19 წლის თედო აბჟანდაძეს “ბრივმა” სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა

0
5

გოგიტა ბუხაიძის ფოტო

 

ბორჯღალოსანმა მგეზავმა თედო აბჟანდაძემ, პრო დე2-ის ერთ-ერთ ლიდერ “ბრივთან” 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მომავალ სეზონს ფრანგულ ელიტაში დაიწყებს.

ქუთაისის “აიას” 19 წლის მორაგბემ სახელი 2017 და 2018 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატებზე გაითქვა. შარშან ნოემბერში მას მილთონ ჰეიგმა უხმო და აბჟანდაძემ სამოასა და ტონგასთან მოგებულ შეხვედრებში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, ცოტა ხნის წინ კი, ნაკრებთან ერთად მესამე გამარჯვება იზეიმა, როდესაც კლუჟში რუმინეთი 18:9 დაამარცხა.

თედო მიმდინარე სეზონს ქუთაისის “აიაში” დაასრულებს და ახალ გუნდს ზაფხულში შეუერთდება. “ბრივში” მას ექვსი ქართველი დახვდება – კარლენ ასიეშვილი, ვასილ ლობჟანიძე, ოთარ გიორგაძე, სოსო ბეკოშვილი, ლუკა გოგინავა და ლუკა ჯაფარიძე. 20 ტურის შემდეგ, “ბრივი” 57 ქულით მეოთხე ადგილზეა, ლიდერ “ნევერს” 7 ქულით ჩამორჩება და ტოპ 14-ში აღზევებისთვის იბრძვის.

“გახარებული ვარ ასეთი მაღალი დონის გუნდი რომ გამომიჩნდა. “ბრივს” მომავალი სეზონიდან შევუერთდები და ჩემი შესაძლებლობების დამტკიცებას ვეცდები. კონტრაქტი “ესპუარებისაა”, თუმცა უკვე ვიცი, რომ პირველ გუნდთან ერთად ვივარჯიშებ. შევეცდები უმოკლეს ვადებში შევისწავლო ფრანგული ენა, რათა ამან თამაშში არ შემიშალოს ხელი. კლუბში შემპირდნენ, რომ ფრანგულის მასწავლებელს ამიყვანენ, თუმცა მე სწავლას ახლავე დავიწყებ, რათა იქ ჩასულს გარკვეული საფუძველი მქონდეს. გუნდში ექვსი ქართველი დამხვდება და ისინი ადაპტირებას გამიადვილებენ. ყოველ შემთხვევაში ისე ნამდვილად არ გამიჭირდება, როგორც ირლანდიაში” – განაცხადა თედო აბჟანდაძემ.

rugby.ge