„ბარსელონა“ – დიდების სათავეებთან

0
12

სადღეისოდ კატალონიის „ბარსელონა“ სამართლიანად ითვლება ევროპის საკლუბო ფეხბურთის საუკეთესო კლუბად. „ბარსას“ ხშირად Kings of Europe-დაც მოიხსენიებენ. საამისო ფუნდამენტს საფუძველი მეოცე საუკუნის საწყის ნახევარში ჩაეყარა და ამ საქმეში უნიშვნელოვანესი წვლილი კლუბის დამფუძნებელმა ჟოან გამპერმა, ფეხბურთელმა ლასლო კუბალამ და მწვრთნელმა ელენიო ერერამ შეიტანეს.

ჟოან გამპერი

მეცხრამეტე საუკუნის მიწურულის შვეიცარიის ხუთ უმდიდრეს ოჯახთა შორის გამპერებიც იყვნენ. 1898 წელს გამპერთა საგვარეულოს ერთ-ერთი წარმომადგენელი ჰანს გამპერი, შაქრის ბიზნესის ასაწყობად, აფრიკის კონტინენტზე აპირებდა გამგზავრებას. გზად ბარსელონაში მცხოვრებ ბიძას ემილი გეისერტს შეუარა და იმდენად მოიხიბლა კატალონიის დედაქალაქით, სამუდამოდ იქ დარჩენა გადაწყვიტა, მალევე კატალონურ ყაიდაზე ჟოან გამპერად მოინათლა, სარკინიგზო კომპანიაში ბუღალტრად დაიწყო სამსახური და ერთბაშად ორი შვეიცარული გაზეთისთვის სპორტულ სტატიებს წერდა. ჟოანმა ადგილობრივ პროტესტანტებთან ერთად ფეხბურთის თამაში დაიწყო, 1899 წლის 22 ოქტომბერს კი ყოველკვირეულ გამოცემა „ლოს დეპორტეში“ საფეხბურთო კლუბის ჩამოყალიბების სურვილის თაობაზე განცხადება განათავსა. ჟოან გამპერის განცხადებას შვეიცარელი, ბრიტანელი და ესპანელი ფეხბურთის მოყვარულები გამოეხმაურნენ. სწორედ ეს ადამიანები (ვალტერ უაილდი, ლუის ოსო, ბარტოლომეუ ტერადასი, ოტო კუნცლი, ოტო მაიერი, ენრიკო დუკალი, პერე კაბოტი, კარლეს პუიოლი (!) ჟოსეპ ლობეტი, არეთვე გამპერის ნაცნობები, ჯონ და უილიამ პარსონსები) გახდნენ „ბარსელონას“ დამფუძნებლები. 29 ნოემბერს „გიმნასიო სოლეს“ საკონფერენციო დარბაზში კლუბის არჩევნები ჩატარდა, „ბარსას“ პირველი პრეზიდენტი ვალტერ უაილდი გახდა, ხოლო გუნდის კაპიტნად ერთხმად ჟოან გამპერი გავიდა. რადგან კლუბის მმართველობის უმრავლესობას ბრიტანელები შეადგენდნენ, სახელიც ინგლისურ ყაიდაზე შეურჩიეს – Football club Barcelona, ნაცვლად ესპანურისა (Club de Futbol Barcelona).

მიუხედავად იმისა, ჟოან გამპერი თავდაპირველად მხოლოდ კლუბის გამგეობის წევრი და გუნდის კაპიტანი რომ გახლდათ, „ბარსელონას“ მთავარი მამოძრავებელი ძალა სწორედ შვეიცარელი ექსბიზნესმენი გახლდათ. ჟოანი კლუბის დაფუძნების მომენტში მხოლოდ 22 წლისა იყო, ფეხბურთი უზომოდ უყვარდა, ამიტომაც სურდა მთლიანად სამოთამაშეო კარიერისთვის დაეთმო დრო, ბიუროკრატული საქმეები კი სხვებისთვის მიენდო. 1899-1903 წლებში გამპერმა „ბარსელონას“ შემადგენლობაში 48 მატჩი ჩაატარა და ამ შეხვედრებში საშუალოდ ორ გოლზე მეტი ბურთი გატანა მოახერხა.

1901 წელს „ბარსამ“ პირველი ტიტული დაისაკუთრა – გუნდმა მაკაიას თასი მოიგო, ეს ტურნირი კი მალე კატალონიის ჩემპიონატად გადაკეთდა. სადებიუტო შეჯიბრების მსვლელობისას „ბარსელონამ“ უმთავრეს კონკურენტ „ფრანკო ესპანიოლს“ 13:0 მოუგო, გამპერის აქტივში კი 9 გოლი დაირიცხა. მომავალი წლის 13 მაისს კი პირველი „ელ კლასიკო“ ჩატარდა – „ბარსელონამ“ „მადრიდს“ 3:1 სძლია, რითაც ფეხბურთის კატალონელ გულშემატკივართა უზომო სიხარული გამოიწვია.

