ვლადიმირ ვაისი: “ევრო 2020-ისკენ პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგით”

0
2

რომში გამართულ უეფას 43-ე კონგრესს, სადაც ორგანიზაციის პრეზიდენტად ალეკსანდერ ჩეფერინი მეორე ვადით აირჩიეს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისიც დაესწრო.

იტალიის დედაქალაქში სტუმრად მყოფმა სლოვაკმა სპეციალისტმა მედიასთან ახალ ტურნირზე – უეფას ერთა ლიგაზე ისაუბრა, რომელიც სწორედ ალეკსანდერ ჩეფერინის მმართველობის პერიოდში შეიქმნა:
“უეფას ერთა ლიგა ჩვენთვის დამატებითი შესაძლებლობა გახდა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე მოსახვედრად. ჩვენ ჯგუფის მოგებით ამისკენ პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგით. ძალიან კარგია, რომ ასეთი ტურნირი შეიქმნა”.

უეფამ ახალი ტურნირი ამხანაგური შეხვედრების ჩასანაცვლებლად შექმნა. ოთხ დივიზიონად დაყოფილი ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩები 2018 წელს გაიმართა, პლეი ოფები კი წელს და გაისად ჩატარდება.
საქართველოს ნაკრებმა D ლიგაში 5 შეხვედრა მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, რითაც ლიგის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა (სავარაუდოდ, ბელარუსთან). D ლიგის პლეი ოფში გამარჯვებული ნაკრები ევრო 2020-ის საგზურს მიიღებს.

მანამდე საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ჯერ საკვალიფიკაციო ეტაპზე იბრძოლებს, სადაც მეტოქეებად D ჯგუფში შვეიცარიის, დანიის, ირლანდიისა და გიბრალტარის ნაკრებები ეყოლება.