ლევან კობიაშვილი: „უდიდესი პასუხისმგებლობაა, როდესაც მეორედაც გიცხადებენ ნდობას”

0
27

2019 წლის 15 თებერვალს, ფედერაციის დაფუძნების დღეს, სასტუმრო ”ჰუალინგში,” რიგით 29-ე საარჩევნო ყრილობა გაიმართა.

ფედერაციის პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატს, ლევან კობიაშვილს უკლებლივ ყველა დარეგისტრირებულმა დელეგატმა მხარი დაუჭირა. ხმის მიცემის უფლება 28 დელეგატს ჰქონდა და თითოეულმა კანდიდატმა ხმა კობიაშვილის სასარგებლოდ მისცა.

სფფ-ის პრეზიდენტთან ერთად რიგით 29-ე ყრილობაზე დელეგატებმა აღმასრულებელი კომიტეტის შემდეგ შემადგნელობა აირჩიეს: აკაკი ალადაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ილია ინჯია, ნინო სორდია, თენგიზ სულქველიძე, რომან ფიფია, ბესიკ ჩიხრაძე, კახა ჭუმბურიძე, გოჩა ჯამარაული, ნიკოლოზ ჯღარკავა.

კობიაშვილი მეორე ვადით აირჩიეს. ”შალკესა” და ”ფრაიბურგის” ყოფილი ფეხბურთელი ქართული ფეხბურთის მმართველ ორგანოს შემდეგი 4 წელი უხელმძღვანელებს.

სფფ-ის ყრილობას ფიფასა და უეფას წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ შორის ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს, უეფას ვიცე-პრეზიდენტი მიკელე უვა იყო.

კობიაშვილი სფფ-ის პრეზიდენტად პირველი ვადით 2015 წლის ოქტომბერში აირჩიეს, როცა მისი კონკურენტები რევაზ არველაძე და მამუკა კვარაცხელია იყვნენ. დღეს გამართულ არჩევნებში პრეზიდენტობისთვის მხოლოდ კობიაშვილი იბრძოდა და მას კონკურენტი არ ჰყოლია.

„უზომოდ ბედნიერი ვარ, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია კიდევ ერთი ვადით ვუხელმძღვანელო ქართულ ფეხბურთს. ვხვდები, რამხელა პასუხისმგებლობა მაკისრია და აბსოლიტურად ვიაზრებ ამ ყველაფერს. მზად ვარ, თქვენთან ერთად, ჩვენს ძალიან მაგარ და დიდ გუნდთან ერთად, ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის კიდევ უფრო ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელო, რათა სპორტის ეს სახეობა უფრო წარმატებული გახდეს ჩვენს ქვეყანაში.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ასეთი ნდობისთვის, უდიდესი პასუხისმგებლობაა, როდესაც კიდევ ერთხელ გიცხადებენ ნდობას, გაფასაბენ და გაძლევენ შანსს უხელმძღვანელო სპორტის იმ სახეობას, რომელიც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია”, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.