გიორგი ბეჟანიშვილი: „დარბაზში პირველი შევდივარ და ბოლო გამოვდივარ“!

0
31

20  წლის გიორგი ბეჟანიშვილი მოულოდნელად და ხმაურიანად გამოჩნდა კალათბურთის ქართველი ქომაგის თვალსაწიერზე:  9 თებერვალს, აშშ-ის კოლეჯების ლიგის „ილინოისში“ მოთამაშე მძიმე ფორვარდმა „რატგერსს“ 35 ქულა ჩაუგდო და 29-წლიანი რეკორდი გააუმჯობესა! „ილინოისის“ „ფრეშმენებს“ (პირველკურსელი. – რ.შ.) შორის, ერთ მატჩში ყველაზე მეტი – 34 ქულის მოპოვება შორეულ 1990 წელს მოახერხა დიონ ტომასმა, თითქმის სამი ათეული წლის შემდეგ კი, მასზე მეტი ჩააგდო რუსთავში დაბადებულმა ბიჭმა, რომელიც ავსტრიის მოქალაქეა, მაგრამ… საქართველოს კალათბურთის ფედერაციისგან უკვე მიიღო მიწვევა! გიორგი ბეჟანიშვილს ილინოისში დავუკავშირდით და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩავწერეთ:

  • აქ ყველა ჩემზე ლაპარაკობს და როგორც ვხედავ, ჩემს შედეგიან თამაშს საქართველოშიც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სასიამოვნო და ჩემთვის საკმაოდ უჩვეულო შეგრძნებაა, მაგრამ ვცდილობ, ამ ყველაფერს ბევრი ყურადღება აღარ დავუთმო და თავდაუზოგავი ვარჯიშით კიდევ უფრო მეტს მივაღწიო.
  • რუსთავი, ვენა, ნიუ-ჯერსი, ილინოისი… მოდით, რუსთავით დავიწყოთ:
  • რუსთავი ჩემი მშობლიური ქალაქია, იქ დავიბადე და გავიზარდე და ყველანაირად ვეცდები, ვასახელო… კალათბურთში ვარჯიში 6 წლის ასაკში დავიწყე ოთარ ხმელიძესთან, რომელმაც ქართულ კალათბურთს უამრავი ძლიერი მოთამაშე აღუზარდა და რომელიც ყველაზე მაგარ ქართველ მწვრთნელად მიმაჩნია! მე და ჩემი ძმა დავითი ოთარ მასწავლებელთან მიგვიყვანა დედამ, რომელიც სტუდენტობისას თავადაც თამაშობდა კალათბურთს. რუსთავში რამდენიმე წლის განმავლობაში ვითამაშე, შემდეგ კი ჩვენი ოჯახი ავსტრიაში გადავიდა საცხოვრებლად და კალათბურთის თამაში იქ გავაგრძელე…
  • ვიცი, რომ პირველ მწვრთნელს დღემდე ხშირად ეკონტაქტებით…
  • სხვაგვარად ვერც იქნება. სწორედ ბატონმა ოთარმა შემაყვარა კალათბურთი. მას შეუძლია მოზარდები ისე დააინტერესოს სპორტის ამ სახეობით, რომ ქუჩაში უსაქმურად დგომაზე და ვიდეოთამაშებზე კი არა, სპორტის საოცარ სახეობაზე – კალათბურთზე იფიქრონ. ოთარ ხმელიძემ უამრავი ძლიერი მოთამაშე აღუზარდა ქართულ კალათბურთს და ხშირად ვეუბნები – დიდხანს გააგრძელოს საქმიანობა, რომელიც ყველაზე კარგად გამოსდის! რუსთავში ცხოვრობენ ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები – ბებია და პაპა. 2 წლის ვიყავი, როდესაც დედა სამუშაოდ წავიდა ავსტრიაში და ბებია-ბაბუამ გამზარდა. სამი წელიწადია, საქართველოში აღარ ვყოფილვარ და ძალიან მენატრებიან…
  • ავსტრიაში რომელ გუნდებში თამაშობდით?