1908 წლისთვის „ბარსელონა“ ერთბაშად რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ დატოვა, მათი ღირსეული შემცვლელის პოვნა გუნდს გაუჭირდა, 1905 წლიდან მოყოლებული ტიტულის მოგებას ვერ ახერხებდა, ფინანსურად გაუჭირდა და ამის გამო კლუბი ლამის დაშლის საშიშროების წინაშეც დადგა. კრიზისულ მომენტში გამპერმა სიტუაციის ხელში აღება და გაკონტროლება ჟოან გამპერმა ითავა და საკუთარი კანდიდატურა „ბარსელონას“ პრეზიდენტის პოსტზე წარადგინა. გამპერი ხუთჯერ იყო კლუბის პრეზიდენტი (1908-09, 1910-13, 1917-19, 1921-23, 1924-25) და მთლიანობაში 25 წელიწადი გაატარა „ბარსას“ მესაჭის ამპლუაში. გამპერის უმთავრესი ამოცანა გუნდისთვის შესაფერისი საკუთარი საასპარეზო სტადიონის შეძენა იყო. 1909 წლამდე „ბარსელონა“ სხვადასხვა მოედნებზე თამაშობდა, თავისი საპრეზიდენტო პირველი ვადის განმავლობაში კი ჟოან გამპერმა კატალონიის დედაქალაქის კომპანიებისგან გარკვეული რაოდენობის თანხა მიიღო და 1909 წლის 14 მარტს „ბარსა“ უკვე საკუთარ არენაზე გადაბარგდა – კლუბის საკუთრებაში მყოფი პირველი სტადიონი „კარიერა ინდუსტრია“ 6 ათას ქომაგს იტევდა.

თანდათან „ბარსელონას“ გულშემატკივართა რიცხვი გაიზარდა. 1922 წლისთვის კლუბის მხარდამჭერთა რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა, რამაც ბიძგი მისცა სტადიონ „ლეს კორტსის“ მშენებლობას. იმ დროისთვის ეს იყო ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო სარბიელი. სტადიონი დააპროექტეს სანტიაგო მესტრესმა და ჟოზეპ ალემანიმ, მისი მშენებლობა კი მთლიანობაში 991 984 პესეტა დაჯდა. სტადიონი 22 ათას გულშემატკივარზე იყო გათვლილი, თუმცა „ბარსას“ მატჩებზე ხშირად სამჯერ მეტი მაჩვენებელიც ფიქსირდებოდა – 60 ათასი. ამ სტადიონმა „ბარსელონასთან“ ერთად დიდების სამი ათწლეული განვლო, თუმცა, იყო შედარებით უიღბლო პერიოდებიც.

ჟოან გამპერის პრეზიდენტობის ეპოქაში „ბარსელონამ“ 11-ჯერ მოიპოვა კატალონიის ჩემპიონობა, ექვსჯერ დაეუფლა ესპანეთის თასს, ოთხჯერ კი პირენეს ნახევარკუნძულის თასი მოიგო. სწორედ გამპერმა მიიყვანა გუნდში ლეგენდარული ფეხბურთელი პაულინო ალკანტარა (რომლის მაღალი შედეგიანობის წყალობით ნებისმიერ ტურნირზე „ბარსას“ ყველაზე მეტი გოლი გაჰქონდა) და წარმატებული მენეჯერი ჯეკ გრინუელი. ბრიტანელი სპეციალისტის სელექციის შედეგად გუნდში ისეთი ტალანტები მოხვდნენ, როგორებიც საგი-ბარბა, მეკარე რიკარდო ზამორა, ხოსეპ სამიტიერი, ფელიქს სესუმაგა და ფრანც პლატკო იყვნენ.

1928 წლის 12 თებერვალს სტარტი აიღო ახალმა ტურნირმა, ეს ლა ლიგა გახლდათ. სულ რამდენიმე წელიწადში ეს ტურნირი ესპანეთში ყველაზე პრესტიჟული გახდა. ამ ჩემპიონატის პირველი გამარჯვებული 25 ქულით „ბარსელონა“ გახდა. ტურნირმა ოთხთვენახევარს გასტანა. კატალონელებმა მადრიდის „რეალს“ ორი ქულით აჯობეს, მანუელ პერერა კი კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ამის მიუხედავად, გამარჯვებას დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრიან, რადგან ფეხბურთელები თვლიდნენ, რომ ახლადდაარსებულ ლიგაში უმნიშვნელო კონკურენცია იყო.

დეკადის ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იმავე წელს ესპანეთის თასის მოგება იყო. სანტანდერში ჩატარებულ გადამწყვეტ ასპარეზობაში  „ბარსელონამ“ სან სებასტიანის „რეალ სოსიედადი“ 3:1 დაამარცხა. ფინალის პირველი ორი შეხვედრა ფრედ დასრულდა და მესამე მატჩის ჩატარება გახდა აუცილებელი. იყო 1928 წელს, როდესაც ბარსელონამ ესპანეთის თასი მოიგო. კატალონელთა გუნდის მეკარე პლატკო შეხვედრის მიმდინარეობისას მძიმედ დაშავდა და მოგვიანებით მატჩის გმირად გამოაცხადეს. პირველად ისტორიაში, „ბარსელონას“ გამარჯვება რადიოსა და ესპანეთის წამყვანი გაზეთების მეშვეობით გაშუქდა.

1925 წლის 24 ივნისს ესპანეთის დიქტატორმა პრიმე დე რივერამ ჟოან გამპერს კატალონური ნაციონალიზმის მხარდაჭერაში დასდო ბრალი, „ბარსას“ სტადიონი „ლეს კორტსი“ კი სამი თვით დაიკეტა. საამისო მიზეზის იყო – ერთ–ერთ მატჩის წინ კატალონელმა გულშემატკივრებმა ესპანეთის ჰიმნს უსტვინეს და ბრიტანეთისას მიესალმნენ. ამ მოვლენების შემდეგ ბარსელონადან გაძევებულ გამპერს ჩვეული ენთუზიაზმი გაუქრა და ჯანმრთელობის პრობლემების შეექმნა. გარკვეული დროის შემდეგ ჟოანს ქალაქში დაბრუნების ნება დართეს, ოღონდა პირობა წაუყენეს – კლუბთან ყოველგვარი კონტაქტი უნდა გაეწყვიტა. შედეგად ჟოან გამპერი ღრმა დეპრესიაში ჩავარდა, 1930 წლის 30 ივლისს კი მან თავი მოიკლა.

1955 წელს საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მშენებარე „კამპ ნოუსთვის“ ჟოან გამპერის სახელი მიენიჭებინა, მაგრამ ამ იდეას წინ ფრანკოს დიქტატურა აღუდგა. მიზეზად გამპერის უცხოელობა, მასონობა, პროტესტანტიზმის მიმდევრობა, რელიგიური თვალსაზრისით მიუღებელი თვითმკვლელობა, კატალონური ენის დანერგვის მომხრეობა დასახელდა. ერთი სიტყვით, ჟოან გამპერი ტაბუდადებული პერსონა იყო. ფრანკოს სიკვდილის შემდეგ ბარსელონაში, ლეს კორტსის რაიონში ქუჩას ჟოან გამპერის სახელი მიაკუთვნეს, კლუბმა კი პირველი ნომერი საწევრო მოწმობა სწორედ „ბარსელონას“ დამაარსებლის სახელზე გასცა.

ჟოან გამპერი მიზნად ისახავდა ისეთი ორგანიზაციის ჩამოყალიბებას, რომელიც ღია იქნებოდა ყველასთვის, განურჩევლად წარმომავლობისა. მან ჩამოაყალიბა კლუბი, რომელიც სოციალური ინტეგრაციის საშუალებად იქცა და საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმა ყველას შეეძლო. გამპერმა შექმნა დემოკრატიული საზოგადოება, რომელიც თავისუფლად იმართებოდა მისი წევრების მიერ. გამპერმა „ბარსელონა“ შემდეგი არსით გამსჭვალა – ეს კატალონური იდენტობის ვალდებულებაა. კატალონური იდენტობა, დემოკრატია, სპორტის მრავალფეროვნება და უნივერსალურობა – ჟოან გამპერის მთავარი ღირებულებები, რომლებიც კლუბში დღემდეა შემორჩენილი.

ლადისლაო კუბალა

მეოცე საუკუნეში “ბარსელონას” ღირსებას არაერთი მსოფლიო დონის საფეხბურთო ფიგურა იცავდა. შორს რომ არ წავიდეთ, მხოლოდ ორი ადამიანის, იოჰან კრუიფისა და დიეგო არმანდო მარადონას სახელს ვიტყვით. ამის მიუხედავად, 2000 წელს “ბარსელონას” ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად ლადისლაო კუბალა დაასახელეს. მხოლოდ ეს ფაქტიც საკმარისია იმის წარმოსადგენად, თუ რა დონის მოთამაშე იყო კუბალა.

…1945 წლის 25 აპრილს ლასლო კუბალამ სადებიუტო მატჩი ჩაატარა უნგრეთის ჩემპიონატში. მისი პირველი პროფესიული კლუბი ბუდაპეშტის “ფერენცვაროში” გახლდათ და პირველსავე შეხვედრაში 17 წლის დამწყებმა ფეხბურთელმა 2 გოლის გატანა მოახერხა. იმავე წლის ოქტომბერში ლასლო უნგრელთა ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვიეს, თუმცა, მადიართა ქვეყანაში დიდხანს არ დარჩენილა. 1946-ის გაზაფხულზე კუბალას მამა გარდაეცვალა, ლასლომ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და დედასთან ერთად ისტორიულ სამშობლოში, სლოვაკეთში გადასახლდა. ასე გახდა ლასლო ლადისლავი, თამაში კი ბრატისლავას “სლოვანში” განაგრძო. კუბალას ტალანტი შეუმჩნეველი არ დარჩენილა ჩეხოსლოვაკიის ნაკრების მწვრთნელთათვის, რომელთაც 19 წლის შემტევი ფეხბურთელი ჩეხთა და სლოვაკთა გაერთიანებულ ეროვნულ გუნდში მიიწვიეს. კომუნისტურმა უნგრეთმა კუბალას ბრალი ჯაშუშობაში დასდო და იგი არმიაში გაიწვია. ლასლო-ლადისლავმა თავს გაქცევით უშველა – საბჭოთა ჯარისკაცის ფორმაში ჩაცმული ფეხბურთელი ორსულ ცოლსა და დედასთან ერთად ლტოლვილთათვის განკუთვნილი სატვირთო ავტომობილით ავსტრიის საზღვარი გადაკვეთა და თავიც სამშვიდობოს დაიგულა, თუმცა, უსახსრობის გამო ოჯახი უსახლკაროთა თავშესაფარში ცხოვრობდა. ახლობელი ადამიანების გამოსაკვებად კუბალას რომელიმე დასავლურ გუნდთან პროფესიული კონტრაქტი უნდა გაეფორმებინა. ლასლოს საფეხბურთო ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩენილა ევროპის წამყვანი კლუბების სკაუტებისთვის. ვენაში კუბალას „ტორინოს” წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და პრაქტიკულად მოლაპარაკების გარეშე იმ დროისთვის იტალიის საუკეთესო საფეხბურთო კოლექტივმა ლტოლვილ მოთამაშესთან კონტრაქტი გააფორმა. ამ ფაქტმა უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციის გულისწყრომა გამოიწვია. მადიართა სპორტულმა ჩინოვნიკებმა საჩივრებით აიკლეს ფიფა და საწადელსაც მიაღწიეს – მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ კუბალას სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. ტურინული კლუბი არ ცხრებოდა და პეტიციას პეტიციაზე აგზავნიდა ფიფაში ლასლოს სასჯელის შემსუბუქების ან სულაც მოხსნის თხოვნით, მაგრამ ციურიხში მომუშავე ადამიანებმა შეუვალი პოზიცია დაიკავეს და დისკვალიფიკაციის გაუქმებას არ აპირებდნენ. “ტორინო” კუბალას მაინც არ შეელია და რადგან მას ოფიციალურ მატჩებში ვერ ათამაშებდა, კლუბმა მისი მინდორზე გაყვანა ლისაბონის “ბენფიკასთან” ამხანაგურ შეხვედრაში გადაწყვიტა. ამასობაში ლასლოს მეუღლე ანა ვიოლა დაუჩიკ კუბალა მშობიარობს და ქმარს სთხოვს, ჩვენ პატარა პირმშო ბრანკოსთან ერთად მარტო ნუ დამტოვებო. კუბალა მეუღლის ნებას დაჰყვა, ლისაბონში გუნდს არ წაჰყვა და სიკვდილს გადაურჩა – ტურინთან მიახლოებისას პორტუგალიის დედაქალაქიდან გაფრენილი თვითმფრინავი მთას შეეჯახა, რის გამოც ვალენტინო მაცოლა და მისი ტორინოელი პარტნიორები დაიღუპნენ. კუბალამ მომხდარი მძიმედ გადაიტანა. კარგა ხნის განმავლობაში იგი შოკირებული გახლდათ, შემდეგ დეპრესიაში ჩავარდა. ლასლოს ერთადერთი ხსნა ფეხბურთი იყო. მას “პრო პატრიამ” სამოყვარულო კონტრაქტი შესთავაზა და კუბალას ამხანაგურ მატჩებში თავის გამოჩენის საშუალება მიეცა. კლუბს ფეხბურთელისთვის სოლიდური ჯამაგირის გადახდის საშუალება არ ჰქონდა, ამიტომაც ლასლო „კომერციაზე” დაფიქრდა. მან აღმოსავლეთ ევროპიდან დასავლეთში გაქცეული ფეხბურთელებისგან კლუბი „ჰუნგარია” (უნგრეთი) ჩამოაყალიბა, „ჯიბეები მოიჩხრიკა”, უკანასკნელი ფულით ძველი ავტობუსი იყიდა და კონტინენტის სტადიონებზე საფეხბურთო შოუს ჩვენება დაიწყო. „ჰუნგარია” თავის სადებიუტო მატჩში ავსტრიელთა „ვუნდერტიმს” 3:3 დაუზავდა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ იტალიას 3:1 მოუგო და ესპანეთში გაემგზავრა.

ანდალუსიის უდიდეს ქალაქ სევილიაში “ჰუნგარიამ” პირენელთა ეროვნულ გუნდს 2:1 სძლია, კუბალამ კი ჯარიმიდან ისეთი ლამაზი გოლი გაიტანა, გულშემატკივრები კარგა ხნის განმავლობაში უკრავდნენ ტაშს მათთვის უცნობ ფეხბურთელს.

სევილიური მატჩის შემდეგ კუბალას გადაბირება ერთბაშად რამდენიმე ესპანურმა კლუბმა მოიწადინა. პირველმა ლასლოს მადრიდის „რეალმა” მიმართა და ხელშეკრულებაზე ხელმოწერის სანაცვლოდ დიდძალი ფულიც შესთავაზა. მოულოდნელად, კუბალამ „ბლანკოსის” რიგების დაცვა იუარა. ამის შემდეგ საქმეში „ბარსელონა” ჩაერთო. კატალონელებმა კასტილიელებთან შედარებით „მოქნილად” იმოქმედეს. ისინი ლასლოზე მისი სიმამრის ფერდინანდ დაუჩიკის მეშვეობით „გავიდნენ”. კატალონელებმა ჯერ „ჰუნგარიას” დამრიგებელი დაუჩიკი „ბარსას” მწვრთნელად დანიშნეს, რის შემდეგაც კუბალას გადაბირება „ტექნიკის საქმეღა” იყო. ლასლომ საბოლოო არჩევანი „ბარსელონაზე” გააკეთა, რაც როგორც პირადად მისთვის, ასევე კლუბისთვის ისტორიული მოვლენა შეიქნა.

1950 წლის აპრილში კუბალამ კიდევ ერთხელ, ამჯერად საბოლოოდ შეიცვალა სახელი და ესპანეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ ლადისლაო გახდა. ამიერიდან, ერთადერთი შემაფერხებელი მომენტი ფიფას დისკვალიფიკაცია იყო. „ბარსელონას” იმჟამინდელმა პრეზიდენტმა პეპ სამიტიერმა „ტორინოსა” და „პრო პატრიას” ხელმძღვანელების „ტაქტიკური შეცდომა” გაითვალისწინა და ჩინოვნიკებს სხვაგვარად მიუდგა. იტალიელთაგან განსხვავებით, სამიტიერი ოფიციალური წერილებით კი არ „ბომბავდა” ფიფას, ციურიხში ჩადიოდა და საათობით არწმუნებდა ჩინოსნებს, კუბალას სახით მსოფლიო  ფეხბურთი უდიდეს ვარსკვლავს კარგავს და გემუდარებით, ლმობიერება გამოიჩინეთო. საბოლოოდ „ბარსას” პრეზიდენტმა ფიფას პოზიცია შეაცვლევინა. ლადისლაოს სამუდამო დისკვალიფიკაცია ერთწლიანით შეუცვალეს, „ბარსელონას” კი „პრო პატრიასა” და უნგრეთის საფეხბურთო ფედერაციისთვის საჯარიმო თანხის გადახდა დააკისრეს.

1951-ის აპრილში, 24 წლის ლადისლაო კუბალა კატალონელთა საფიცარ გუნდში იწყებს თამაშს და მალე ესპანეთის თასის მფლობელი ხდება.

კუბალა პირველივე მატჩებიდან გახდა „ბარსელონას” ლიდერი და გულშემატკივართა საყვარელი მოთამაშე. ლადისლაოს ძალიან მაღალი სასტარტო და დისტანციური სისწრაფე ჰქონდა, ბრწყინვალე დრიბლიორი გახლდათ, პასის კულტურითა და საჯარიმო დარტყმების შესრულების სიზუსტითაც გამოირჩეოდა. მოკლე ხანში კუბალა გუნდის კაპიტნად აირჩიეს. ლადისლაოს გოლებზე დღემდე ლეგენდები დადის. თანაქალაქელ „ესპანიოლს” მან ცენტრიდან შესრულებული დარტყმით გაუტანა, მადრიდის „რეალის” გულშემატკივრები კი „ბისიკლეტით” (მეტოქის კართან ზურგით მყოფმა, ვარდნაში მეკარისთვის აუღებლად დაჰკრა ბურთს) დაადუმა. ყველაზე ლამაზად კი კუბალას მიერ მადრიდის „ატლეტიკოსთან” თამაშისას გატანილ გოლს მიიჩნევენ. ლადისლაომ რეიდი „ბარსელონას” ნახევრიდან წამოიწყო, „ზოლიანთა” კარისკენ მიმავალი გზიდან რვა ფეხბურთელი ჩამოიცილა და უძლიერესი დარტყმით „ატლეტიკოს” ძელი შეაზანზარა. ასხლეტილ ბურთთან პირველი კუბალა გაჩნდა და ქუსლით კასტილიელთა კარი დალაშქრა. 1951-52 წლების სეზონში ლადისლაომ ბასკი ბომბარდირის ბატას რეკორდი გაიმეორა – პრიმერას მატჩში მან შვიდი გოლი გაუტანა ხიხონის „სპორტინგს”.

1953 წლის 5 ივლისს კუბალამ ესპანეთის ნაკრები ჩაატარა სადებიუტო მატჩი. იმ დღეს პირენელები არგენტინასთან 0:1 დამარცხდნენ, პირველი „სასელექსიო” გოლი კი ლადისლაომ სანტიაგოში გაიტანა, სადაც ესპანეთმა ჩილეს ეროვნულ გუნდს 2:1 მოუგო.

სამი წლის განმავლობაში კუბალა „ბარსელონას” ცენტრფორვარდი იყო, შემდეგ კი კატალონელთა პლეიმეიქერი გახდა. ამ ამპლუაში გამოსვლის დროსაც კი ლადისლაო გუნდის ბომბარდირი იყო. 10 წლის განმავლობაში იცავდა კუბალა „ბლაუგრანას” ღირსებას და სეზონში საშუალოდ 24 გოლი გაჰქონდა.

„ბარსას” მთავარმწვრთნელობიდან დაუჩიკის წასვლის შემდეგ დამრიგებლად ელენიო ერერა მიიწვიეს. „კატენაჩიოს” გამომგონებელ სპეციალისტთან კუბალას ურთიერთობა ვერა და ვერ აეწყო. ლადისლაომაც „იოლ გამოსავლას” მიაგნო – ღამღამობით იგი ბარებს სტუმრობდა და ალკოჰოლს მიეძალა. „ბარსელონა” ამ ამბის მიჩქმალვას კი ცდილობდა, მაგრამ კუბალა კატალონიაში იმდენად პოპულარული იყო, „შუბი ხალთაში” არ დაიმალა. ლადისლაომ ალკოჰოლიზმის საწინააღმდეგო კურსიც კი ჩაიტარა, თუმცა, შედეგი სახარბიელო არ გამოდგა. სპირტიანმა სასმელებმა კუბალას თამაში მაინც ვერ გააფერმკრთალა. მას არც სისწრაფე დაუკარგავს, არც მინდვრის „ხედვის” და გოლის გატანის ალღო და უნარი. გულშემატკივარი „ბარსას” თამაშებზე უპირველესად ლადისლაოს ასპარეზობის ხილვის დაუოკებელი სურვილით მიიჩქაროდა. კლუბმაც უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო. რადგანაც კუბალას თამაშის ხილვა უშუალოდ ტრიბუნიდან „ბარსელონას” სულ უფრო და უფრო მეტ ქომაგს ეწადა, ახალი სტადიონის აშენება გადაწყდა. კლუბის ხელმძღვანელობამ სიტყვა საქმედ აქცია – 1957 წლის 24 სექტემბრიდან „ლეს კორტსის” ნაცვლად „ბარსა” „კამპ ნოუზე” თამაშობს.

1960 წელს “ბარსელონამ” მადრიდის “რეალთან” ჩემპიონთა თასის ნახევარფინალი წააგო. „მოსისხლე მტერთან” მარცხი ელენიო ერერას არ აპატიეს და გუნდიდან დაითხოვეს, რის შემდეგაც კუბალამ შვებით ამოისუნთქა. მან ერერას ტაქტიკური მარწუხებისგან გაითავისუფლა თავი და კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით და სილაღით გააგრძელა თამაში. „ბარსას” იმდროინდელი შეტევის ხაზი კუბალას, ბასორას, სეზარის, მორენოსა და მაჩონას კვინტეტისგან შედგებოდა. ეს ფეხბურთელები ულამაზეს ფეხბურთს უჩვენებდნენ მაყურებელს, ბრწყინვალე კატალონელმა მომღერალმა ჟოან მანუელ სერატმა კი ლადისლაოს სიმღერა მიუძღვნა.

