მამუკა გორგოძე: “მსოფლიოს თასზე თამაში რთული იქნება”!

0
4

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი და “ტულონის” მოქმედი მორაგბე მამუკა გორგოძე კლუბთან ერთად TOP 14-ის პლეი ოფში გასვლას ცდილობს. გორგოძეს RUGBYRAMA-ს ჟურნალისტი ფაბრის მიშელი დაუკავშირდა და ვრცელი ინტერვიუც ჩაწერა.
მამუკამ TOP 14-ის პირველ ტურში ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც მოედანს დეკემბერში დაუბრუნდა.

– ტრავმით გამოწვეული უქმობის შემდეგ თავს როგორ გრძნობ?
ოპერაციამ კარგად ჩაიარა. დასვენება ყოველთვის კარგია. განსაკუთრებით იმ მორაგბეებისთვის, რომლებიც ბევრს თამაშობენ. გამოჯანმრთელებამდე ძალიან დიდი სამუშაო ჩავატარეთ. ბიჭები ამ სეზონში მოტივირებულნი და ენერგიით სავსენი არიან. “სტად ფრანსესთან” მოგება ძალიან რთული იყო. მოგებით გახარებული ვარ, განსაკუთრებით ჩემი ყვითელი ბარათის შემდეგ. ამ თემაზე საუბარი არ მსურს. ახლაც არ მესმის რატომ გამასინიბინეს.

– ტულონის მომდევნო მეტოქე აჟენი იქნება, მათთან თამაში კი ადვილი არ არის…
ყველა მატჩი მნიშვნელოვანია – მითუმეტეს ეს შეხვედრა. ვეთამაშებით კარგ გუნდს აჟენიდან. გვახსოვს შარშანდელი სეზონის მატჩი, რომელიც ძალიან რთული გამოდგა. “აჟენს” დიდ პატივს ვცემთ და ახლაც ძალიან რთული მატჩი გველის, ეს შეხვედრა მათთვისაც მნიშვნელოვანია.

გორგოძე ტონგას წინააღმდეგ

– ტრავმის გამო ოთხი თვე ვერ თამაშობდი, რა გამოცდილება მიიღე ამ პერიოდში?
 ტრავმა სერიოზული იყო – ყველაზე გრძელი ჩემს კარიერაში. პირველი დიდი ტრავმა 2017 წლის დეკემბერში მივიღე, როდესაც სამი თვე ვერ ვთამაშობდი. ამ ტრავმას თავი მალე დავაღწიე, რაშიც ექიმები და მწვრთნელები დამეხმარნენ. სამწუხაროდ, ფაბიენ გალტიესთან ცუდი ურთიერთობა მქონდა და თამაში არ მიწევდა. ამ სეზონში დავბრუნდი და პირველსავე ტურის მეხუთე წუთზე ტრავმა მივიღე, მაგრამ ახლა ვბრუნდები და და ყველაფერი კარგადაა.

გამარჯვების ლელო ტონგასთან

– ძალიან მალე მოახერხე დაბრუნება. რა არის შენი საიდუმლო?
დიდი სურვილი მქონდა, რომ მოედანზე მალე დავბრუნებულიყავი, მაგრამ რემბოს როლს ვერ შევასრულებ. ვცდილობ, ჩემს სხეულს მოვუსმინო. თუ ვგრძნობ, რომ კარგად ვარ, ტრავმას მაშინვე ვივიწყებ. ბევრ მოთამაშეს ამის პრობლემა აქვს. მათ ტრავმის მიღების ეშინიათ. თუ ამ ყველაფერზე სულ ფიქრობ, შესაძლოა, ტრავმა კვლავ მიიღო.

– სეზონის წინა პერიოდში და პირველ შეხვედრაში პატრის კოლასო (“ტულონის” მწვრთნელი) დიდ ნდობას გიცხადებდა.
მიმაჩნია, რომ პატრისს ჩემი სჯერა და ამის გამო მადლობას ვუხდი. ჩვენ კარგი გუნდი ვართ. ყოველთვის მსურს, რომ კლუბისთვის, მწვრთნელისთვის, სტადიონისთვის და ქომაგებისთვის მაქსიმუმი გავაკეთო. მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად სატურნირო ცხრილში ცუდი ადგილი გვიკავია, სტადიონი ყოველთვის ივსება. კრიტიკაც მისაღებია და ეს ორივე მხარს წაადგება.

– 2017 წელს სანაკრებო კარიერა დაასრულე. მსოფლიო თასზე რომ ვერ ითამაშებ, ამის გამო დისკომფორტს არ განიცდი?
რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, როცა შენი ქვეყნის მატჩს ტოვებ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ ყველაფერს გვერდიდან უყურებ, მაგრამ ყველა საქმეს აქვს დასასრული. უნდა იცოდე, როგორ მოემზადო კარიერის დასრულებისთვის. ვფიქრობ, რომ კარგ დროს შევჩერდი. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ტრავმიანობის პერიოდიც დაიწყო. წარმოიდგინეთ, აგრძელებ ნაკრებში თამაშს, გიწევს მოგზაურობა, ხშირად თამაშობ და ტრავმის რისკიც იზრდება. ახლა საქართველოს კარგი გუნდი ჰყავს ახალგაზრდა ბიჭებით. მსოფლიოს თასზე თამაში მარტივი არ იქნება, საქართველო ძლიერ ჯგუფშია, თუმცა ერთი ცხადია, ეს გუნდი არ დანებდება და ბოლომდე იბრძოლებს.

– “ტულონში” კიდევ ერთი წელი ითამაშებ, შემდეგ რას აპირებ?
კიდევ ერთ სეზონს ვითამაშებ. მსურს ყველაფერი მაჟორულ ნოტაზე დავასრულო. სწორედ ამის გამო, სანაკრებო კარიერა დავასრულე. შეიძლება ძალიან ძლიერი ვეღარ იყო, ტრავმებსაც ხშირად იღებდე და ცოტასაც დარბოდე, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. მე ყოველთვის თამაში მინდა.

მამუკა გორგოძე: მსოფლიოს თასზე თამაში მარტივი არ იქნება!

– “ტულონში” უფროსი მოთამაშე ხარ. რაიმე განსაკუთრებული როლი თუ გაქვს ახალგაზრდებთან ურთიერთობისას?
არ მიყვარს, როცა დიდი ბიჭები გაკვეთილებს ატარებენ. ახალგაზრდებისგანაც ბევრ რამეს ვსწავლობ.

– ხანდახან აგრესიული მოთამაშის  ავტორიტეტი გაქვს. როგორ ეგუები ამას?
არ ვიცი, ჩემზე ამას რატომ ფიქრობენ. ვინმე თუ დამარტყამს, ძირს გორაობას არ ვაპირებ. სამწუხაროა, მაგრამ ვგრძნობ, რომ რაგბი ნელ-ნელა ფეხბურთს ემსგავსება. დაგიბარებენ პარიზში და სადისციპლინო კომიტეტი გკითხავს: ‘ბაშვებს რა მაგალითს აძლევ.’ უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ ვინმე თავს გესხმის, მედიასთან ტირილი არ უნდა დაიწყო. უნდა უპასუხო. თუ დამარტყამ, გიპასუხებ – ეს არის რაგბის ღირებულება. ჩემს ცხოვრებასა და კარიერაში პირველი თავს არავის “დავსხმივარ”.