  • თავდაპირველად, თანატოლებში – მეორე ლიგაში მომიწია თამაში, მეორე წელს კი ბუნდესლიგის „კლოსტერნოიბურგში“ გადავბარგდი. ამერიკელმა თანაკლუბელმა მაიკლ ოუჯოუმ მირჩია – აშშ-ის კოლეჯის გუნდში სინჯე თამაში, გამოცდილებასაც მიიღებ და ყველას აჩვენებ, რა შეგიძლიაო. ოუჯოუმ ამერიკაში ჩემი თამაშის ვიდეოჩანაწერებიც გაგზავნა და… ასე აღმოვჩნდი ნიუ-ჯერსის „პატრიკ სქულში“ – კაირი ირვინგის სკოლაა და აშშ-ის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო აკადემიად ითვლება. ნიუ-ჯერსიში ერთი წელი გავატარე, 2018 წლის ზაფხულიდან კი ილინოისის უნივერსიტეტში ვსწავლობ და ვთამაშობ…
  • ავსტრიული კალათბურთი სიძლიერით არ გამოირჩევა, მაგრამ გამოცდილების დაგროვებაში მაინც დაგეხმარებოდათ…
  • კალათბურთი ნამდვილად არ არის ავსტრიელების საყვარელი თამაში – სათხილამურო სპორტის და ფეხბურთის პოპულარობას ვერც შევადარებ, მაგრამ ავსტრიის ბუნდესლიგაშიც არიან კარგი კალათბურთელები – ამერიკიდან, ბალკანეთიდან და ა.შ. ასე რომ, იქ გატარებულმა დრომ მეც მომცა სასარგებლო გამოცდილება.
  • თუმცა ამერიკული კალათბურთი – თუნდაც სტუდენტური, სულ სხვა მასშტაბის და სპეციფიკის არის. მოგვიყევით რა დონისაა NCAA-ს (კოლეჯების ეროვნული ასოციაცია) Big 10 დივიზიონი, სადაც ამჟამად ასპარეზობთ.
  • კოლეჯების ლიგაში ათზე მეტი დივიზიონია, თითოეულში – მინიმუმ ათი გუნდი. ტრადიციულად, ყველაზე ძლიერია სამი კონფერენცია – Big 10, Big East და Acc. მე Big 10-ში ვარ, რომელიც წელს ყველაზე ძლიერია, სანდრო მამუკელაშვილი კი Big East-ში. სანდრო ძმასავით მიყვარს და მიხარია, რომ სტუდენტური ლიგის ყველაზე ძლიერ კონფერენციებში წარმატებით ვთამაშობთ ორი ქართველი!
  • „ილინოის ფაითინ ილინის“ ძირითადი ხუთეულის წევრი ხართ.
  • ილინოისის უნივერსიტეტი აშშ-ში ერთ-ერთი უძველესია. საკალათბურთო გუნდსაც დიდი ისტორია აქვს, არაერთი სახელგანთქმული მოთამაშეც ჰყოლიათ. უძლიერესი გუნდი, ბოლოს, 2005-ში ჰყავდათ, როცა „ილინოისში“ დერონ უილიამსი თამაშობდა. თავის ქებაში არ ჩამომართვათ, მაგრამ წელსაც ძლიერი ახალგაზრდები არიან თავმოყრილი და ყველა ამბობს, რომ ამ შემადგენლობას დიდი მომავალი აქვს. მთლად სახარბიელო სეზონი არ გვაქვს, მაგრამ ბევრს ვმუშაობთ და რამდენიმე უძლიერესი მეტოქეც დავამარცხეთ. შეგვიძლია, ჩვენს უნივერსიტეტს ძველი „დიდება“ დავუბრუნოთ და სასწავლებლის გუნდი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი უძლიერესი გავხადოთ!
  • ამ სეზონში რა მიზანი გაქვთ?
  • გვინდა, დარჩენილ შვიდივე შეხვედრაში გავიმარჯვოთ. რთული იქნება, მაგრამ თუ ეს მოვახერხეთ და ჩვენი კონფერენციაც მოვიგეთ, „მარჩ მედნესზე“ გასვლის შანსიც გაგვიჩნდება. NCAA March Madness ამერიკის კოლეჯების გუნდების ყოველწლიური ტურნირია, სადაც სხვადასხვა კონფერენციის სამოცდაათამდე გუნდი თამაშობს ოლიმპიური სისტემით – ჩემპიონი რომ გახდე, ყველა მატჩი უნდა მოიგო! March Madness მთელი მარტის განმავლობაში მიმდინარეობს და ამერიკაში ძალიან პოპულარულია. გაგვიჭრდება, მაგრამ ყველანაირად ვეცდებით, იქ მოვხვდეთ…
  • „რატგერსთან“ შეხვედრაც გავიხსენოთ – სარეკორდო შედეგზე უფრო დაწვრილებით გვითხარით.
