ილიას ზუროსი: “წაგება გვაძლიერებს და სწორ გზას გვიჩვენებს”

0
26
საქართველოსა და ესტონეთის მატჩის დასრულების შემდეგ ილიას ზუროსმა პრესკონფერენციაზე შემდეგი განცხადებები გააკეთა:
  • დამთავრდა 2-წლიანი ციკლი, რომლის განმავლობაშიც იყო კარგი და იყო ცუდი ეპიზოდები. ჩვენ არაერთი საამაყო გამარჯვება მოვიპოვეთ და დასანანი მარცხი ვიწვნიეთ, რომელთაგან თუნდაც ეს ბოლო შეხვედრა შეგვიძლია დავასახელოთ. მოგების დროს ზეიმი კარგი და იოლია, ხოლო წაგების დადებითი მხარე ისაა, რომ ის გაძლიერებ, ძალას გმატებს, გაერთიანებს და ჩვენც სწორედ ასე უნდა ვიყოთ. ჩვენ – მე, მოთამაშეები და თქვენ – ჟურნალისტები, გულშემატკივრები… ერთი გუნდი ვართ. თქვენ პირველი დღიდან ჩვენთან ერთად იყავით და იზიარებდით მოგების სიხარულს და წაგების სიმწარეს. ამიტომ, მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის. ასევე მივულოცავ და დიდ მადლობას ვეტყვი ნაკრების კალათბურთელებს, სამწვრთნელო შტაბს, ხელმძღვანელობას. არც ერთი, ვინც ჩვენს გუნდშია, არაფერს იშურებდა, რომ ნაკრებს წარმატებისთვის მიეღწია და გულშემატკივრები გაეხარებინა.
  • ჩემთვის დიდი პატივია, რომ წარმოვადგენდი საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. ამ ხნის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ, რომ თუნდაც 2 ფანჯრის განმავლობაში ერთი შემადგენლობით გვეთამაშა, რაც უპირველესად ფიბა-სა და ევროლიგის შეუთანხმებლობის მიზეზია. ევროპული კალათბურთის ხელმძღვანელობამ ვერ მოახერხა საერთო ენის გამონახვა, რამაც ჩვენნაირი ნაკრებები დიდად დააზარალა. ამას დაერთოო ტრავმები, სხვა მიზეზები და მოხდა ისე, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავედით. წარმოუდგენელია, რომ მწვრთნელმა 3 დღეში მოახერხოს გუნდის ისე შეკვრა და შეთამაშება, რომ მაქსიმუმ შედეგს მიაღწიოს. მწვრთნელი არაა ჯადოქარი და სისტემა, რომელშიც გვიწევს მუშაობა, არაა ხელსაყრელი. სწორედ ამ სისტემის გამო ამ საკვალიფიკაციო ტურნირის დასაწყისში სრულიად ახალი შემადგენლობით ვითამაშეთ. მსურს ამაში დადებითიც დავინახო, რაც ნაკრებში ახალი სახეებიც გამოჩენაა. დავინახეთ, რომ გვყავს ახალი თაობა, რომელმაც ნაკრებში საკუთრი ადგილი უნდა დაიკავოს და მისი დახმარებით უნდა მოხდეს გუნდის განახლება. ახლა, როცა მორიგი მნიშვნელოვანი ციკლი დასრულდა, უნდა გავაანალიზოთ ყველაფერი და გადავდგათ სწორი ნაბიჯები, რაც საქართველოს ნაკრების, ქართული კალათბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩემი კონტრაქტი ნაკრებში ამოწურულია და მე მექნება შეხვედრა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან, სადაც ყველა საკითხს განვიხილავთ.
  • რაც შეეხება კონკრეტულად დღევანდელ მატჩს, დამარცხების მიზეზი მეტოქის შეუფასებლობა, დაშვებული შეცდომები, 19 დაკარგული ბურთი და ამას მოყოლილი 30-ამდე ქულაა. ესტონეთის ნაკრები არაა ლეგიონერებით სავსე, ეს გუნდი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ერთად თამაშობს. ესტონელებმა თუნდაც ერთ ტაიმში, მაგრამ ღირსეული მეტოქეობა გაუწიეს ჩვენი ჯგუფის ლიდერებს – გერმანიას, საბერძნეთს, ხოლო წინა ტურში სერბეთი დაამარცხეს. დღევანდელი მატჩის შედეგს სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუმცა მოგება ორივე გუნდს სურდა და ჩვენდა სამწუხაროდ, ესტონელები მეტად მოტივირებულები და კონცენტრირებულები აღმოჩდნენ.