გოგა ბითაძე MVP – “ბუდუჩნოსტმა” ევროლიგაში “გრან კანარია” დაამარცხა

0
4

გოგა ბითაძის წყალობით პოდგორიცეს “ბუდუჩნოსტმა” ევროლიგაში მორიგი მატჩი მოიგო. მე-20 ტურში ჩერნოგორიულმა კლუბმა ესპანურ “გრან კანარიას” უმასპინძლა და 75:70 დაამარცხა, ხოლო 19 წლის ქართელი ცენტრი მატჩის საუკეთესო მოთამაშე – MVP გახდა.

საინტერესოა, რომ ევროლიგის საწყის 17 ტურში “ბუდუჩნოსტს” 3 მოგება ჰქონდა, ხოლო ბოლო 3 ტურში კიდევ 3 გამარჯვება მიითვალა და ამაში ქართველი ცენტრის წილი უდიდესია. გასულ მატჩში ბითაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე 28:36 წუთი გაატარა. მასზე მეტი პოდგორიცულ კლუბში მოედანზე ყოფნა მხოლოდ ნორის კოულს (30:51 წუთი) მოუხდა.

აღნიშნულ დროში ბითაძემ 16 ქულა, 7 მოხსნა, 3 დაფარება და 2 პასი მიითვალა. გოგამ 7-დან 5 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ბურთი მეტოქის ფარზე ორჯერ მოხსნა. ბურთი ერთხელ ჩაუჭრეს, ხოლო მის წინააღდეგ არავის დაუფარებია (საპასუხოდ 3 დაფარება მიითვალა). ქართველი ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესი 4-ჯერ დაირღვა. გოგას მარგი ქმედების კოეფიციენტმა 27 შეადგინა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა და შედეგად, მატჩის MVP-ის ტიტულიც ჩვენებურს ერგო.

„ბუდუჩნოსტს“ 20 ტურის შემდეგ 6 მოგება და 14 წაგება აქვს და 16-გუნდიანი ლიგის მე–14-15 ადგილებს სწორედ “გრან კანარიასთან” ერთად იყოფს. მონტენეგროელები ევროლიგაში მომდევნო შეხვედრას 1–ელ თებერვალს, მოსკოვში, ცსკა-სთან ჩაატარებენ.

გოგა ბითაძეს ნამატჩევს კომენტარი სთხოვეს:
„ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. შესანიშნავი სერია გვაქვს, „რეალისა“ და „ცედევიტას“ შემდეგ კიდევ ერთი დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ ევროლიგაში. ილუზია იქნება სიტყვების დახარჯვა იმისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიურად და რამდენად დაგვეხმარება ეს გამოცდილება ABA ლიგის (ადრიატიკის ლიგა) მოსაგებად, რომელიც ჩვენი მთავარი მიზანია.
პირველ ტაიმში სათანადო დონეზე ვერ ვითამაშეთ, მაგრამ შემდეგ ენერგიულად ვმოქმედებდით დაცვაშიც და შეტევაშიც, ყველამ ერთიანი სულისკვეთებით ვითამაშეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ“