ბელგია გავაცამტვერეთ

0
1

ბორჯღალოსნებმა 2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე მატჩში ბელგიას ბრიუსელში 8 უპასუხო ლელო გაუტანეს და მეტოქე ბონუსით, 46:6 დაამარცხეს.
ეს იყო ამ გუნდების მეხუთე დაპირისპირება და საქართველომ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა, ყველაზე დიდი სხვაობით ბრიუსელში. წლევანდელ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბორჯღალოსნებმა ზედიზედ მესამე თამაში მოიგეს და 13 ქულით პირველ ადგილზე არიან, სულ კი გამარჯვებების სერია ხუთამდე გაზარდეს.
თამაშმა მილთონ ჰეიგის უწყვეტი შეტევებით ჩაიარა. საქართველო ყველა სიტუაციაში ხელდახელ უტევდა და დასახულ ამოცანას თავს კარგად ართმევდა.

პირველი ტაიმი
მატჩში ანგარიში ფრანგული ‘რასინგის’ ახალგაზრდა ბურჯმა გურამ გოგიჩაშვილმა გახსნა, რომელიც ეროვნული ნაკრების მაისურით მეოთხე თამაშს ატარებდა და პირველი ლელო გაიტანა. მალევე მას საქართველოს ნაკრების კიდევ ერთა იმედმა, ‘ორიაკის’ მესამეხაზელმა გიორგი ცუცქირიძემ მიბაძა, ესტაფეტა უელსური ‘ოსპრეიზის’ ვეტერანმა გიორგი ნემსაძემ გადაიბარა, პირველი ტაიმის ბოლო ლელო კი, ქუთაისის ‘აიას’ გარემარბმა მირიან მოდებაძემ მიითვალა, რომელიც ფრთაზე ძალიან აქტიურად მოქმედებდა. სოსო მათიაშვილმა 1 გარდასახვა გამოიყენა, ბელგიელებმა კი მხოლოდ ლუი დე მოფარცის ჯარიმით გვიპასუხეს და შესვენებაზე 19-ქულიანი უპირატესობით გავედით – 3:22.

მეორე ტაიმი
მე-2 ტაიმი პირველის იდენტური გამოდგა. ქართველები მუდმივად უტევდნენ და სიმბოლურიც იყო, რომ მოწინააღმდეგე კვლავაც 4-ჯერ დაალელოვეს. საინტერესოა, რომ მე-2 ნახევარში პირველებმა ბელგიელებმა იხეირეს (დე მოფარცმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა), ჩვენებურთა შედეგიანმა იერიშებმა კი დაიგვიანა, თუმცა, დასკვნით 20 წუთში ბელგიელები 4-ჯერ დავალელოვეთ.
დუბლის შესრულება მოახერხა ცუცქირიძემ, თავი ზურაბ ძნელაძემაც გამოიჩინა, ბელგიელთა მორიგი შერკინების მერე, ბურთი ლელოში შეცვლაზე შესულმა გელა აფრასიძემ გადადო, ბოლოს კი, გიორგი თხილაიშვილმაც გაინავარდა და საბოლოოდ, 46:6 ვიმარჯვეთ. სათქმელია ისიც, რომ მე-2 ნახევარში ბელგიელთა ხაზის სუფთად გაჭრა მეტჯერ მოვახერხეთ და ლელოებიც უფრო ლამაზი გამოვიდა.

მატჩის შემდეგ
მატჩის შედეგით მილტონ ჰეიგი კმაყოფილი დარჩა:
„მთლიანობაში, კმაყოფილი ვარ. იყო ეპიზოდები, როდესაც ძალიან კარგად ვთამაშობდით, თუმცა რაქში რამდენჯერმე ბურთი დავკარგეთ და სამჯერ აუტში გადაგვიყვანეს. როდესაც შენზე ძლიერ მეტოქეს ეთამაშები და ბურთი მოგეცემა, ის აუცილებლად უნდა შეინარჩუნო. კმაყოფილი ვარ, რომ პირველ ტაიმში 22 და მეორეში 24 ქულა გავაკეთეთ, თუმცა ზოგადად, დისციპლინით უკმაყოფილო ვარ“.
„ბელგიელები ეპიზოდებში დაცვაში ძალიან კარგად თამაშობდნენ და ხაზს სწრაფად გვიწევდნენ, თუმცა 46:6, კომფორტული სხვაობაა. მიუხედავად იმისა, რომ მინდორი სპეციფიურია, რამდენიმე კარგი ლელო გავიტანეთ. გიორგი ცუცქირიძე ძალიან კარგი მოთამაშეა და დღეს კარგი მატჩი ჰქონდა, თუმცა ის გუნდის ნაწილია და ჩვენმა ტაქტიკამაც განაპირობა, რომ ის ასეთი აქტიური იყო”.

მზადება ორი მატჩისთვის
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 3 ტურის თავზე საქართველოს ეროვნულმა გუნდმა 13 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილს კვლავაც ერთპიროვნულად ლიდერობს. 10 ქულა აქვს აქტივში რუსეთს, რომელიც დღესვე ჰაიდელბერგში გერმანიას ესტუმრა და 26:18 იმარჯვა. ტურის ცენტრალური შეხვედრა 3 მარტს გახლავთ დაგეგმილი. თბილისის დროით 15:45 საათიდან ესპანეთი მადრიდში რუმინეთს დაუხვდება.
ბორჯღალოსნებს მიმდინარე ტურნირზე 2 მატჩი დარჩათ ჩასატარებელი. 10 მარტს, ქართველები ქუთაისში გერმანიას უმასპინძლებენ, 17-ში კი, კრასნოდარში რუსეთთან მორიგი შერკინება ელით და თუკი ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ წარიმართა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის (ყოფილი ერთა თასი) ოფიციალური ჩემპიონები მეთერთმეტედ გახდებიან.