რევოლუცია რაგბიში – 6 ერი “გაიხსნება” და მსოფლიო ლიგა შეიქმნება

0
2
 

Wales Online სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს – ექვს ერსა და რაგბის ჩემპიონატში (4 ერი) გავარდნა/აღმასვლის სისტემას შემოიღებენ, ყველაფერი კი რადიკალურად შეიცვლება, რათა 2022 წლისთვის რაგბის მსოფლიო ლიგა შეიქმნას.

შემოთავაზებული Nations Championship-ის (ერთა ჩემპიონატი) იდეამ კრიტიკული, ლასმუსის ტესტი წარმატებით გაიარა ლოს ანჯელესში – პირველი დონის ქვეყნების შეფებისა და ექვსი ერის ბოსის, ბენჟამენ მორელის შეხვედრაზე, ისინი შეხვდნენ მსოფლიო რაგბის ორგანიზაციის ხელმძღვანელებს და, როგორც უელსური გამოცემა ამტკიცებს, ეს შეხვედრა “მეტად პოზიტიურად” წარიმართა.

იდეის ავტორებს მსოფლიო ლიგის ფინალის გამართვა ყოველ ნოემბერს ნეიტრალურ მოედანზე სურთ – სტადიონებიც ‘შერჩეული” აქვთ: ‘კამპ ნოუ’, ‘უემბლი’ და ‘ოლიმპიაშტადიონი’ ბერლინში.
მოლაპარაკების მთავარ თემად რჩება ამ ტურნირებში გავარდნა/აღმასვლის სისტემის დანერგვა, რასაც აქტიურად უჭერს მხარს მსოფლიო რაგბის ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი აუგუსტინ პიშოს.
რაგბის ჩემპიონატს, სავარაუდოდ, ფიჯი და იაპონია დაემატებიან, რომ ეს ტურნირიც 6-გუნდიანი გახდეს.

გაზეთ The Times-ის ცნობით, ორივე ტურნირში ნაკრებები ქულებისთვის იბრძოლებენ, რათა ორკვირიან ფინალურ პლეი ოფში ითამაშონ, რომელიც ევროპაში ნოემბერში გაიმართება.

რა თქმა უნდა, ჯერაც ძალიან ბევრი ნიუანსია გასარკვევი, თუმცა ეს დაახლოებით ასე წარმოუდგენიათ: იქნება 2 დივიზიონი – პირველში 12 ნაკრები (6 ერი, 4 ერი, ფიჯი და იაპონია), მეორეში რამდენი ნაკრები იქნება, ჯერ უცნობია. Wales Online-ის მტკიცებით, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგება 6 ერში გადასვლის წინაპირობა იქნება. ეს კი საქართველოსთვის, რუსეთისთვის, გერმანიისთვის და სხვებისთვის შანსი იქნება.

სამხრეთში კი მეორე დივიზიონის როლს წყნარი ოკეანის თასი შეასრულებს, რომელშიც კანადა, სამოა, ტონგა და აშშ იქნებიან. აქ მოხვედრის შანსი ამერიკის ჩემპიონსაც (ჩილე, ურუგვაი ან ბრაზილია) ექნება.

6 ერისა და რაგბის ჩემპიონატის გუნდები სეზონში ერთმანეთს თითოჯერ შეხვდებიან – ეს 11 ტესტს უდრის თითოეული მათგანისთვის.

ამ 11 მატჩიდან 5 იქნება შიდა პირველობის (ჩრდილოელებისთვის – 6 ერი, სამხრეთელებისთვის – რაგბის ჩემპიონატი) შეხვედრები, დანარჩენი 6-დან 3 შინ და 3 სტუმრად.

რაც შეეხება კალენდარს, გაზაფხულზე 6 ერი გაიმართება, ზაფხულის 3 ტესტი და შემოდგომის 3 კი დანარჩენი 6 მატჩის გასამართავად გამოიყენება. მაგალითისთვის უელსი – ითამაშებს 6 ერზე ხუთივე მეტოქესთან, შემდეგ ზაფხულში გაემგზავრება სამხრეთში, შემოდგომით კი უმასპინძლებს სამხრეთელებს.

ივნისის ტესტები გადაინაცვლებს ივლისში (ეს უკვე 2020 წლიდან მოხდება), 6 ერი ისევ თებერვალ-მარტში გაიმართება. ნოემბრის ტესტების პირველი სამი კვირის შემდეგ, მეოთხეში ნახევარფინალები გაიმართება, მეხუთეში კი ფინალი.