21 თებერვალს კრეტის ქალაქ ჰერაკლიონში ჩავფრინდი, სადაც საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები საბერძნეთს ეთამაშებოდა.
სპორტის გარდა იყო კიდევ არაერთი სატყუარა, რომლის ცოცხლად ხილვაზე ბევრი ისტორიკოსი ოცნებობს:
ჰერაკლიონში ხომ ფესტოს დისკო ინახება;
ჰერაკლიონთან მსოფლიოს უძველესი, კნოსის სასახლეა;
კნოსის სასახლე მეფე მინოსს, მინოტავრსა და ლაბირინთს უკავშირდება;
მინოსი – ქართველების სიძეა…
წავედი!
ჩვენს “აპარტამენტში” გავიქეცით, თუმცა ტრანსპორტით დანიშნულების ადგილს ვერ მივაღწიეთ. მიზეზი ხელჩაკიდებული მამა-შვილი იყო:
ჩანთები დავალაგეთ და დარბაზისკენ ავიღეთ გეზი. ჩავუარეთ ლომების სკვერს, მოროსინის შადრევანს, რომელიც კრეტელებს ვენეციელებმა დაუტოვეს, 1205-1669 წლებში ხომ კრეტა ვენეციის სამეფოში შედიოდა.
– “დიო აორაკია” რას ნიშნავს? – ვკითხეთ ტაქსის მძღოლს, რომელმაც პოლიციელებს ჩვენ გამო კინაღამ ხელჩართული ჩხუბი გაუმართა.
– “დიო” ორს ნიშნავს, “აორაკია” – გორას.
– ორი გორაკი, – ესეც მეორე ქართულ-კრეტული პარალელი.
დარბაზის მისასვლელამდე ასიოდე მეტრის მოშორებით პოლიციას გზა ჰქონდა გადაკეტილი. ალბათ, იმიტომ, რომ საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების ავტობუსები არავის შეეფერხებინა. ქართველი ჟურნალისტები მიმყავს – როგორთუ არ მიშვებთო, დიდხანს იბრძოლა ჩვენმა მძღოლმა, მაგრამ რომ არაფერი გამოუვიდა ხელი სათითაოდ ჩამოგვართვა და დაგვემშვიდობა. პოლიციელებმა კი ყავის სმა ისევე მშვიდად განაგრძეს, როგორც დაიწყეს.
“დიო აორაკიას” პრესცენტრში მისულმა კუთვნილი აკრედიტაცია რომ მოვითხოვე, ახალგაზრდა გოგონამ ყოველგვარი თვალიერების გარეშე ამოიღო ჩემი “ბეიჯი”, გამომიწოდა და ღიმილით მითხრა:
– სიმონ!
– სიმონ არა, სიმონიშვილი, – შევუსწორე და არენის შესასვლეისკენ გავეშურე, სადაც წამი-წამზე საქართველოს ნაკრების ავტობუსი უნდა მოსულიყო.
რა მოხდა საბერძნეთი-საქართველოს თამაშზე და როგორ ქომაგობდნენ ჩვენს გუნდს ემიგრანტი ქართველები, ცალკე სტატიაში ნახავთ, აქ მხოლოდ საინტერესო ფინალს დაგიხატავთ: კალათბურთელები დარბაზიდან რომ გამოვიდნენ, ქომაგები ემოციურად შეხვდნენ. თბილადაც ისაუბრეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
ამის შემდეგ თამაშის მიმოხილვაში ჩავიფლე, აღარც სურათი გადამიღია და აღარც ვიდეო. თბილისის დროით 2 საათი რომ შესრულდა მაშინღა გამახსენდა, რომ მეორე დილას, 9-ზე კრეტის ისტორიის მუზეუმში უნდა ვყოფილიყავი, შემდეგ კნოსის მუზეუმში, საიდანაც მინოსის სასახლეში უნდა წავსულიყავი და კრეტული ვოიაჟი 3 საათზე აეროპორტში დამესრულებინა.
მოვასწრებდი? – უნდა მომესწრო!
– ასე ადრიანად ხაშზე მიგყავართ, – დაიჩივლა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა.
კრეტის მუზეუმებში უამრავი ხარის თავი ვნახეთ, იმდენი ხაში გამოვიდოდა… თუმცა ამ თემაზე ხუმრობა არ შეიძლება – ხარი ხომ კრეტელების წმინდა ცხოველი გახლდათ. მინოსის სამეფოს სიმბოლოს სწორედ ხარის რქები წარმოადგენდა.
ჩემთვის ყველზე საინტერესო შუბლის ნიშანი იყო – ბორჯღალი.
გგონიათ დავწერ – ესეც მესამე პარალელი საქართველოსთან? არა, ბორჯღალი ძველი სამყაროს პოპულარული სიმბოლო იყო. საქართველო კი, ისევე როგორც კრეტა – ამ სამყაროს საპატიო წევრი.
ეს ხარი უბრალო დეკორაცია არ გეგონოთ – რიტონია, განსხვავებული სასმისი წმინდა ღვინის მისართმევად. ხარივით სვამსო – ამის დამცლელზე იტყოდნენ.
დიახ, 3600 წლის წინ კრეტაზე ღვინოსაც აყენებდნენ. აი, ფაქტები:
სურათებითა და შთაბეჭდილებებით დატვირთულები გამოვედით ჩემთვის ყველაზე საინტერესო (უცხოეთში) მუზეუმიდან…
ნახეთ, ვინ შეგვეგება კნოსის სასახლის შესასვლელში:
ლეგენდა მინოტავრზე ხომ გაგიგიათ? მეფე მინოსმა ლაბირინთში რომ დაამწყვდია და თეზევსმა მოკლა. რომ არა არეადნა და მისი ძაფი, არც ეს ლეგენდა იქნებოდა… ათასწლეულების განმავლობაში მეფე მინოსი ლეგენდის ნაწილი ეგონათ, ისევე როგორც მისი ლაბირინთი. 1900 წელს, როდესაც სერ არტურ ევანსმა კნოსის სასახლე გათხარა, ლეგენდამ რეალური კონტურები შეიძინა – მეფე მინოსის სასახლე იმდენად დიდია, ისეთი გეგმითაა აგებული, თუ სიღრმეში შეხვედი, უკან გამოსაბრუნელად არეადნას ძაფი უთუოდ დაგჭირდება.
მოდით, კნოსის სასახლეში შემდეგ ბლოგში ვიმოგზაუროთ. აქ კი, ერთ ფოტოს დაგიტოვებთ და კრეტის პორტისკენ დავეშვებით.
გზად თევზის მინი-ბაზარიც დავათვალიერეთ: