გოგა ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი

0
4

გოგა ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი – ამჯერად ადრიატიკის ლიგაში. 19 წლის ქართველმა მეფარემ ხორვატულ “ცედევიტასთან” დაძაბულ და დრამატულ მატჩში 10 ქულა და ამდენივე მოხსნა მიითვალა, რითაც პოდგორიცეს “‘ბუდუჩნოსტს” გამარჯვებაში დიდად დაეხმარა.

მონტენეგრულმა გუნდმა გამარჯვება დიდი ოფლისღვრის შედეგად მოიპოვა. „ცედევიტა“ ახლოს იყო გამარჯვებასთან და საფინალო სირენამდე 2 წუთი ადრე იგებდა კიდეც, მაგრამ დარჩენილ დროში მასპინძლებმა დაცვაში კარგი თამაშით და ზუსტი შეტევებით თამაში შემოატრიალეს. მატჩის დასრულებამდე 3 წამით ადრე „ბუდუჩნოსტი“ 80:78 იგებდა, ხოლო ბურთი მეტოქეს ჰქონდა. ბოლო ტყორცნა ხორვატთა მხრიდან საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრმა, ჯეიკობ პულენმა ითავა, თუმცა მას ნორის კოულმა დაუფარა და მატჩიც დასრულდა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ბითაძემ მოედანზე 21:58 წუთი გაატარა და 10 ქულასა და 10 მოხსნასთან ერთად 2 პასი, თითო ჩაჭრა-დაფარება მიითვალა.

გოგამ 6-დან 2 ორქულიანი და 10-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ერთი სამქულიანი ააცილა. სამჯერ კი, ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა. ნიშანდობლივია, რომ გოგა მესამე პერიოდიდან მოყოლებული 4 ფოლით თამაშობდა, თუმცა შეხვედრა მეხუთე ჯარიმის გარეშე ჩაამთავრა. თავის მხრივ, მის წინააღმდეგ ხუთჯერ დაჯარიმდნენ. აქვე ვთქვათ ისიც, რომ გოგამ მატჩის გადამწყვეტ ფაზაში დაცვაში დიდი სამუშაო შეასრულა და „ცედევიტას“ ორი მნიშვნელოვანი შეტევა მისი კარგი თამაშის წყალობით ჩაიშალა.

შეხვედრის საუკეთესო მექულე ჯეიკობ პულენი გახდა. საქართველოს ნაკრების ყოფილმა ლეგიონერმა 27 წუთში 25 ქულა დააგროვა. პულენმა 8-დან 4 ორქულიანი, 4-დან 2 საჯარიმო და 7-დან 5 სამქულიანი ჩააგდო.

„ბუდუჩნოსტმა“ ამ გამარჯვების შემდეგ 11 მოგებითა და 5 წაგებით მესამე ადგილზე გადაინაცვლა, გაასწრო რა, ბელგრადის „პარტიზანს“. ადრიატიკის ლიგაზე პოდგორიცელები მომდევნო მატჩს 29 იანვარს, სტუმრად „ოლიმპიასთან“ ჩაატარებენ, მანამდე კი ევროლიგაში „გრან კანარიასთან“ მოუწევთ დაპირისპირება.