დუდა სანაძე – 65 ქულა სამ მატჩში

0
8

დუდა სანაძის საუკეთესო მატჩი პოლონეთში. საქართველოს ნაკრების მსროლელმა “რადომში” გადასვლის შემდეგ მესამე მატჩი გამართა და საუკეთესო შედეგი აჩვენა. პოლონური ლიგის მოწინავე სამეულში მყოფ “გდინიასთან” გასვლით მატჩში სანაძემ 24 ქულა ჩააგდო და თავის გუნდში საუკეთესოც იყო, თუმცა მხოლოდ მისი გარჯა გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. “გდინიამ” შეხვედრა 100:73 მოიგო.

სანაძე სასტარტო ხუთეულში გახლდათ და მოედანზე 31 წუთი გაატარა. დუდამ 11-დან 7 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 24 ქულასთან ერთად ქართველმა ლეგიონერმა 6 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა. დუდა 24 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა, თუმცა თანაგუნდელებმა სათანადოდ მხარი ვერ აუბეს და “რადომი” ქართველი ლეგიონერის შემატების შემდეგ ზედიზედ მესამედ დამარცხდა.

17 ტურის შემდეგ “რადომს” 5 გამარჯვება აქვს და 16-გუნდიან უმაღლეს ლიგაში მე-12 ადგილზეა. შემდეგ მატჩს სანაძის გუნდი 2 თებერვალს, შინ შჟეჩინის “კინგთან” გამართავს.

დუდა  სანაძეს პოლონეთის ლიგაში გამართულ სამ მატჩში 65 ქულა აქვს ჩაგდებული.