ბითაძის ორმაგი დუბლით “ბუდუჩნოსტმა” ევროლიგის მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა

0
2

გოგა ბითაძის უდიდესი მიღწევა საკალათბურთო კარიერაში. 19 წლის ქართველმა მონტენეგროული “ბუდუჩნოსტის” შემადგენლობაში ევროლიგის მატჩში მადრიდის “რეალი” დაამარცხა. თუკი ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ ბალკანურ გუნდს ევროპის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი დაამარცხებინაო, ეს უპირველესად გოგა ბითაძეა. მატჩის დასკვნით ათწუთეულში, 5-წუთიან მონაკვეთში, ქართველმა ცენტრმა მიჯრით 8 ქულა ჩააგდო, რის შემდეგაც შეხვედრის დასრულებამდე 2:47 წუთით ადრე “ბუდუჩნოსტი” 69:56 დაწინაურდა და მატჩის ბედიც გაირკვა. პოდგორიცელებმა საბოლოოდ 73:60 გაიმარჯვეს და ევროლიგის მოქმედი ჩემპიონი და ახლაც ტიტულისთვის მებრძოლი გუნდი სასტიკად შეარცხვინეს.

ამასთან, ქართველმა ცენტრმა ევროლიგის პირველი ორმაგი დუბლი გაიფორმა. ბითაძემ 27:33 წუთი ითამაშა და მის ანგარიშზე მთლიანობაში 13 ქულა, 10 მოხსნა, 3 დაფარება და 1 ჩაჭრა დაგროვდა. გოგამ 6-დან 3 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო და 5-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. მას თავიდან შედეგიანად არ წაუვიდა თამაში, თუმცა მადრიდული გუნდის წევრთა ყურადღებას იმდენად იზიდავდა, რომ მის თანაგუნდელებს მეტი სამოქმედო არეალი ექმნებოდათ და თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში “ბუდუჩნოსტი” ლიდერი იყო.

თავში ნახსენები ეპიზოდი, როცა ბოლო პერიოდში, 5 წუთის მანძილზე ბუდუჩნოსტელთაგან ბურთი ქართველის გარდა არავის ჩაუგდია და ბითაძის ზედიზედ მოგროვებული 8 ქულის შემდეგ მონტენეგროული კლუბი 13 ქულით დაწინაურდა, ნათლად მიუთითებს სამეფო კლუბის დამარცხებაში ბითაძის უდიდეს წვლილზე.

ბითაძესთან ერთად “ბუდუჩნოსტში” 12-12 ქულა-მოხსნით კოტი კლარკი გამოირჩა, ნორის კოულმა 14 ქულა მიითვალა, ხოლო ედვინ ჯეკსონის და ერლ კლარკის ანგარიშზე 10-10 ქულა დაგროვდა. “რეალში” 10 ქულით ბომბარდირი გახდა სერხიო ლული, ტრეი ტომპკინსმა 9, ხოლო რუდი ფერნანდესმა 8 ქულა მოაგროვეს.

5 მოგებითა და 14 მარცხით “ბუდუჩნოსტი” ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა. შემდეგ ტურში, 25 იანვარს პოდგორიცელები ესპანურ “გრან კანარიას” უმასპინძლებენ.