ლევან კობიაშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა

0
5

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გუნდის წევრებთან ერთად, საარჩევნო ყრილობამდე ორი დღით ადრე, სპორტული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას, რომელიც ორ საათს გაგრძელდა, სასტუმრო რუმსმა უმასპინძლა და მისი მთავარი მიზანი, მედიის წარმომადგენლებისთვის მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება იყო.

ტრადიციულად, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდის წარმომადგენლებმა მედიის წარმომადგენლების ყველა შეკითხვას უპასუხეს.

საუბარი შეეხო როგორც მიმდინარე პროექტებს, ასევე სამომავლო გეგმებს. განსაკუთრებული ინტერესი ინფრასტრუქტურულ განახლებებთან დაკავშირებით გამოითქვა. ფედერაციის გუნდის წევრებმა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატთან დაკავშირებულ საკითხებზეც გაამახვილეს ყურადღება და სანაკრებო ვითარებაც მიმოიხილეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა არსებულ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები არამხოლოდ მედიის წარმომადგენელთა პროცესში ჩართულობისა და გამჭვირვალობისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ორგანიზაციას საშუალებას აძლევს, მუდმივად იყოს ინფორმირებული საზოგადოებაში არსებული საჭიროებების შესახებ.

„ასეთი ტიპის შეხვედრები, რომელიც ჩვენთვის ტრადიციად იქცა, გვაძლევს საშუალებას, გავცვალოთ ინფორმაცია, ასევე ვუპასუხოთ ყველა იმ კითხვას, რაც საზოგადოებაში არსებობს. ვფიქრობ, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ეს შეხვედრა, რადგან წინ საარჩევნო ყრილობაა და ბუნებრივია, მედიის წარმომადგენელთა ჩართულობა არის გზა, საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია მიმდინარე საკითხებზე. მიხარია, რომ იყო დიდი ინტერესი და იმედი მაქვს, რომ ყველა შეკითხვას ამომწურავად ვუპასუხე,“- აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 15 თებერვალს, სიმბოლურად, ფედერაციის დაფუძნების დღეს, სასტუმრო ჰუალინგში, რიგით 29-ე საარჩევნო ყრილობა გაიმართება.