მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი მეოთხე ადგილზე დავასრულეთ

0
33

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დაასრულა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა 2-წლიან ციკლში ჯამში გამართული 12 მატჩიდან 5 მოიგო, 7 მარცხი განიცადა და ასპარეზობა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის 6-გუნდიან ჯგუფში მე-4 ადგილზე დაასრულა. მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ჯგუფის 3 საუკეთესო გუნდი – საბერძნეთი, გერმანია და სერბეთი გავიდნენ, რომელთა შემდეგაც საქართველო, ისრაელი და ესტონეთი განთავსდნენ.

ჯგუფში ბოლო ადგილზე გასულმა ესტონელებმა საკვალიფიკაციო შთამბეჭდავად დაასრულეს. ბალტიისპირელებმა 3 დღის წინ ტალინში სერბეთს სძლიეს, დღეს კი თბილისში საქართველოს ნაკრებსაც მოუგეს. დიახ, საქართველოს ნაკრებმა ესტონეთის ნაკრებთან წააგო, რაც კარგად ჩატარებული საკვალიფიკაციო ტურნირის მოხდენილი დასასრული არ გახლდათ, თუმცა ამ წაგებისგან ტრაგედიის შექმნა არ ეგების. საქართველოს ნაკრები თამაშობდა დიდი დანაკლისით, რასაც ბერძენი მწვრთნელი წარუმატებლობის ერთ-ერთ მიზეზად მიიჩნევს.

თამაში ესტონელების 2-ქულიანით დაიწყო, რასაც ზუროსის გუნდმა 3-ქულიანით უპასუხა, თავი თად მაკფადენმა გამოიჩინა. მეოთხედის ერთ-ერთ გამოსარჩევი მომენტი ამერიკელი ლეგიონერის მეორე 3-ქულიანი იყო, რის შემდეგაც ზუროსის გუნდი 5 ქულით დაწინაურდა. მალევე უპირატესობა 4 ქულამდე გაიზარდა, ესტონელებს ტაიმაუტის აღება მოუწიათ. შესვენებამ სტუმართათვის შედეგი გამოიღო, მათ ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს, თუმცა მეოთხედის ბოლოს თად მაკფადენმა მე-3 3-ქულიანი ჩააგდო. მაკფადენს არც დუდა სანაძე ჩამორჩა და მომდევნო შეტევაში მისი ნასროლი 3-ქულიანიც ზუსტი აღმოჩნდა.

საბოლოოდ, პირველი მეოთხედი საქართელოს ნაკრებმა 27:21 მოიგო.  11 ქულით საუკეთესო გიორგი შერმადინია, მაკფადენის ანგარიშზე 9 ქულაა, ხოლო სანაძემ 7 ქულა მოიპოვა. კარგად თამაშობდა სასტარტო ხუთეულში მყოფი აკაკი დვალიშვილი, რომელმაც დაცვაში მნიშვნელოვან ჩაჭრებს, სწრაფი შეტევა და შედეგიანი პასიც მოაყოლა.

მეორე მეოთხედიც ესტონელების 2-ქულიანით დაიწყო, საპასუხოდ სტუმრებმა დუდა სანაძის მე-2 3-ქულიანი მიიღეს. სანაძე სტატისტიკურად შერმადინს დაეწია. ამის შემდეგ უპირატესობა ესტონელების ხელში გადავიდა, დიდ შესვენებამდე 6:45 წუთით ადრე საიმონ სუტის 3-ქულიანით ქართველების უპირატესობა მხოლოდ 2 ქულამდე შეამცირა. ილიას ზუროსს წუთშესვენების აღება მოუწია. მეოთხედის დასრულებამდე 4 ქუთით ადრე კი ესტონელებმა 1 ქულით დაწინაურებაც შეძლეს, ზუროსმა წუთშესვენება მეორედ აიღო.

მესამე მეოთხედი საქართველომ აქტიურად დაიწყო, აღსანიშნავია გიორგი შერმადინის თამაში, რომელმაც 8 ქულა ჩააგდო. მეოთხედის დასრულებამდე 5:34 წუთით ადრე თად მაკფადენის ჩაგდებული ბურთით მასპინძლებმა ნანატრი უპირატესობა დაიბრუნეს. ბოლო მეოთხედის წინ საქართველო 2 ქულით იგებდა. ბოლო ქულა ახალგაზრდა რატი ანდრონიკაშვილმა ჩააგდო, მერაბ ბოქოლიშვილის ნასროლი სამიანი კი სამწუხაროდ არაზუსტი აღმოჩნდა.