  • უნივერსიტეტის სტუდენტებს ოთხი „წოდება“ აქვთ: „ფრეშმენი“, „სოფტმორი“, „ჯუნიორი“ და „სინიორი“. აქამდე, არცერთ ფრეშმენს, ანუ ახალბედა პირველკურსელს, ვინც გუნდში პირველი წელია თამაშობს, არ ჩაუგდია ერთ მატჩში 35 ქულა. 1990 წელს ნაჩვენები წინა რეკორდი – 34 ქულა ეკუთვნოდა დიონ ტომასს, რომელიც დღემდე „ილინოისში“ მუშაობს მატჩების კომენტატორად. ცხადია, იმ მატჩსაც ესწრებოდა და გულიანადაც მომილოცა.
  • „ილინოისის“ ვებგვერდმა ორი რეკორდსმენის ერთობლივი ფოტოც გაავრცელა.
  • მე და დიონი მეგობრები ვართ, ხშირად ვსაუბრობთ და რჩევებსაც მაძლევს. ასე რომ, გულწრფელად გაიხარა, მისი რეკორდი მე რომ გავაუმჯობესე.
  • არათუ სტუდენტურ ლიგაში, რეკორდი 29 წელიწადს ეროვნულ საკალათბურთო ასოსიაციაშიც იშვიათად ძლებს. თანაგუნდელებმა რა გითხრეს?
  • ნამატჩევს, მცირე ინტერვიუ მივეცი, გასახდელში შესვლისას კი თანაგუნდელები მომეპარნენ და რეკორდი ჩემთვის ყინულიანი წყლის გადავლებით „დაასველეს“. ჩემი წარმატება ყველას ძალიან გაუხარდა. „ილინოისი“ საოცრად მეგობრული გუნდია, ერთმანეთი ძალიან გვიყვარს და ერთი ოჯახივით ვართ.
  • სარეკორდო მატჩის შემდეგ, Big 10-ის კვირის საუკეთესო მოთამაშედაც დაგასახელეს!
  • იმ კვირას ორი თამაში გვქონდა: სამშაბათს ქვეყნის მასშტაბით მეცხრე ადგილზე მყოფი „მიჩიგანი“დავამარცხეთ და იმ შეხვედრაში 16 ქულა ჩავაგდე. შაბათს კი კარიერის ყველაზე ნაყოფიერი მატჩი მქონდა და დამასახელეს კიდეც კვირის საუკეთესო კალათბურთელად დივიზიონის ყველა მოთამაშეს შორის! ჩემთვის ეს დიდი წარმატება და ძალიან საამაყო შედეგია.
  • სიმაღლით 206 სანტიმეტრი ხართ – რომელ სათამაშო პოზიციაზე გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?
  • 4-ნომრად თამაშისას, სადაც კარიერის უმეტესი ნაწილი გამიტარებია. ავსტრიაში 3-ნომრის პოზიციაზე ვთამაშობდი და ბურთსაც უფრო ხშირად „ვატარებდი“. ყველაზე ხშირად, „ილინოისში“ 5-ნომრად მიწევს თამაში, თუმცა ვასრულებ „ოთხის“ ფუნქციებსაც – ანუ, ბურთის სროლაც შემძლია და „ტარებაც“. ისე, ჩვენი მწვრთნელი – ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი ამბობს, რომ კალათბურთში პოზიციები აღარ არსებობს და ის პირობით ცნებად იქცა…
  • ილინოისის უნივერსიტეტის რომელ ფაკულტეტზე სწავლობთ?
  • ჯერ მიმართულება არ ამირჩევია. აქ ასეთი წესია: საწყისი ორი წლის განმავლობაში, მიმართულების გარეშე იღებ სხვადასხვა კლასს, რათა კარგად გააცნობიერო, რა სფეროთი ხარ დაინტერესებული, რომელი საგნები უფრო მოგწონს. სპეციალობას მხოლოდ ამის შემდეგ ირჩევ. სპეციალობას მეც მოგვიანებით გადავწყვეტ.
  • რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოესი წლების განმავლობაში ილინოისის უნივერსიტეტში დარჩებით და სწავლას და თამაშსაც იქ გააგრძელებთ…
  • აქაურობა უკვე იქცა ჩემს მეორე ოჯახად და ამ ეტაპზე, სხვაგან გადასვლას ნამდვილად არ ვაპირებ.
  • მაგრამ რა იქნება რამდენიმე წლის შემდეგ, როცა სწავლას დაასრულებთ? გეგმავთ კალათბურთის თამაშის პროფესიულ დონეზე გაგრძელებას?
