჩამოსვლის შესაძლებლობა არ აქვთ და მოედანზე ჩვენი ხილვით, დიდ სიამოვნებას საკუთარ ქალაქში იღებენ. მით უმეტეს, რომ ქუთაისი სარაგბო ქალაქია და ვფიქრობ, ეროვნული ნაკრებისთვის ასეთი გასვლები აუცილებელია“.
„რუსეთთან თამაშს საქართველოშიც და იქაც ყველა ელოდება, რადგან ჩვენთან შეხვედრა მათთვისაც განსაკუთრებული მოვლენაა. ეს ერთგვარი ფინალი იქნება, თუმცა ჯერ გერმანია გვყავს დასამარცხებელი“.

გიორგი ბეგაძე: „შევეცდებით, რომ გერმანიას სწრაფი, ლაღი და გაშლილი თამაში დავუპირისპიროთ. ისე, როგორც ბელგიასთან, აქაც ვეცდებით, რომ ჩვენი ნახევრიდანაც ხელით შევუტიოთ. მოვუწოდებ ქუთაისელ გულშემატკივარს, მოვიდეს სტადიონზე და ჩვენ მათ ლამაზ თამაშს შევთავაზებთ. ამ ტურნირს მსოფლიო თასისთვის მოსამზადებლად ვიყენებთ და ვფიქრობ, ეტაპობრივად ყველა კომპონენტში ვუმატებთ. რა თქმა უნდა, იდეალურამდე ჯერ შორს ვართ, მაგრამ დრო გვაქვს და მსოფლიო თასამდე ამ დეტალებსაც დავხვეწავთ“.