1960-61 წლების სეზონის სტარტის წინ ლადისლაომ საქვეყნოდ განაცხადა, პრიმერაში ბოლო სეზონს ჩავატარებ და წასვლის წინ ჩემპიონთა თასის მოგება მსურსო. „ბარსასა” და „რეალის” გზები კიდევ ერთხელ ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირის ნახევარფინალში გადაიკვეთა. მადრიდში შეხვედრა 2:2 დასრულდა, „კამპ ნოუზე” კი კატალონელებმა 2:1 იმარჯვეს. განმეორებითი პაექრობის მეორე დღეს ესპანური გაზეთები ერთხმად წერდნენ, ლადისლაო კუბალა პლანეტის უძლიერესი ფეხბურთელიაო. 33 წლის ვარსკვლავმა, საერთო აღიარებით, კარიერის ორი საუკეთესო მატჩი სწორედ იმ ნახევარფინალური ბატალიების მსვლელობისას ჩაატარა. ბერნის „ვანკდორფის” სტადიონზე დანიშნული ფინალის წინ „ბარსელონას” ერთხმად მიიჩნევდნენ ფავორიტად. მართლაც ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ „გოლების მანქანად” წოდებულ „ბარსელონას” ლისაბონის „ბენფიკა” რაიმეს მოუხერხებდა. თუმცა, ჯერ კიდევ ეუსებიოს გარეშე მოთამაშე, ლასლო კუბალას „თანამემამულე” ბელა გუტმანის დამოძღვრილმა „ბენფიკამ” სენსაცია გამოაცხო და პირველად მოახერხა ჩემპიონთა თასის დაუფლება. „ბარსელონა” ბერნის ფინალში უიღბლობამ „დაამარცხა”. იმ მომენტისთვის კუბალას სათავდამსხმელო პარტნიორები უნგრელები, შანდორ კოჩიში და ზოლტან ციბორი იყვნენ. ამ უკანასკნელმა 75-ე წუთზე ანგარიში 2:3 გახადა და ასპარეზობისთვის განკუთვნილი დარჩენილ დროში ბარსელონელები ლისაბონელთა საჯარიმო მოედანს არ მოსცილებიან. „ბენფიკას” კართან შექმნილ საგოლე სიტუაციებს თვლა არ ჰქონდა, ყველაზე რეალური მომენტი კი კუბალას ჰქონდა. ლადისლაოს დარტყმის შემდეგ ბურთი ჯერ ერთ ძელს მოხვდა, შემდეგ მეორემ აისხლიტა და მინდორზე დააბრუნა…

ელენიო ერერა

ელენიო ერერას მიერ დანერგილი ტაქტიკური სიახლეები დღემდე ფეხბურთის სპეციალისტთა და მოყვარულთა ცხარე კამათის თემაა. ერთნი მილანის `ინტერის” ლეგენდარულ დამრიგებელს `რომანტიკული ფეხბურთის” დასამარებაში სდებენ ბრალს, მეორენი კი (ასეთები უმცირესობაში ნაღდად არ არიან) ერერას უდიდეს ნოვატორად მიიჩნევენ და თვლიან, რომ სინიორ ერერამ `საფეხბურთო დროსაც” კი გაუსწრო.

გასული საუკუნის 50–იანი წლების დასაწყისში არგენტინელ სპეციალისტ ელენიო ერერას წინაპრების სამშობლოში, ანდალუსიაში უხმეს. 1953 წელს იგი `სევილიას” დამრიგებელი ხდება და გუნდი ევროარენაზე, ახლადდაარსებულ ტურნირზე, `ბაზრობათა თასზე” გაიყვანა. ამასობაში კლუბის პრეზიდენტი გარდაიცვალა, ერერამ კი ახალ ხელმძღვანელთან საერთო ენა ვერ გამონახა და `სევილიადან” წასვლით საკონტრაქტო პირობები დაარღვია. ეს კი ესპანური კანონმდებლობის დარღვევა იყო და საფეხბურთო ფედერაციამაც მას სხვა გუნდში მუშაობა აუკრძალა. ელენიო იძულებული შეიქნა მეზობელ პორტუგალიაში გადაბარგებულიყო, სადაც თავი `ბელენენსეშის” დამრიგებლობით გამოიჩინა და ცოტა დააკლდა, ქვეყნის ეროვნული ნაკრების თანამდებობის დაკავებამდე. ეს `ცოტა” კი `ბარსელონა” გახლდათ, რომლის მესვეურებმა ერერასთვის დისკვალიფიკაციის მოხსნა შეძლეს და 1958 წლის 22 აპრილს თანამშრომლობის ხელშეკრულებაც გაუფორმეს.

სამოქალაქო ომში რესპუბლიკური არმიის დამარცხების შემდეგ კატალონელებს ერთადერთი საბრძოლო იარაღი შერჩათ `ბარსას” სახით. არცაა გასაკვირი, ბარსელონელი გულშემატკივრები არგენტინელ სპეციალისტს კულუარული საუბრისას `კატალონიის არმიის მთავარსარდალს” რომ უწოდებდნენ. თავად ერერა კი საკუთარი ფეხბურთელების პატრიოტული გრძნობის გაღვივებას მატჩისწინა დარიგების ბოლოს იმ დროისთვის პოპულარული ლოზუნგით – `თქვენს უკან მთელი კატალონიაა” – ცდილობდა.