ბოლო 10-წუთიანი პერიოდის დასაწყისში დუდა სანაძე 3-ქულიანით გამოირჩა. ესტონეთმა რამდენიმე შეტევის შედეგად 3 ქულით დაწინაურება მოახერხა. შეხვედრის დასრულებამდე 4:55 წუთით ადრე ზუროსმა წუთშესვენების უფლება გამოიყენა. მასპინძლები თამაშში გიორგი ცინცაძის 2 ქულით დაბრუნდნენ. მომდევნო ეპიზოდში ესტონელებმა შეტევაში ბურთი დაკარგეს, მაგრამ სამწუხაროდ საქართველომ ამით ვერ ისარგებლა, ცინცაძემ ზედიზედ მეორედ ჩაგდება ვერ შეძლო. საბედნიეროდ, არაზუსტი ესტონეთის 3-ქულიანიც გამოდგა, საქართველომ კი არასპორტული ჯარიმის შედეგად 2 სროლის უფლება მოიპოვა. მაკფადენმა ორიდან ორი ჩააგდო!

მორიგი წუთშესვენების შემდგომი ეპიზოდი დუდა სანაძის არაზუსტი შორეული სროლით დასრულდა, მაკფადენს ჯარიმის აღება მოუწია, ორიდან ორი სროლა კი ზუსტი აღმოჩნდა – სტუმრები უკვე 5 ქულით იგებდნენ. საქართველოს მომდევნო შეტევა ანალოგიურად დასრულდა, სანაძემ ისევ ვერ ჩააგდო, აღებული ჯარიმის შემდეგ კი ორივე სროლა ზუსტი აღმოჩნდა. აქ კი მატჩის ბედი საბოლოოდ – ესტონელთა სასარგებლოდ გადაწყდა. ბალტიისპირელებმა 84:77 იმარჯვეს და მსოფლიო საკვალიფიკაციო მაჟორულ ნოტაზე დაასრულეს.

ჩვენი ნაკრების რიგებში საუკეთესო ისევ გიორგი შერმადინი იყო. ქართველმა ცენტრმა 39 წუთში 22 ქულა, 15 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. 21 ქულა იყო დუდა სანაძის ანგარიშზე, ხოლო თად მაკფადენა ქართველებს 20 ქულა შეაშველა. დანარჩენი მოთამაშეებიდან მხოლოდ გიორგი ცინცაძემ (8), მიხეილ ბერიშვილმა (4) და რატი ანდრონიკაშვილმა (2) მოახერხეს ქულების მოპოვება…

მატჩს ესწრებოდენ №11 არასწულწლოვანთა პენიტენციალური დაწესებულების მსჯავრდებულები, რომლებმაც მატჩს სპეცალური დაცვის თანხლებით უყურეს და დიდ შესვენებაზე  საჯარიმო სროლების კონკურსშიც მიიღეს მონაწილეობა. თამაშის შემდეგ ახალგაზრდა მსრჯავდებულები კალათბურთელებს გასახდელში ესტუმრნენ და მათგან საჩუქრის სახით საკლათბურთო ბურთები მიიღეს, ხოლო კონკურსის გამარჯვებულებს კალათბურთის ფედერაციის პარტნიორებისგან სპეციალური პრიზებიც ეგროთ.

დაჯილდოვდა Kiss Cam-ის გამარჯვებული ჭარმაგი წყვილიც, რომელიც ორგანიზატორებმა დარბაზში მოსულ და ეგრედ წოდებულ Kiss Cam-ში მოხვედრილ წყვილთა შორის საუკეთესოდ მიჩნიეს. საჯარიმო სროლებისა და Kiss Cam-ის გმარჯვებულები ფედერაციის პარტნიორებმა – tkt.ge-მ, “ტიფლისტექსმა” და “აჭარასპორტმა” დაჯილდოვეს. ამ უკანასკნელმა საკუთარ პორტალზე მიმდინარე გამოკითხვის შედეგად ესტონეთთან საუკეთესო მოთამაშედ დასახელებული დუდა სანაძე სპეციალური პრიზითა დააჯილდოვა.

მატჩის დაწყებამდე შედგა საქართველოს ნაკრების მხარდამჭერი მასკოტ “ჯეოს” ოჯახის პრეზენტაცია. საყვარელმა ლომმა სპორტის სასახლეში მოსულ გულშემატკივარს საკუთარი მეუღლე და შვილები – ძუ და ხვადი ბოკვერები წარუდგინა, რომლებიც მატჩის მსვლელობისას აქტიურადუჭერდნენ ქართველ კალათბურთელებს მხარს და სპეციალურად მომზადებულ საცეკვაო ნომრებსაც ასრულებდნენ.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავიდა და მომდევნო სანაკრებო ციკლიდან ევროპის 2021 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად იბრძოლებს, რომლის გათამაშების ფორმატიც ჯერ უცნობია და მის პრეზენტაციას ფიბა სავარაუდოდ, მაისის თვეში განახორციელებს. საქართველო ევრობასკეტის ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძლობის კანდიდატია და თუკი ასე მოხდება, ჩვენი ნაკრები საკვალიფიკაციო ტურნირში არ იასპარეზებს.

საქართველო – ესტონეთი
სტატისტიკა: 77:84