„ანთიმოზ ივერიელის თასი“ მეთორმეტედ აღვმართეთ

0
7

© ლევან ვერძეული

 

ბორჯღალოსნებმა 2019 წლის პირველ მატჩში რუმინეთი კლუჟში 18:9 დაამარცხეს და შინ წლის პირველი თასით ხელდამშვენებული ბრუნდებიან.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში, გაახალგაზრდავებული გუნდით პირველ შეხვედრაში უშუალო კონკურენტს სტუმრად ვეთამაშეთ. გუნდში გვყავდა სამი დებიუტანტი, რომელთაც ამოცანა წარმატებით გადაჭრეს და გამოცდილ მეტოქესთან პირველი გამარჯვება იზეიმეს.

ბორჯღალოსნებმა აიღეს რევანში, 2017 წელს სტუმრად განცდილი მარცხისთვის, ისტორიაში მეხუთედ მოიგეს რუმინეთში, რითაც შეინარჩუნეს და მე-12-ედ შემართეს რუმინეთთან საცილო „ანთიმოზ ივერიელის თასი“.

პირველ ტაიმში მეტოქემ შეძლო ქართველებთან გამკლავება და ორჯერ გაიტანა ჯარიმა. თედო აბჟანდაძეს პირველი საპასუხო დარტყმა გაუცუდდა, მეორე გაიტანა და მიუხედავად იმისა, რომ ლელოსთან ახლოს ვიყავით, 40 წუთის შემდეგ 3:6 ჩამოვრჩით.

მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი აფციაურის გარღვევის შემდეგ, მეტოქემ აშკარა ლელო წესების დარღვევით ჩაშალა და საჯარიმო ლელოთი დაისაჯა. საქართველომ 66-ე წუთზე კიდევ ერთხელ გაშალა შეტევა, ბექა გორგაძე მარჯვენა ფრთაზე მბოჭავს გასცდა და ბურთი ლელოს მიაწვდინა. გარდასახვა არაზუსტი იყო და 73-ე წუთზე რუმინეთმა ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, თუმცა იქვე აბჟანდაძემ საპასუხოდ დაჰკრა და ბორჯღალოსნებს 18:9 მოაგებინა.

„საინტერესო თამაში მოვიგეთ. მაქსიმალურად ვეცადეთ გაგვეხარებინა ის გულშემატკივარი, ვინც ტელევიზორიდან გვადევნებდა თვალს. მათ ერთ კვირაში ექნებათ შანსი, რომ სტადიონზე მოვიდნენ და იქ დაგვიჭირონ მხარი. გამარჯვებას და თასს მაყურებლის გარეშე აზრი არა აქვს და ყველას გელით „ავჭალაზე“ – თქვა კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ.