კახა კალაძე: “იმ ფეხბურთელებთან ერთად მითამაშია, რომლებმაც ისტორია დაწერეს”

0
44

კახა კალაძე იტალიაში ყოფნისას ადგილობრივ La Gazzetta delloSport-ს სხვადასხვა თემებზე ესაუბრა. კალაძემ პოლიტიკაში მოღვაწეობისა და ჯენარო გატუზოს ფორმაციის ”მილანზე” იტალიელ ჟურნალისტს თავისი შეხედულებები გაუზიარა.

– ”სან სიროზე” ”მილანის” შეხვედრას დაესწარით. თამაშისგან რამდენად დიდი სიამოვნება მიიღეთ?
– დიდებული. ”მილანმა” შესანიშნავად ითამაშა. კლუბის თამაშებს ტელევიზორში ხშირად ვუყურებ, ცოცხლად კი მიმდინარე სეზონში ”მილანის” მატჩს პირველად დავესწარი. გუნდი პროგრესირებს. დროდადრო ”მილანის” თამაშის ხარისხი უმჯობესდება.

– ყველაზე მეტად ”მილანის” თამაშში რას გამოყოფთ?
– სიმტკიცე და გამბედაობა. ”მილანი” დაცვაში შესანიშნავად ასპარეზობს და შემტევები გოლების გატანას ახერხებენ.

– რამდენად დიდია გატუზოს წვლილი აღნიშნულ ფაქტორებში?
– გუნდის განწყობა გასახდელში ჯენარომ შექმნა. წარმატების მთავარი მიზეზი ფეხბურთელების ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებაა. თავდამსხმელები ნახევარმცველებს ეხმარებიან, ნახევარმცველები კი – მცველებს.

– თქვენთვის რამდენად მოსალოდნელი იყო, რომ გატუზო მწვრთნელის რანგშიც წარმატებული იქნებოდა?
– არ ვფიქრობდი, რადგან ამ თემაზე თანაგუნდელები არ ვსაუბრობდით.მან ეს გზა აირჩია და დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის მწვრთნელია. ბედნიერი ვარ, რომ სამწვრთნელო საქმიანობაში ბოლომდეა ჩაფლული. მას ”მილანის” ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნებაც კი შეუძლია. 

– ფიქრობდით, რომ მალდინისა და ლეონარდოს, თქვენს ყოფილი თანაგუნდელებს ”მილანის” მმართველთა შორის იხილავდით?
– მახარებს, რომ მალდინისა და ლეონარდოს კლუბის მენეჯმენტში ვხედავ, მათ კლუბს შესძინეს სტაბილურობა, რაც ”მილანს” ნამდვილად აკლდა. ჩემი ინფორმაციით, კლუბის მფლობელს კლუბში დიდი ინვესტიციის ჩადება სურს, რომ კლუბი გაძლიერდეს ახალი ფეხბურთელებით.

– პიონტეკი ასეთი ფეხბურთელია?
– მე ისეთ ფეხბურთელებთან ერთად მითამაშია, რომლებმაც ისტორია დაწერეს. პიონტეკი ვერ გახდება ბრაზილიელი რონალდო, მაგრამ შეუძლია დიდი ფეხბურთი ითამაშოს. მის თამაშს ჯერ კიდევ მაშინ ვადევნებდი თვალს, როცა ”ჯენოაში” თამაშობდა. უცხოელი ფეხბურთელისთვის სერია ა-ში დამკვიდრება რთულია, რაც განსაკუთრებით ფორვარდებს ეხებათ. მათგან ყოველ მატჩში გოლის გატანას ელიან. პიონტეკს სწორი დამოკიდებულება აქვს,  გოლის გასატანად მუდმივად მზადაა. გარდა იმისა, რომ გოლების გატანა გამოსდის, ცდილობს დაცვითი სტილის ფეხბურთელის ფუნქციებიც შეასრულოს.

– გატუზოს საქომაგოდ მალე დაბრუნდებში ”სან სიროზე”?
– მასთან კომუნიკაცია მაქვს. ვეცდები მაქსიმალურად მალე დავბრუნდე, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის მერის თანამდებობაზე ვმუშაობ, ძალიან დაკავებული ვარ.

– ფეხბურთელის კარიერის მიმართ ნოსტალგიური დამოკიდებულება გაქვთ?
– დღეს თბილისის მერი ვარ და 1,5-მილიონი ადამიანის მიმართ ვალდებულება მაკისრია. პრობლემების აღმოსაფხვრელად ბევრ პროექტზე ვმუშაობთ. გვსურს ხალხი ბედნიერი გავხადოთ.

– რომელ პროექტებზე მუშაობთ?
– რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ. ვზრუნავთ გზებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. გვსურს ევროკავშირის ყურადღება მივიპყროთ, რომ შემდგომში ამ ორგანიზაციის წევრი გავხდეთ. ცოტა ხნის წინ მარიხუანის შესახებ კანონი მივიღეთ, რომლის მიხედვით მომხმარებელი ციხეში ყოფნით არ დაისჯება. საქართველოში მარიხუანის პირადი მოხმარება ლეგალიზებულია.