`ბარსელონაში” ელენიო ერერამ არაერთი სიახლე დანერგა, რაც ბევრისთვის გაუგებარი და მიუღებელიც კი აღმოჩნდა. თანაც, ნოვაციები არა მხოლოდ საფეხბურთო საკითხებს, ცხოვრებისეულ მომენტებსაც შეეხო. საწვრთნელ პროცესს რაც შეხება, არგენტინელმა მას უფრო ინტენსიური ხასიათი მისცა და ამით მოთამაშეთა ფიზიკური მდგომარეობა საგრძნობლად აამაღლა. მწვრთნელთაგან სწორად მან პირველმა შემოიღო დისციპლინის დამრღვევთათვის ფულადი ჯარიმის დაწესების სისტემა. სინიორ ელენიოსთვის ავტორიტეტი არ არსებობდა და რამდენჯერმე მან გუნდის აღიარებული ლიდერი ლადისლაო კუბალაც არ დაინდო. ერთხელაც, მწვრთნელის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო უნგრელმა დამრიგებელს შეჰბედა, რისთვის ვისჯები, მე ხომ არაფერი გამიკეთებიაო. `სწორედ ამიტომაც დაგაჯარიმე, ყველაფერი უნდა გააკეთო, რასაც გეუბნები”, – ასეთი გახლდათ მწვრთნელის პასუხი. ცხადია, ერერას ბარსელონური ნოვაციები მხოლოდ დისციპლინის გაძლიერებისკენ არ იყო მიმართული. მისი მთავარი სიახლე ტაქტიკური რევოლუცია გახლდათ. გუნდში არგენტინელის მისვლამდე `ბარსას” ფეხბურთელთა პრინციპი მოკლედ ასე შეგვიძლია  გამოვხატოთ – `ითამაშე ლამაზად და იფიქრე მხოლოდ შეტევაზე”. ამგვარი მიდგომა გუნდის მრავალრიცხოვან ქომაგებსაც სრულად აკმაყოფილებდათ, მაგრამ არა ელენიო ერერას! კატალონიაში ჩასვლისთანავე მან მიზნად დაისახა რომანტიკული `ბლაუგრანასთვის” დაცვაში თამაშიც ესწავლებინა. დასახულ ამოცანას ერერამ თავი კარგად გაართვა, თანაც ისე, რომ `ბარსას” შეტევას სიმძაფრე და ელვარება არ მოკლებია. სინიორ ელენიოს პირველსავე სადამრიგებლო სეზონში გუნდმა სარეკორდო რაოდენობის გოლი, 96 გაიტანა და ეს მაჩვენებელი მხოლოდ 90-იან წლებში ბობი რობსონის გუნდმა გააუმჯობესა (102).

1959-60 წლების სეზონში `ბარსელონასა” და `რეალის” დაპირისპირებამ აპოგეას მიაღწია. `ელ კლასიკოს” მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში კატალონურ-კასტილიური მძაფრი საფეხბურთო დაპირისპირება ესპანეთის ფარგლებს გასცდა და `საბრძოლო მოქმედებათა არეალად” საევროთასო პაექრობებიც გახდა. კუბალას, კოჩიშის, ციბორისა და მათი თანაგუნდელების შეხლა-შემოხლა დი სტეფანოს, პუშკაშის, კოპასა და ხენტოს პარტნიორებთან სულ უფრო და უფრო მწვავე ხასიათს იღებდა. მადრიდში `ბარსელონასთან” ერთად პირველი გამგზავრების წინ ელენიო ერერა კატალონელ ქომაგებს `რეალის” თავის გაგორებას” დაჰპირდა და ალბათ, ასეც მოხდება, პრინციპული მატჩის წინ მწვრთნელსა და წამყვან მოთამაშეებს შორის კონფლიქტი რომ არ გამწვავებულიყო. ერერამ კუბალა და ციბორი სათადარიგოთა სკამზე დატოვა, ამ დუეტის გარეშე მოასპარეზე `ბარსამ” კი კასტილიელთა სიამაყესთან ვერაფერი გააწყო და 1:3 წააგო. განმეორებითმა შეხვედრამ არნახული ინტერესი გამოიწვია. მთელი კატალონია რევანშის მოლოდინით ცხოვრობდა და `ბარსას” საქომაგოდ სტადიონზე მისულ 130 ათას პატრიოტს მოგების გარდა სხვა შედეგის გაგონებაც არ სურდა, მაგრამ… ერერამ სასტარტოში კვლავ არ დააყენა კუბალა და ციბორი… თამაშის დასრულების შემდეგ ელენიოს სახლთან უკმაყოფილო ადამიანები დახვდნენ, არგენტინელი მიხვდა, კატალონიიდან წასვლის დრო რომ დაუდგა და კლუბის ხელმძღვანელებსაც მისთვის ხვეწნა არ დაუწყიათ.

გოჩა კაჭარავა