ეროვნულ აკადემიას დავით კილასონიას სახელი მიენიჭა

0
6

„ქორთიარდ მერიოტში“ საქართველოს რაგბის კავშირის 2019 წლის მორიგი წევრთა საერთო კრება, ყრილობა გაიმართა.

დღის წესრიგში რამდენიმე საკითხი განიხილებოდა და უმთავრესი ლეგენდარული ქართული მორაგბის, მწვრთნელისა და მოღვაწის სახელს უკავშირდება. საერთო გადაწყვეტილებით, ამიერიდან საქართველოს რაგბის ეროვნული აკადემია დავით კილასონიას სახელობის იქნება. სრკ-მ და მისმა წევრებმა ამ გზით დაუფასეს დავით კილასონიას ქართული რაგბისადმი გაწეული ამაგი.

დავით კილასონია 1951 წელს თბილისში დაიბადა და რაგბის თამაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო. 9 და 10 ნომრებზე ერთნაირი წარმატებით თამაშობდა თბილისის ‘სპარტაკსა’ და ‘ლოკომოტივში’, რომლის შემადგენლობაშიც, ის საკავშირო პირველობის ყველაზე უმცროსი მონაწილე გახდა. ‘ლოკომოტივთან’ ერთად მან 1978 წელს საკავშირო პირველობის ბრინჯაოს მედლები, მოგვიანებით კი თასი მოიგო, ხოლო 1979 წელს ვერცხლის მედალოსანი გახდა.

1979 წელს, მან საბჭოთა კავშირის ნაკრებთან ერთად „ერთა თასის“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, წვრთნიდა საბჭოთა კავშირის მეორე ნაკრებს.

„რაგბის გაჭირვების წლებში“, ის მთავარ პროპაგანდისტად იქცა და მისი დიდი დამსახურებით, საქართველოში რაგბის თამაში შენარჩუნდა. 1989 წელს, ის სათავეში ჩაუდგა ქართული რაგბის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას, დაამყარა კავშირი ირბ-სთან (ამჟამად „მსოფლიო რაგბი“), ჩამოაყალიბა და სათავეში ჩაუდგა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და მისი ბრძოლა 1992 წელს ქართული რაგბის საერთაშორისო აღიარებით დასრულდა.

მოგვიანებით ის მამაპაპისეულ ნოქალაქევში გადასახლდა და სამეგრელოში რაგბის აღორძინებას მიჰყო ხელი. მას წვლილი მიუძღვის ქართულ ჯარში რაგბის დანერგვაში, ააღორძინა ძველი ტრადიციული ქართული თამაში, ლელო-ბურთი, შექმნა ფედერაცია და 10-გუნდა პირველობაც გამართა.

დავით კილასონია 2018 წლის ნოემბერში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

2018 წლის ანგარიში, სამომავლო გეგმები და ბიუჯეტი

ყრილობაზე დამსწრე ნამდვილმა წევრებმა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტისგან, გოჩა სვანიძისგან 2018 წლის ანგარიში მოისმინეს. სვანიძემ ისაუბრა იმ სამომავლო გეგმების შესახებაც, რომელიც წელს შემოდგომაზე, იაპონიაში გასამართ მსოფლიო თასს ეხება და სადაც საქართველო ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს. საუბარი შეეხო 2019 წლის სრკ-ს ბიუჯეტსაც, რომლის განხილვა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება:

„ეს იყო მორიგი ყრილობა, სადაც მოვისმინეთ გასული წლის ანგარიში და განვიხილეთ 2019 წლის ბიუჯეტი. იმის გამო, რომ ბიუჯეტში ბოლო წუთებამდე კორექტირებები კეთდებოდა, მან საბოლოო სახე სულ რაღაც ორი დღის წინ მიიღო, ნამდვილი წევრების თხოვნით ამ საკითხზე საუბრები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება“ – განაცხადა გოჩა სვანიძემ.