  • ოთარ ხმელიძემ ეს თამაში ბავშვობიდან შემაყვარა და მინდა, კალათბურთელი ვიყო! არაერთ ამერიკელ მწვრთნელთან მილაპარაკია, მათ შორის, ჩემი ერთ-ერთი თანაგუნდელის მამასთან, რომელიც NBA-ში მუშაობს – „ტორონტო რაპტორსშია“ ასისტენტ-მწვრთნელად… ყველა მეუბნება, რომ კარგი შანსი მაქვს, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაშიც ვითამაშო. მე ყველანაირად ვეცდები, ისევ დაუზარებლად ვიშრომებ და იმედია, მსოფლიოს უძლიერეს ლიგაშიც მოვხვდები…
  • პოპულარობას ყურადღებას აღარ მივაქცევო, მაგრამ… თქვენს გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი პროგრესში ხელს ხომ არ შეგიშლით?
  • პირდაპირ ვამბობ, რომ ძალიან მშრომელი ადამიანი ვარ – ეს თვისება დედისგან გამომყვა… დარბაზში პირველი შევდივარ და ბოლო გამოვდივარ! ამ ჩვევის შეცვლას არ ვაპირებ, იგივეს ვაკეთებ, რასაც აქამდე ვაკეთებდი და იმედია, წარმატება კიდევ მექნება…
  • წარმატებას გისურვებთ! ავსტრიის მოქალაქე კი ხართ, მაგრამ როგორც ვიცი, არცერთი ქვეყნის ნაკრებ გუნდში გითამაშიათ.
  • მართალი ხართ. ამჟამად, ავსტრიის მოქალაქე ვარ, მაგრამ არც საქართველოს და არც ავსტრიის ნაკრებში მითამაშია.
  • გასაგებია, რომ ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ… თუ საქართველოს ნაკრებში თამაშს შემოგთავაზებენ…
  • უკვე შემეხმიანენ საქართველოს კალათბურთის ფედერაციიდან და ეროვნულ ნაკრებში თამაში შემომთავაზეს! უზომოდ გამიხარდა, მაგრამ ჯერ ვნახოთ, როგორ მოხერხდება საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება… ქართულმა მხარემ ეს საკითხი ავსტრიის კალათბურთის ფედერაციასთან უნდა მოაგვაროს. შემოთავაზება მაქვს, საქართველოს ნაკრებში თამაში მეც მინდა, მაგრამ კიდევ ვამბობ – პირველ რიგში, მოქალაქეობის საკითხია მოსაგვარებელი…
  • მოგვარდება კიდეც, თუ თანამშრომლობის სურვილი მართლაც ორმხრივია…
  • ძალიან მინდა, ვასახელო საქართველო და პირველ რიგში – ჩემი მშობლიური ქალაქი, რომელსაც არ ექცევა სათანადო ყურადღება. რუსთავში დაბადებული და გაზრდილი პირველი მოთამაშე ვარ, რომელმაც თავისი შრომით ასე შორს ჩამოაღწია.
  • თქვენ და სანდრო მამუკელაშვილი მეგობრები ყოფილხართ. ზაზა ფაჩულიასაც შეხვედრიხართ?
  • ზაზას არ შევხვედრივარ, მაგრამ ის და მამუკელაშვილი ხშირად ეხმიანებიან ერთმანეთს და ძალიან გამიხარდა, როცა სანდრომ მითხრა, რომ ზაზას ბევრჯერ უკითხავს ჩემი ამბები… ზაზა ფაჩულია ლეგენდარული კალათბურთელია და იმედი მაქვს, მეც ვითამაშებ მის დონეზე!
  • იმედია! NBA-ში ჯერ არა, მაგრამ „ილინოისის“ თამაშებისას, დარბაზში უკვე ჩანს ხოლმე ქართული დროშა.
  • მხიარული ხასიათი მაქვს, ხუმრობაც მიყვარს. მოკლედ, ჩემი „ჰობი“ პოზიტიურ განწყობაზე ყოფნაა და ადგილობრივ ფანებს ძალიან შევუყვარდი. „მიჩიგან სტეიტთან“ გამარჯვების შემდეგ, გულშემატკივრები მოედანზე შემოცვივდნენ, ერთ-ერთმა ფანმა ქართული დროშაც მომაწოდა და გახარებულმა ავაფრიალე. ძალიან ემოციური მომენტი იყო ჩემთვის… ქომაგებმა ქართული დროშა მომდევნო თამაშზეც მოიტანეს, მაგრამ არ გამოვართვი – თქვენთან იყოს, რომ დარბაზში სულ ვხედავდე-მეთქი. ქართულ დროშას რომ დავინახავ, უფრო მაგრად ვითამაშებ! ის გულშემატკივარი ყველა მატჩს ესწრება და შემპირდა, რომ დროშასაც სულ მოიტანს!
რატი შელეგია